| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე ზაქე
#წმინდათა ცხოვრება მოწამე ზაქე, გადარინელი დიაკონი და ალფესი – კესარიელი მედავითნე ნათესავები იყვნენ. ისინი იმპერატორ დიოკლიტიანეს (284-305 წწ.) ზეობისას ეწამნენ. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, უამრავ სხვა მართლმორწმუნესთან ერთად წმიდა ზაქეც შეიპყრეს. მან დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება, რისთვისაც საშინლად აწამეს, მაგრამ ქრისტეს უარყოფაზე ვერ დაითანხმეს. იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მაცხოვრის მოსავები ისე სასტიკად იდევნებოდნენ, რომ წამების შიშით ზოგი ქრისტიანი კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე თანხმდებოდა. საღვთო შურით ანთებული კესარიის ეკლესიის მედავითნე, ალფესი შეერია წარმართული სამსხვერპლოსკენ მიმავალ ქრისტეს უარმყოფელებს და მოუწოდა, სული არ წაებილწათ. მაშინ უფლის რჩეული შეიპყრეს და ტანჯვა-წამების შემდეგ ზაქესთან ერთად ბორკილი დაადეს. წმიდანები საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც ისინი მხურვალედ ლოცულობდნენ და მოსალოდნელი აღსასრულის წინ ერთმანეთს განამტკიცებდნენ. დილით უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს 303 წელს. |