წმიდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი თხუთმეტი წლისა იყო, როცა საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა. ამ დროს ქართლი, ერთი მხრივ, სპარსეთის აგრესიას განიცდიდა, მეორე მხრივ კი ოსთა შემოსევებისაგან იყო გამწარებული. ოსებმა ერთ-ერთი შემოსევის დროს ტყვედ ჩაიგდეს ვახტანგის მცირეწლოვანი და, მირანდუხტი. არც დასავლეთ საქართველოს ადგა უკეთესი დღე - ბერძნებმა ეგრისიდან ციხეგოჯამდე დაიპყრეს აფხაზეთი.
ვახტანგმა სამეფო ტახტზე ასვლისთანავე შეკრიბა ქვეშევრდომები და თხუთმეტი წლის გვირგვინოსანმა, "ვითარცა მოხუცებულმან და ბრძენმან და ვითარცა აღზრდილმან ფილოსოფოსთა თანა", ბრძანა, რომ ქვეყანაზე მოწეული განსაცდელი ღვთის წყრომა იყო მეფისა და ერის ცოდვებისათვის. მეფე ვახტანგმა "სასოებითა და მინდობითა ღმრთისათა, სამებისა ერთარსებისა დაუსაბამოთა და წარმძღვანებითა ჯუარისა მის პატიოსნითა" დაამარცხა ოსთა ჯარი, გაათავისუფლა ტყვეები და ბერძენთაგან დაპყრობილი აფხაზეთის გათავისუფლებაც განიზრახა.
სამი წლის ბრძოლის შემდეგ ვახტანგმა აფხაზეთის ყველა ციხე-სიმაგრიდან განდევნა ბერძნები. გასაოცარი იყო ვახტანგ მეფის სარწმუნოება,სიბრძნე და ფიზიკური სიძლიერე: "უმაღლესს კაცთა მის ჟამისათა" (იგი სიმაღლით თორმეტი ბრჭალი - 2მ. და 40 სმ. იყო) და "უმშვენიერესს სახითა" შეეძლო დაუღალავად ჩეხა მტერთა ურიცხვი ლაშქრისა და "მრავლითა ლოცვითა და ღამისთევითა და გლახაკთა მიცემითა" მშვიდი ღვთისმსახურება. შეეძლო მხრებზე შეჭურვილცხენშესმულს მცხეთიდან არმაზციხემდე შეუსვენებლად ასვლა, "არა დათმენა კიცხევათა" და პირადი შეურაცხყოფის მოთმენით ატანა. შეეძლო გაქცეული ირმის ხელით შეპყრობაცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ უდიდესი სიდინჯის გამოჩენაც. ვახტანგის საომარ მუზარადზე წინ მგელი იყო გამოსახული, უკან კი - ლომი. სპარსელებთან ომის დროს მუზარადზე მგელ-ლომ გამოსახული მეფის გამოჩენა შიშის ზარს სცემდა ყველას, სპარსელები ხმამაღლა გასძახოდნენ ერთმანეთს: "დურ აზ გორგასარ" (მოერიდეთ მგლისთავს). ასე ეწოდა ვახტანგს ზედსახელი "გორგასალი".
ვახტანგ მეფის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საფუძვლის ჩაყრა, მან განდევნა საქართველოდან ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმები. ვახტანგ მეფემ კონსტანტინოპოლის პატრიარქს გაუგზავნა განსასჯელად მიქაელ ეპისკოპოსი, რომელმაც, განრისხებულმა, ფეხით კბილები ჩაუმტვრია მასთან კურთხევისათვის მისულ მეფეს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა პატივი აჰყარა მრისხანე მღვდელთმთავარს და მონასტერში გაამწესა გონზე მოსასვლელად და მოსანანიებლად. შემდგომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და იმპერატორმა ანტიოქიის პატრიარქთან გაგზავნეს ვახტანგ მეფის მიერ გაგზავნილი წმიდა პეტრე (ხს. 30 თებერვალი), სამოელი (ხს. 30 ნოემბერი) და სხვა სამღვდელონი კურთხევის მისაღებად, ანტიოქიის პატრიარქმა აკურთხა თორმეტი ეპისკოპოსი, ხოლო წმიდა პეტრე კათოლიკოსად დაადგინა.
ვახტანგმა აღასრულა წმიდა მირიან მეფის სურვილი და იერუსალიმში ააშენა ქართველთა ჯვრის მონასტერი.
ვახტანგ მეფემ მცხეთაში წმიდა ნინოს დროინდელი ხის ეკლესიის ნაცვლად ქვის ტაძარი ააგო, მის დროს დაარსდა საეპისკოპოსო კათედრები: ახიზა - კლარჯეთში, არტაანი - ერუშეთში, წუნდა - ჯავახეთში, მანგლისი, ბოლნისი, რუსთავი, ნინოწმიდა, ჭერემი, ჩელეთი, ხორნაბუჯი, აგარაკი. მეფემ ნიქოზის ეკლესია ააშენა და იქაც დასვა ეპისკოპოსი. აქ გადაასვენა წმიდა რაჟდენ პირველმოწამის ნაწილები და ყოველნაირად ეხმარებოდა ახალშექმნილ კათედრას.
ვახტანგ მეფის დროს აშენდა თუხარისის, არტანუჯის და ახიზის ციხეები, დაარსდა არტანუჯის, მერეს, შინდობის, ახიზის მონასტრები. აშენდა და დაარსდა სხვა უამრავი ციხე-კოშკი და ეკლესია-მონასტერი. ვახტანგმა ააგო თავის ახალ სამეფო სამყოფელად უჯარმა.
წმიდა მეფემ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს დღევანდელ დედაქალაქ თბილისს. მისი პოლიტიკური ორიენტაცია იყო მართლმადიდებელ საბერძნეთთან თანასწორუფლებიანი კავშირი, ქვეყნისა და ეკლესიის დამოუკიდებლობა და ერთიანობა.
სამოც წელს მიტანებულ მეფე ვახტანგს 502 წელს ამქვეყნად უკანასკნელად მოუხდა თავისი ქვეყნის დაცვა. სპარსელებთან ბრძოლაში ის სასიკვდილოდ დაიჭრა იღლიის ქვეშ. ისარს ფილტვებამდე მიეღწია და მეფე იძულებული შეიქმნა, ბრძოლის ველი დაეტოვებინა. სიკვდილის წინ წმიდა ვახტანგ გორგასალმა თავისთან იხმო კათალიკოსი, მეუღლე, შვილები, ყველა წარჩინებული და უთხრა: "მე ესერა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა, აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა დგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ".
მთელი საქართველო გლოვობდა ქრისტესთვის აღსრულებულ მეფეს, უჯარმიდან მცხეთაში გადაასვენეს ქრისტესგან გვირგვინოსანი, მის მიერ აგებულ სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს დიდი პატივით და გულზე თავისი ზომის ლოდი დაადეს. ამის შემდეგ არასოდეს შეუწყვეტია საქართველოს ლოცვითი კავშირი წმიდა მეფესთან და ყოველთვის გრძნობს მის მეოხებას.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მე-2-ის ლოცვა-კურთხევით სიონის საპატრიარქო ტაძარს მიუშენდა წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკვდერი, ქალაქ რუსთავში კი აიგო მისი სახელობის საკათედრო ტაძარი.