მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
გრიგოლ საკვირველთმოქმედი
#წმინდათა ცხოვრება გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიელი ეპისკოპოსი (ნათლისღებამდე-თეოდორე) ქალაქ ნეოკესარიაში (მცირე აზიის ჩრდილოეთი), წარმართულ ოჯახში დაიბადა. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო, შემდეგ კი ძმასთან, ათინიდორესთან ერთად ბირითში გაემგზავრა, რომ იქაურ სამართლისმცოდნეობის ცნობილ სკოლაში დაესრულებინა სწავლა. გზად ჭაბუკებმა კესარიაში გაიარეს, სადაც იმ დროს ალექსანდრიის სასწავლებლის დიდი მოძღვარი, ხუცესი ორიგენე ასწავლიდა ფილოსოფიას. ორიგენეს გაცნობის შემდეგ თეოდერემ და ათინოდორემ გადაწყვიეტეს, გზა აღარ განეგრზოთ და დამოწაფებოდნენ. მისი ხელმძღვანელობით შეიმცნეს ყმაწვილებმა ცისა და ქვეყნის შემოქმედი უფალი, გულისხმაყვეს, რომ სიბრძნე და ჭეშმარიტება მხოლოდ სახარების მაცხოვნებელ სწავლებაშია, ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებას თეოდორეს გრიგოლი ეწოდა. გრიგოლის მოსაგრე ცხოვრება, კეთილგონიერება, სიწმიდე და უანგარობა შურით ავსებდა მის წარმართ თანატოლებს, ამიტომ გადაწყვიტეს, ცილისწამებით შეებღალათ ნეტარის სახელი. ერთხელ, როცა გრიგოლი მოედანზე მოძღვრებს ესაუბრებოდა, მას ქალაქში ცნობილი მეძავი მიუახლოვდა და საზღაური მოსთხოვა თითქოს მასთან ჩადენილი ცოდვისათვის. თავდაპირველად წმიდანმა ქალს მშვიდად უპასუხა, ცდები, სხვაში გეშლებიო, მაგრამ იგი არ ცხრებოდა. მაშინ გრიგოლმა მეგობარს მეძავისათვის ფულის მიცემა სთხოვა. როგორც კი დედაკაცმა არამი საზღაური მიითვალა, ეშმაკი ეკვეთა მას და მიწას დაანარცხა. ბოლოს ბოროტისგან გვემული ცილისმწამებელი ტყუილში გამოტყდა, წმიდა გრიგოლმა კი ილოცა მისთვის და ეშმაკისგან დაიხსნა. ნეოკესარიაში დაბრუნებულმა გრიგოლმა უარი თქვა საერო მოღვაწეობაზე და უდაბნოში გავიდა. წმიდა მამა შეეთვისა მეუდაბნოე ცხოვრებას და სურდა, სიცოცხლის ბოლომდე განმარტოებით ეღვაწა, მაგრამ უფალი სხვაგვარად სჯიდა. როცა კაბადოკიის ქალაქ ამასიის ეპისკოპოსმა, ფედიმმა შეიტყო გრიგოლის მოსაგრეობის შესახებ, გადაწყვიტა, იგი ნეოკესარიის ეპისკოპოსად დაედგინა. უფლის რჩეულმა სულით განჭვრიტა მეუფის სურვილი და მის საძებრად გაგზავნილ შუაკაცებს დაემალა. მაშინ ფედიმმა წმიდანი დაუსწრებლად დაადგინა ნეოკესარიის მღდელმთავრად. ნეტარმა გრიგოლმა ეს განსაკუთრებული მოვლენა ღვთის ნების გამოვლენად ჩათვალა და ურჩობა ვერ გაბედა. ეს ეპიზოდი წმიდა მამის ცხოვრებიდან წმიდა გრიგოლ ნოსელის (ხს.10 იანვარს) გადმოცემამ შემოგვინახა. მანცე გვამცნო, რომ სამღვდელმთავრო ხარსხი წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელმა ეპისკოპოს რედიმოს ამასიელის მიერ მიიღო. ქიროტონიის წინ, რომლის დროსაც სარწმუნოების სიმბოლო უნდა წარმოეთქვა, ნეტარი გრიგოლი მხურვალედ ლოცულობდა უფლისა და ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის მიმართ და ევედრებოდა, ყოვლადწმიდა სამების ჭეშმარიტი თაყვანისცემის წესი გაეცხადებინათ მისთვის. ლოცვის დროს წმიდანს მზესავით გაბრწყინებული ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად. ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით მოციქულმა იოანემ ასწავლა ნეტარს, თუ როგორ უნდა ვაღიარებდეთ ყოვლადწმიდა სამებას. სარწმუნოების სიმბოლო, რომელიც წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელის მიერ გადმოგვეცა, უდიდესი საღვთო განცხადებაა ეკლესიის ისტორიაში. მას ეყრდნობა სწავლება წმიდა სამების შესახებ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. მოგვიანებით იგი შეავსეს ეკლესიის წმიდა მამებმა: ბასილი დიდმა, გრიგოლ ღვთისმეტყველმა, გრიგოლ ნოსელმა. წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელის სიმბოლო განიხილეს და მოიწონეს 1 მსოფლიო კრებაზე (325წ.). ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ მღვდელმთავარი გრიგოლი ნეოკესარიისკენ გაემართა. გზად, ამასიაში მან წარმართული ტაძრიდან ეშმაკები გაასხა, რის შემდეგაც საკერპოს ქურუმი ქრისტიანობაზე მოექცა. წმიდა გრიგოლის სახელით აღსრუელბული სასწაულები მატებდა ძალას: მემკვიდრეობის გაყოფისას ორ ძმას შორის უთანხმოება წარმოიშვა გარდაცვლილი მამის მამულში მდებარე ტბის გამო. ორივენი თავის ირგვლივ მეგობრებსა და მომხრეებს იკრებდნენ და საქმეს ცუდი პირი უჩანდა. მღვდელმთავარმა გრიგოლმა შეაგონა მათ, საქმის განხილვა მომდევნო დღისთვის გადაედოთ, თვითონ კი მთელი ღამე განხეთქილების მიზეზად გამხდარი ტბის ნაპირთან ლოცვაში გაატარა. როცა ინათა, ყველამ იხილა, რომ შფოთის მიზეზი არ არსებობდა-ტბა მიწის ქვეშ დანთქმულიყო. ერთხელ, წყალდიდობისას, წმიდანმა ილოცა, ჯებირებიდან გადმოსულ მდინარეს კვერთხით საზღვარი მიუჩინა და წყლის ნაკადი შეაჩერა. ცნობილია ერთი ასეთი შემთხვევაც: ნეტარმა გრიგოლმა ეკლესიის აშენება გადაწყვიტა და მთას ქრისტეს სახელით უბრძანა, ჩაწეულიყო, რომ საძირკვლისთვის ადგილი გაეთავისუფლებინა. გორაც მორჩილად დაჰყვა წმიდანის ბრძანებას. როცა იმპერატორმა დეკიუსმა ( 249-251) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მღვდელმთავარი გრიგოლი თავის სამწყსოსთან ერთად მოშორებით მდებარე მთას შეეხიზნა. მეომრებმა მთას ალყა შემოარტყეს. მღვდელმთავარი გაშლილ ადგილას გამოვიდა, ხელები ცისკენ აღაპყრო, თავის დიაკონს უბრძანა, ასევე მოქცეულიყო და ლოცვა დაიწყო. მეომრებმა მთელი მთა გაჩხრიკეს, რამდენჯერმე ჩაუარეს მლოცველებს, მაგრამ ვერ დაინახეს ისინი და უკან გაბრუნდნენ. დევნის შეწყვეტის შემდეგ წმიდა გრიგოლი ნეოკესარიაში დაბრუნდა. მისი კურთხევით დადგინდა საეკლესიო დღესასწაულები ქრისტესთვის აღსრულებულ მოწამეთა მოსახსენიებლად. იმ ხანებში ფართოდ გავრცელდა ერეტიკოს პავლე სამოსატელის ერესი (სამოსატი-ქალაქი სირიაში). რომელიც თავისი ქადაგებებითა და ეპისტოლეებით მრავალ ქრისტიანს უბინდავდა გონებას. პავლე სამოსატელის ერესი დაგმეს ანტიოქიის პირველ კრებაზე 264 წელს, რომელსაც გრიგოლ ნეოკესარიელი ხელმძღვანელობდა. წმიდა მწყემსმთავარი თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით, შთაგონებული ქადაგებებით, სასწაულებითა და სანწყსოს ბრძნული მართვით სულ უფრო და უფრო ამრავლებდა ქრისტიანთა რიცხვს. ნეტარის მიცვალების დროისთვის (დაახ.266-270) ნეოკესარიაში 17 წარმართი დარჩა მაშინ, როცა სამღვდელმთავრო ტახტზე მისი აღსაყდრებისას ქალაქში მხოლოდ და მხოლოდ 17 ქრისტიანი იყო. |