მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე აზა და მასთან ას ორმოცდაათი მხედარი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე აზა და მასთან ას ორმოცდაათი მხედარი ისავრიაში (მცირე აზია) ეწამნენ იმპერატორ დიოკლიტიანეს (284-305 წწ.) ზეობისას.

აზა მეომარი იყო, მაგრამ შემდეგ დატოვა სამხედრო სამსახური და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. წმიდა ცხოვრებისათვის უფალმა მას სასწაულთქმედებისა და კურნების ნიჭი მიმადლა.

როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ეპარქ აკვილინეს ბრძანებით აზაც დაატუსაღეს. წმიდანმა მის შესაპყრობად გაგზავნილი ას ორმოცდაათი მხედარი გზად ქრისტიანობაზე მოაქცია და მისი ლოცვით სასწაულებრივად აღმოცენებულ წყაროში მონათლა.

ახალნათელღებულ მეომრებს სურდათ, გაეთავისუფლებინათ წმიდა აზა, მაგრამ უფლის რჩეულმა აიძულა ისინი, აღესრულებინათ მცნება ხორციელი ხელისუფლების მორჩილების შესახებ და ეპარქთან მიეყვანათ.

სამსჯავროზე მხედრებმა ნეტარ აზასთან ერთად მტკიცედ აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება, რისთვისაც ყველას თავები მოჰკვეთეს.

აკვილინემ მათთან ერთად სიკვდილით დასაჯა საკუთარი ცოლიც და ასულიც, რომლებიც ესწრებოდნენ აზას წამებას და იხილეს რა მისი შეურყევლობა, ქრისტიანობაზე მოექცნენ.