მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა ანტონი დიდი
ღირსი და ღმერთშემოსილი მამა ანტონი დიდი (356) წმიდა ანტონი დიდი ეგვიპტის სოფელ კომაში მცხოვრები დიდგვაროვანი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა 251 წელს. მშობლების გარდაცველების შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, უმცროსი და „შეჰვედრა მეცნიერთა მისთა მორწმუნეთა ქალწულთა და მისცა იგი“ სიქალწულესა განზრდად“. თვითონ კი თავისი სოფლის მახლობლად, ერთ ქოხში დაეყუდა და მოსაგრე ცხოვრება დაიწყო. ანტონი საკუთარი შრომის ნაყოფით ირჩენდა თავს და მოწყალებასაც გასცემდა. ცდილობდა გულმოდგინედ აღესრულებინა უფლის მცნებები, „რამეთუ ისმენნ იგი წიგნითა, სადა ყოველი წერილი არა დავარდებოდა მისგან, არამედ დაისწავებდა ზეპირით“. დროდადრო ანტონი სხვა ბერებთანაც მიდიოდა სულიერი გამოცდილების მისაღებად. იგი სიხარულს ჰგვრიდა ყველას, არავის აწუხებდა. სოფლელებს და მეგობრებს უყვარდათ ღვთისმოყვარე მამა, „რომელნიმე ვითარცა შვილსა, რომელნიმე ვითარცა ძმასა მოიკითხავდა“. კეთილისმოძულნე და მოშურნე ეშმაკმა „ვერ თავს-იდვა, ხედვიდა რა ჭაბუკისა მის თანა ესოდენსა გულისმოდგინებასა“ და ფიცხელი ბრძოლა დაუწყო მას-საშინელ განსაცდელებს ატეხდა თავს. ანტონის სმენოდა წიგნთაგან,“ვითარმედ მრავალ არიან მანქანებანი მტერისანი“ და ცდილობდა ხორცი დაემონებინა-„ნუუკუე სხვათ ვსძლე და სხვათ მაცდუნოს“. წმიდანმა გაამკაცრა ღვაწლი: საზრდელს დღეში ერთხელ, ზოგჯერ კი ორ-სამ დღეში ერთხელ ღებულობდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა, ძალიან ცოტა ეძინა. „ხოლო სარეცლად მისი იყო ჭილი, და უფროისღა ქუეყანასა ზედა წევნ“. მარად იხსენებდა მოციქულის სიტყვებს:“რაჟამს უძლურ ვიქმნ, მაშინ გავძლიერდი.“ ამის შემდეგ წმიდანი სოფლისგან მოშორებით, აკლდამაში დამკვიდრდა. აქ ეშმაკები შეეცადნენ, მოეკლათ ღვთის რცეული, თავს დაესხნენ და სასტიკად გვემეს იგი, „ვითარცა ვერ შესაძლებელ არს იგი კაცთაგან ეგოდენი ტანჯვა და გუემა ყოფად“. ღმერთმა არ დაუშვა ანტონის სიკვდილი:მეორე დღეს საზრდელად მისულმა ჭაბუკმა იპოვა ცოცხალმკვდარი მოსაგრე და სოფელში ჩაიყვანა. სოფლელებს წმიდანი მკვდარი ეგონათ და მის დასამარხად იწყეს მზადება, მაგრამ შუაღამისას ანტონი გონს მოვიდა და შეევედრა მეგობარს, „აღკიდებად და მიღებად სამარედვე და არავის განღვიძებად“- მისი სიმტკიცე აღემატებოდა მტრის ძლიერებას. დემონები მაინც არ ცხრებოდნენ და ცდილობდნენ არჩეული ადგილიდან გაეძევებინათ ბერი. უეცრად ზეცით გარდამომავალი ბრწინვალე ნათელი გამოჩნდა. ანტონი წყლულებისგან განიკურნა, წამოდგა და ნეტარებით ჰხადა უფალს:“ სად იყავ, რად არა პირველივე გამომიჩენ, რაითაცა სალმობანი ჩემნი დააცხვრენ“? პასუხად გაისმა:“აქა ვიყავ ანტონი, არამედ მოველოდე ხილვად შენსა სიმხნესა, ხოლო აწ, რამეთუ დაუთმე და არა იძლიე, გექმნე შენ მარადის შემწე, და იყო შენ სახელოვან ყოველსა ქუეყანასა“. ამ დროს წმიდა მამა 35 წლის იყო. მან უკვე დემონებთან ბრძოლაში საკმაოდ გამოცდილმა, გადაწყვიტა თებაიდის უდაბნოს სიღრმეში შესულიყო და იქ განეგრძო მოღვაწეობა მარტოდმარტო, სრულ მდუმარებაში. ეშმაკი ცდილობდა შეეჩერებინა მანამდე არნახულ ღვაწლს შემდგარი ბერი, ძვირფასეულობა და ოქრო დაუყარა წინ, ანტონიმ კი გულგრილად ჩაუარა მათ და გზა განაგრძო. ერთი მთის მახლობლად ანტონიმ მიტოვებული საკერპო შენიშნა, იქ დასახლდა და შემოსასვლელი ქვებით ამოქოლა. მოწაფეს მასთან წელიწადში ორჯერ მიჰქონდა საზრდელი, წყალს კი გალავანს შიგნით მდებარე ჭიდან იღებდა. სრულ მდუმარებაში გაატარა წმიდა ანტონიმ ოცი წელი. ამის შემდეგ, უფლის ნებით მისი სამყოფელი გაცხადდა და სულიერი მოღვაწეობის მრავალმა მსურველმა მიაშურა უდაბნოს. ღირსი მამა სიყვარულით მოძღვრავდა სულიერ შვილებს. 