მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ალექსანდრე
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსი წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელის (დაახლოებით 217 წ.) მოწაფე იყო.

III საუკუნის დასაწყისში იგი კაბადოკიის ფლაბიის ეპისკოპოსად აირჩიეს. სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წწ.) ზეობისას მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც სამი წელი დაჰყო.

გათავისუფლების შემდეგ უფლის რჩეული იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად, სადაც 212 წელს პატრიარქ ნარკისის თანამოსაყდრედ აირჩიეს. ეს ძველი ეკლესიის პრაქტიკაში მეტად იშვიათი შემთხვევა იყო.

ჯერ პატრიარქის თანამოსაგრე, შემდეგ კი პატრიარქად ხელდასხმული წმიდა ალექსანდრე 38 წელი მართავდა ეკლესიას და ფრიად დაშვრა სამწყსოს ქრისტიანული განათლებისათვის. უფლის რჩეულმა იერუსალიმში ქრისტიანი მწერლების თხზულებათა მდიდარი ბიბლიოთეკა შექმნა.

იგი იმპერატორ დეკიუსის (249-251 წწ.) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს გარდაიცვალა საპყრობილეში.