მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე მიროპია
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე მიროპია დაიბადა ქალაქ ეფესოში. მას მამა ადრე გარდაეცვალა და დედამ ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა.

წმიდა მიროპია ხშირად ნახულობდა მოციქულ ფილიპეს ასულს, წმიდა მოწამე ერმიონიას (ხსენება 4 სექტემბერს) საძვალეს, მისი ნაწილებიდან გადმომდინარე მირონი მოჰქონდა და სნეულებს კურნავდა.

როცა დეკიუსმა (249-251 წწ.) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდანმა დედასთან ერთად კუნძულ ქიოსს მიაშურა სამოღვაწეოდ.

კუნძულის მმართველის ბრძანებით კეთილმსახურ მხედარ ისიდორეს (ხსენება 14 მაისს) წამებით ამოჰხადეს სული. წმიდა მიროპიამ წმიდანის ნეშტი ფარულად  წაასვენა და მიწას მიაბარა. შემდეგ მმართველთან გამოცხადდა და საჯაროდ აღიარა ქრისტე.

ნეტარი სასტიკად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას საკანი გაბრწყინდა. წმიდა მოწამე ისიდორე ანგელოზების თანხლებით წარდგა ქალწულმოწამის წინაშე. საპყრობილე კეთილსურნელებით აივსო და ნეტარმა მიროპიამ სიხარულით შეჰვედრა სული უფალს.

ამ სასწაულის მოწმე წარმართმა ციხის მცველმა მღვდელს მოუთხრო ყველაფერი, ნათელ-იღო და ისიც მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესათვის.