მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მთავარანგელოზ გაბრიელის კრება.
#წმინდათა ცხოვრება

მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისა განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მომდევნო დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს - მთავარანგელოზ გაბრიელს.

მთავარანგელოზმა გაბრიელმა ძველი აღთქმის კაცობრიობას ძე ღვთისას განხორციელების შესახებ აუწყა, მოსე წინასწარმეტყველს შესაქმის დაწერა შთააგონა, დანიელ წინასწარმეტყველს განუცხადა ებრაელი ერის მომავალი (დან. 8,16; 9, 21-24); ეცხადებოდა მართალ ანას და ახარებდა ყოვლადწმიდა ქალწულის შობას; მოუშორებლად ახლდა ქალწულ მარიამს იერუსალიმის ტაძარში. მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა მღვდელმთავარ ზაქარიას და უწინასწარმეტყველა უფლის წინამორბედის - იოანე ნათლისმცემლის შობა. უფალმა გაბრიელი გაუგზავნა იოსებს და აუწყა ყოვლადწმიდა მარიამისაგან ძე ღვთისას განხორციელების შესახებ, გააფრთხილა იგი ჰეროდეს მზაკვრობაზე და უბრძანა ეგვიპტეში გაქცეულიყო ყრმა მაცხოვართან და ღვთისმშობელთან ერთად. როდესაც მაცხოვარი გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა, ეკლესიის სწავლებით, მამა ღმერთმა მთავარანგელოზი გაბრიელი გამოგზავნა მის განსამტკიცებლად.

მთავარანგელოზი გაბრიელისგან გაიგეს მენელსაცხებლე დედებმა უფლის ბრწყინვალე აღდგომა.

მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს თავის შვილებს, სარწმუნოებით ილოცონ წმიდა მთავარანგელოზ გაბრიელისადმი, ითხოვონ მისგან მეოხება და უხილავ მტერთაგან დაცვა.