წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარობელი იოანე ღვთისმეტყველი, გალილეველი მეთევზის, ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, სასოებით ელოდა მესიის გამოცხადებას. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და თავდადებული მსახურებისა და მაღალი სულიერებისათვის "ძე ქუხილისა" უწოდა. მაცხოვართან დაახლოების შემდეგ იოანეს ზნეობრივი სამყარო უფრო მეტად ამაღლდა და სული იესო ქრისტეს თავდადებული, უზენაესი სიყვარულით აევსო.
სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ იოანე პეტრესთან ერთად ქადაგებდა სახარებას იერუსალიმში, თავის სახლში, რომელიც მდებარეობდა სიონის მაღლობზე, ზრუნავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე, რომელიც მას ჩააბარა ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ. პეტრესთან ერთად მოღვაწეობდა იგი სამარიაშიც, შემდეგ დაბრუნდა იერუსალიმში, იერუსალიმიდან გადავიდა მცირე აზიაში და მოციქულებრივი საქმიანობის ცენტრად აირჩია ქალაქი ეფესო. იოანე ცდილობდა ქრისტიანობის განმტკიცებას იმ ადგილებში, სადაც მას უკვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული, რათა მტკიცე ნიადაგზე დაფუძნებული ქრისტიანობა შემდეგ სხვაგანაც გავრცელებულიყო. დომიციანეს (81-96) მეფობის დროს იოანე ხმელთაშუა ზღვის კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, რომელიც მან გაანათლა.
უფალმა პატმოსის კუნძულზე წმიდა მოციქულ იოანეს მოუვლინა მთელი რიგი საიდუმლო გამოცხადებანი, რომლებშიც წარმოდგენილი იყო კრავის ბრძოლა გველთან და პირველის გამარჯვება. უფალმა უბრძანა მას, დაეწერა წიგნი ამ ჩვენებებზე და გაეგზავნა ის ასიის შვიდი ეკლესიისათვის ქრისტიანთა სანუგეშოდ და სახელმძღვანელოდ. აპოკალიფსი - გამოცხადება, ეკლესიისა და სამყაროს მომავალსა და დასასრულს გვიცხადებს.
რომის ტახტზე იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ასვლის შემდეგ წმიდა იოანემ თავისუფლება მიიღო და დაბრუნდა ეფესოში. მორწმუნეთა თხოვნით მან ჩაწერა ყველაფერი, რასაც სიტყვიერად ქადაგებდა და, ამრიგად, სამი უკვე ცნობილი სახარება მეოთხე სახარებით შეავსო. მოციქულის სწავლებით, სადაც არ არის სრული ერთგულება, იქ არაფერი არ არსებობს. წმიდა იოანე წერს, რომ მორწმუნემ უფალს მთლიანად უნდა უძღვნას თავი, მისი ერთგული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, იგი ცოდვას განიხილავს არა როგორც სისუსტეს, ან ადამიანური ბუნების არასრულყოფილებას, არამედ როგორც ბოროტებას, სიკეთის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებას. წმიდა მოციქულის თვალსაზრისით, ადამიანი ან ქრისტეს ეკუთვნის, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს, ამიტომ ღმერთს ემსახურებოდა სრული სიყვარულით და სიმტკიცით.
მოციქულთაგან იოანემ ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა. ერთი ცნობით, იგი მშვიდად მიიცვალა ეფესოში დაახლოებით 110 წლის 26 სექტემბერს. არსებობს ასეთი გადმოცემაც: როდესაც იოანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თვითონ გაათხრევინა საფლავი, ჩაწვა შიგ, ვითარცა სარეცელში და მიწის დაყრა ითხოვა. მოწაფეებმა ურჩობა ვერ გაბედეს და თხოვნა შეუსრულეს. როცა ეს ეფესელებმა შეიტყვეს, მივიდნენ წმიდა იოანეს სამარხთან, გათხარეს იგი, მაგრამ შიგ ვერაფერი იპოვეს.
ყოველწლიურად, 8 მაისს იოანე მახარებლის საფლავიდან ამოდიოდა თხელი მტვერი, რომლითაც მორწმუნეები სასწაულებრივ იკურნებოდნენ. 8 მაისს წმიდა მოციქულის ხსენება სწორედ ამ სასწაულის მოსაგონებლადაა დაწესებული.