წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშველი) დაიბადა გურიის სოფელ ლიხაურში. 1863 (ან 1862) წლის 5 ივნისს. მამამისი აზნაური სიმონ თაყაიშველი კორდონის ოფიცერი იყო, დედა - გიტული (გიტო) ნაკაშიძე კი მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება. წმიდანს მშობლები ადრე გარდაიცვალა.
ექვთიმეს ადრევე გამოუკლენია სწავლისადმი დიდი მისწრაფება. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა. გიმნაზია ექვთიმემ 1883 წელს დაასრულა
ვერცხლის მედლით.
1883 წელს ექვთიმე პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოსოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, 1887 წელს დაასრულა სწავლა და კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში.
1895 წელს ექვთიმე ცოლად შეირთო თბილისელი იურისტის, ივანე პოლტორაცკის ასული ნინო.
ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურ მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. ღვთისა და ერის სიყვარული წარმართავდა მის ყოველ მოქმედებას. თავისი მეცნიერული მუშაობის უმთავრეს მიზნად ექვთიმეს მიაჩნდა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის. მეცნიერების რა დარგში არ უმუშავია წმიდანს: ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეპიგრაფიკა, ნუმაზმატიკა, ფილოლოგია, ფოლკლორისტიკა, ლინგვისტიკა, ხელოვნების ისტორია... და ყველგან ჩვენი ერის ისტორიის ანარეკლს, ჩვენს ნაკვალებს ეძებდა.
1889 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა "საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი”, რომელშიც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.
1907 წელს ექვთიმემ დააარსა "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება”. ამ საზოგადოების მიერ მოწყობილი ექსპედიციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მოგზაურობა "სამუსულმანო საქართველოში’’. აქ სამშობლოდან ჩასული მეცნიერი მეცნიერი თანამემამულეებს უღვიძებდა და უმტკიცებდა ეროვნულ გრძნობებს. ზოგ სოფელში მცხოვრებ მაჰმადიან ქართველებს ქართული ენა დავიწყებოდა, მაგრამ შეგნება, რომ ისინი წინათ ქართველები იყვნენ, თითქმის ყველას ჰქონდა.
"საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ” შეგროვება-შესყიდვით რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვანი მასალას მოუყარა თავი. მათ შორის იყო სხვადასხვა "საარქეოლოგიო და საეთნოგრაფიო ნივთები’’, "ნაქსობნავერები” ხელნაწერები... ცალკე კოლექციას შეადგენდა ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკები (ფაქსიმიდე)-73 ძველი ფრესკის პირი.
წმ. ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებშიც ვხედავთ. ექვთიმე თაყაიშვილს მნიშვნელოვანი როლი შეუსრულებია თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში 1918 წელს.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გამო საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ გაიტანა საბანკო ვალუტა, ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა დქ ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლითურთ. "ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან,”- წერს წმიდანი. საფრთხე კი ბევრი იყო: ბრიტანეთის და ნიუ-იორკის მუზეუმებს ექსპონატების შესყიდვა სურდათ, გრაფ ოხოლენსკის ქვრივს, სალომე დადიანს სასამართლოში აღუძრავს საქმე - საქართველოს ეროვნული განძის საგრძნობი ნაწილის ერთადერთ კანონიერ მეკვიდრედ ასაღებდა თავს, მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებსაც გაუჩხრეკიათ ექვთიმეს ბინა, ბოლოს კი თავად საფრანგეთის მთავრობას განუცხადებია განძზე პრეტენზია. 1935 წელს ყოფილმა მთავრობამ უარი განაცხადა განძეულის მეურვეობაზე და მისი დაცვა წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს დააკისრა.
წმინდა ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდა: 1931 წელს გარდაიცვალა მეუღლენინო. მარტო დარჩენილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისგან ბევრძერ დაღუპვის პირამდეც მისულა, მაგრამ ღვთისგან და ერისგან დაკისრებული მოვალეობისთვის არ უღალატია. ბოლოს, 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების შედეგად ხელსაყრელი პირობები შეიქმნა განძის საქართველოში და საბჭოთა კავშირის მთავრობის მოლაპარაკების შედეგად იგი ამეროკულ თვითმფრინავზე დაიტვირთა და მცველების თანხლებით გადმოგზავნა საქართველოში.
თბილისის აეროდრომზე თვითმფრინავი 11 აპრილს დაეშვა. ექვთიმემ, ქართულ მიწაზე ფეხი რომ ჩამოდგა, ზევით აიხედა, ზეცას შეხედა, მერე დაიღუნა, მარჯვენა ხელით აიღო მიწა და ეამბორა მას.
სამშობლოში პატივით მიიღეს ერისთვის დამაშვრალი მოღვაწე, აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად, დანახლდა უცხოეთში განაწამები მისი გული. მოხუცმა მოიკრიბა უკანასკნელი ძალები და კვლავ ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის წინააღმდეგ აღბორგდა ბოროტი, რომელიც მაჯლაჯუნასავით აწვა მთელ ქვეყანას: 1951 წლის დეკემბერში დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდა პოლტორაცკაია, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა ბინაში, შემდეგ მომვლელმა ქალმაც შეწყვიტა სიარული, 1952 წლის დასაწყისში უნივერსიტეტიდან გაუგზავნეს უწყება, რომ თავისუფლდებოდა საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან "საკმარისი პედაგოგიური დატვირთვის უქონლობის გამო”. მალე გაირკვა, რომ ხმები დაეყარათ თითქოს ექვთიმეს შინაპატიმრობა ჰქონდა და ბევრი მეცნიერი ამის გამო მასთან მისვლას ვერ ბედავდა. თანამშრომელსაც აუკრძალეს მასთან სიარული.
1953 წლის 21 თებერვალს წმ. ექვთიმე თაყაიშვილმა სული უფალს შეჰვედრა. გარდაცვალების მიზეზი იყო გულის დამბლა.
24 თებერვალს მცირერიცხოვანმა პროცესიამ მიაცილა წმიდანის კუბო ვაკის სასაფლაომდე. ათი წლის შემდეგ, 1963 წლის 10 თებერვალს წმ. ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით მისი ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს ისე, რომ კუბოც არ აღმოჩნდა გამოსაცვლელი. ექვთიმეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც დაცული ყოფილა. 1987 წლის 22 თებერვალს ლევილიდან თბილისში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით დაფლეს ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილის ნეშტიც.
2002 წლის 17 ოქტომბერს წმინდა სინოდის განჩინებით მოხდა წმინდა ექვთიმეს კანონიზაცია და ეწოდა მას ექვთიმე ღვთისკაცი.