მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ნეტარი ალიპი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ალიპი მესვეტე პაფლაგონიის ქალაქ ადრიანოპოლოში დაიბადა. წმიდანს მამა ადრე გარდაეცვალა. დედამ მთელი ქონება გლახაკებს დაუნაწილა, შვილი ეპისკოპოს თეოდორეს მისცა აღსაზრდელად, თავად კი ტაძარში დაიწყო მსახურება და დიაკვნად კურთხევის ღირსი შეიქნა.

წმიდა ალიპი სიყმაწვილიდანვე განმარტოებულ ცხოვრებას ესწრაფოდა, მაგრამ ეპისკოპოსი თეოდორე არ იშორებდა. ერთხელ, როცა წმიდანი ეპისკოპოსს ახლდა კონსტანტინოპოლში, მას საღვთო ხილვით გამოეცხადა მოწამე ეფემია, რომელმაც ადრიაპოლოში დაბრუნება და მისი სახელობის ტაძრის აგება უბრძანა.

ნეტარი დამორჩილდა ზეციურ კურთხევას და ადრიანოპოლელი ქრისტიანების შემოწირულობებით მიტოვებული წარმართული სასაფლაოს ადგილას წმიდა ეფემიას სახელობის ტაძარი ააშენა. ტაძრის გასწვრივ, ღია ცის ქვეშ, წარმართული საფლავის ქვაზე უფლის რჩეულმა სვეტი მოაწყო. ღირსი ალიპი 53 წელი მოღვაწეობდა სვეტზე.

სიკვდილამდე 14 წლით ადრე წმიდა ალიპს ფეხები ისე დაუავადდა, რომ დგომა ვეღარ შეძლო. უფლის რჩეული მოთმინებით და მადლობით იტანდა უმძიმეს სატანჯველებს. ღირსი მამის სვეტის სიახლოვეს თანდათან ორი - მამათა და დედათა მონასტერი დააარსდა.

ნეტარი ალიპი 640 წელს გარდაიცვალა, 118 წლის ასაკში. წმიდანის ნეშტი, წმიდა მოწამე ეფემიას ტაძარში დაკრძალეს. ღირსი მამის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.