მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ბასილი ახალი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ბასილი ახალი ახალგაზრდობაშივე განმარტოვდა უდაბნოში. ერთხელ გზად მიმავალმა ბიზანტიის იმოპერატორის კარისკაცებმა შეამჩნიეს იგი, საეჭვო კაცად მიიჩნიეს, შეიპყრეს და სატახტო ქალაქში წაიყვანეს. ღირსი მამა პატრიციუსმა სამსონმა დაკითხა. ბასილიმ დამალა თავისი ვინაობა და თქვა რომ მწირი იყო. სამსონმა წმიდანის დასჯა ბრძანა. ღირს მამას არ სურდა მთელი ცხოვრების მანძილზე კაცთაგან დაფარული ღვაწლის გაცხადება. სამსონმა წმიდა ბასილი გრძნეულად ჩათვალა და მშიერ ლომს მიუგდო შესაჭმელად. ნადირი მორჩილად გაუწვა წმიდანს ფეხებთან. შემდეგ ღირსი ბასილი ზღვაში გადააგდეს. ყოვლადმოწყალე უფალმა კვლავ დაიცვა თავისი რჩეული: ორმა დელფინმა იგი კონსტანტინოპოლის ზღუდესთან- ევდომთან გამოიყვანა. წმიდა მამას ბორკილები შეეხსნა და სრულიად თავისუფალი შევიდა დედაქალაქში. ქალაქის შესასვლელთან დასასვენებლად ჩამომჯდარ ბასიულისთან ცხელებით შეპყრობილი კაცი, სახელად იოანე მივიდა. წმიდა მამის ლოცვით ავადმყოფი განიკურნა. იოანემ თავისთან მიიპატიჟა ღირსი მამა. მისი კეთილი საქმეები, ქველმოქმედება, განდეგილობა, სნეულთა კურნებების ნიჭი დაფარული არ დარჩენილა. მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა რჩევებისა და კურნებისათვის. წმიდა ბასილი ამხელდა ცოდვილებს და სინანულისკენ მოუწოდებდა, მრავალს უწინასწარმეტყველებდა მომავალს. მიმსვლელთა შორის იყო ვინმე გრიგოლი, რომელიც დაემოწაფა მას და აღწერა წმიდანის ცხოვრება. როდესაც წმიდა ბასილის მსახური, თეოდორა(ხს.30 დეკემბერს) გარდაიცვალა, გრიგოლმა სთხოვა ღირს მამას, გაეცხადებინა მისთვის მიცვალებულის სიკვდილის შემდეგ ცხოვრება. წმიდა ბასილის ლოცვით გრიგოლს ძილში გამოეცხადა თეოდორა და მოუთხრო, თუ როგორ გაიარა მისმა სულმა სიკვდილის შემდგომ საზვერეები და როგორ შეეწეოდა წმიდა ბასილის ლოცვა. ღირსი ბასილი გარდაიცვალა დაახლოებით 944 წელს, 110 წლის ასაკში. ეკლესია მას ახალს უწოდებს სხვა თანამოსახელე წმიდანთაგან გამოსარჩევად. |