311 წელა ეკლესიას განსაცდელი ჟამი დაუდგა: იმპერატორმა მაქსიმიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო. მოწამეობრივი აღსასრულის მაძიებელი ანტონი ალექსანდრიაშ ჩავიდა. იგი აშკარად ემსახურებოდა პყრობილ ქრისტიანებს, ესწრებოდა მათ გასამართლებას, დაკითხვებს, მაგრამ მტარვალები მას არ შეხებიან:უფალმა არც ახლა ინება მისი სიკვდილი. დევნის შეწყვეტის შემდეგ ნეტარი მოსაგრე დაუბრუნდა მეუდაბნოების ღვაწლს. ღმერთმა თავის რჩეულს სასწაულქმედების ნიჭი მიმადლა: იგი ეშმაკებს განასხამდა და სნეულებს მკურნალობდა. მნახველების სიმრავლე არღვევდა წმიდა მამის მყუდროებას, ამიტომ ის კიდევ უფრო შორს,“შიდა უდაბნოში“ შევიდა და მთის მწვერვალზე დაემკვიდრა. ბერებმა მოძებნეს საყვარელი მოძღვარი და სძთხოვეს, ზოგჯერ მაინც მოენახულებინა ისინი. კიდევ ერთხელ მოუხდა ღირს ანტონის უდაბნოს დატოვება-მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად მანიქეველთა და არიანელთა ცრუსწავლებისაგან. არიანელებმა იცოდნენ, თუ რა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ანტონი დიდი და ხმები დაყარეს, იგი ჩვენი სწავლების მიმდევარიაო. ამ ცილისწამების გასაქარვებლად ჩავიდა წმიდა ანტონი ალექსანდრიაში და საჯაროდ შეაჩვენა მწვალებლობა. ღირს ანტონისთან მიდიოდნენ წარმართი ფილოსოფოსები და ცდილობდნენ, თავიანთი ამაოდბრძნობით მოეტეხათ იგი, მაგრამ წმიდანი თავისი მარტივი და დამაჯერებელი პასუხებით სირცხვილეულ ჰყოფდა მათ. მოციქულთა სწორი იმოერატორი კონსტანტინე დიდი(337, ხს. 21 მაისს) და მისი ძეები პატივს სცემდნენ და სასოებდნენ ანტონი დიდის ლოცვებს. მათ დედაქალაქში მიიწვიეს იგი, მაგრამ მან არ ისურვა მეუდაბნოე ძმების დატოვება, იმპერატორი კი საპასუხო ეპისტოლით გააფრთხილა, არ გაამაყებულიყო თავისი მაღალი მდგომარეობით და მარად ხსომებოდა მომავალი სამსჯავრო:“უწყოდეთ რამეთუ ქრისტე მეუფ არს“. ღირსმა ანტონიმ 85 წელი დაჰყო უდაბნოში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოუწოდა ძმებს და ასე დამოძღვრა ისინი:“ისწრაფდით უფროისღა მიახლებად მარადის თავთა თქუენთა უფალსა და მერმე წმიდათა მისთა, რაითა სიკუდილისა შემდგომად საუკუნეთა მათ საყოფელთა, ვითარცა მეგობართა და მეცნიერთა, შეგიწყნარნენ თქუენ მათცა“. შემდეგ ანტონიმ ითხოვა მისი გვამი იქვე, უდაბნოში დაეფლათ და არ მოეწყოთ მისი გადასვენება ალექსანდრიაში. ღირსი ანტონი მშვიდობით მიიცვალა 357 წელს, 105 წლის ასაკში. მისი ნეშტი ორმა მოწაფემ მოძღვრის ანდერძისამებრ უდაბნოში, ერთ განკრძალულ ადგილას მიაბარა მიწას. ღირსი ანტონის ცხოვრება დაწვრილებით აღწერა წმიდა მღვდელმთავარმა ათანასე ალექსანდრიელმა. ეს ნაშრომი მართლმადიდებლური აგიოგრაფიის პირველი და ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. იოანე ოქროპირი წერდა, იგი ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს. წმიდა ანტონიმ მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელიც დღესაც ასაზრდოებს ქრისტიანთა სულებს. 544 წელს ღირსი მამის უხრწნელი ნაწილები ალექსანდრიაში გადაასვენეს.მე-15 საუკუნეში კი ისინი არასში(საფრანგეთშ), წმიდა ივლიანეს სახელობის ტაძარში დააბრძანეს. |