მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი მამა ილარიონი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მამა ილარიონი კახელი აზნაურის შვილი იყო, დონაურთა გვარიდან; მის მშობლებს სხვა შვილებიც ჰყავდათ, ილარიონი კი შობიდანვე ღვთისათვის იყო შეწირული. ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე კაცს მიაბარეს. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე სოფელში ააშენა მონასტერი, სადაც მალე 16-მა ბერმა მოიყარა თავი. 14 წლის ილარიონმა გადაწყვიტა განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას და ზედამხედველობას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქ დაეყუდა. ილარიონი საოცარ მოღვაწეობას შეუდგა. „მარხვითა და მღვიძარებითა ჰასაკსა მას სიჭაბუკისასა დააჭკნობდა, ლოცვითა და მარხვით ღვთისა ხედვითა უხორცოთა მიემსგავსებოდა, ვიდრერა წარემატებოდა მოღუაწებითა ყოველთავე მყოფთა მის ადგილისათა უდაბნოსა მასა შინა, რამეთუ ყოველთავე უკვირდა ეგეოდენი შრომაი მისი და მოთმინებაი“. ახალგაზრდა მონაზონმა მეუდაბნოეთა სიყარული და პატივისცემა დაიმსახურე. „აღეშენებოდეს ყოველნი იგი ძმანი სწავლითა მისითა და შეუყვარდებოდეს მას, რათა იყოფებოდიან მის თანა“. ასე დაემკვიდრნენ ღირს ილარიონთან „ ათორმეტნი ძმანი მოღუაწენნი მშვიდნი და მდაბალნი“. ანგელოზებრ მმარხველი და დაუცხრომლად მლოცველი ბერის ამბავი მთელმა ქართლმა და კახეთმა გაიგო. მის სანახავად, ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგების მისაღებად უამრავი ხალხი მიდიოდა. როდესაც მასთან მისულმა რუსთაველმა ეპისკოპოსმა ფერმკრთალი, თავმდაბალი, შეურაცხ სამოსელში ჩაცმული ბერი იხილა, მოწიწებით სთხოვა, მისი ხელიდან მიეღო მღვდლობის პატივი. მიწიერი დიდების უარმყოფელი ილარიონი ევედრებოდა მღვდელმთავარს, არ დაემძიმებინა იგი მღვდლობის პატივით, მაგრამ ბოლოს მაინც დაემორჩილა. კურთხევის შემდეგ ახალი დიდებით შეიმოსა ღირსი მამის სახელი. მან გადაწყვიტა, განრიდებოდა სამშობლოს, მონასტრის წინამძღვრად ერთი ძმა დატოვა, თვითონ კი იერუსალიმს გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად. გზაში ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს და მახვილები იშიშვლეს მის მოსაკვდინებლად. მოულოდნელად მათ ხელები გაუშეშდათ. შეშინებული და გაოცებული ავაზაკები მიხვდნენ, რომ ღვთის სასჯელი დაატყდათ თავს წმიდა ბერზე ხელის აღმართვის გამო, ფეხებში ჩაუვარდნენ მას და შენდობა სთხოვეს. წმიდა მამამ ჯვარი გადასახა ავაზაკებს, განკურნა და მშვიდობით განუტევა. განკურნებულებმა კვლავ შენდობა ითხოვეს ღირსი მამისაგან, ერთმა მათგანმა კი თაბორის მთამდეც გააცილა წმიდანი. ილარიონმა მოილოცა იერუსალიმი, თაყვანი სცა წმიდა ადგილებს: თაბორს, გოლგოთას, უფლის საფლავს, ბეთლემს, შემდეგ იორდანეს უდაბნოს მიაშურა და გამოქვაბულში დაეყუდა (გადმოცემით, ეს იყო ის გამოქვაბული, სადაც თავს აფარებდა წმიდა ელია თეზბიტელი (ხს. 20 ივლისს). ღირსი მამა მოუკლებლად ევედრებოდა უფალს: „მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდი და კუალად მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი“. ერთ ღამეს მან ჩვენებითა იხილა, თითქოს ზეთისხილის მთაზე, სადაც უფალი დიდებით ამაღლდა, თორმეტი კაცის თანხლებით მდგარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე წარდგა და მარადის ქალწულმა უთხრა:“ჰოი, ილარიონ, წარვედ და მიისწრაფე სახედ შენდა და უმზადე სერი უფალსა და ძესა ჩემსა“. გამოღვიძებისთანავე წმიდა ილარიონმა გულისხმაჰყო ჩვენება, მადლობა შესწირა სახიერ უფალსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და სამშობლოში გამოეშურა. საქართველოში დაბრუნებულ ღირს ილარიონს მამა და ძმები აღსრულებული დახვდა. დედამ მამის მთელი საგანძური შვილს გადასცა და უთხრა: „ წარაგე ესე, შვილო, ვითარცა სათნო გიჩნს“. ნეტარმა ილარიონმა დედათა მონასტერი ააშენა, შესწირა მას სოფლები და განუჩინა წესი, შემდეგ 76 ღირსი და მოღვაწე ბერი შეკრიბა და მამათა მონასტერიც ააგო, დანარჩენი ქონება კი ღარიბებსა და უპოვრებს გაუნაწილა. კეთილისმოძულე ეშმაკმა ღირსი მამის ბიძა აღძრა მონასტრის დასაწვავად და მოძღვრის მოსაკლავად. ილარიონის ბიძას ეგონა, რომ ნათესავის ქონება თვითონ დარჩებოდა, მაგრამ როცა კეთილი ბერის ხელგაშლილობა იხილა, გაცოფდა და ერთ დღეს მონასტრის კარებზე ნახშირით მიაწერა: „ ესრეთ იხილონ ყოველთა ესე მონასტერი სამ დღემდე“. განთიადისას იხილა მამა ილარიონმა წარწერა და დიდად შეწუხდა ბიძის სულის წარწყმედის გამო. იგი მთელი ღამე ლოცულობდა და ევედრებოდა უფალს განსაცდელის თავიდან აცილებას. როცა თვალი მილულა, წმიდანს გამოეცხადა ბრწყინვალე კაცი, რომელმაც უთხრა: „ ნუ გეშინინ, ჰოი ილარიონ, რამეთუ დღესვე განისწავლოს მტერი იგი შენი და შეგივრდეს ფეხთა შენთა“. მართლაც, როცა გათენდა, ილარიონის ბიძა მიწაზე დაეცა, გორავდა და საოცარი ხმებით გოდებდა. მსახურებმა წმიდანს მიგვარეს ბოროტისაგან გვემული. ილარიონმა მას ჯვარი გადასახა და განკურნა. ბიძა გონს მოეგო, სინანულით ატირდა, აღსარება თქვა, მთელი ქონება მონასტერს შესწირა და თვითონაც ბერად აღიკვეცა. წმიდა ილარიონის სახელი მთელ საქართველოს მოედო, მრავალს სურდა ეხილა წმიდა ბერი და მსისი რჩევა-დარიგება მიეღო. მალე მისი ეპისკოპოსად კურთხევაც განიზრახეს. მყუდროებისმოყვარე ღირსმა მამამ გაიფიქრა: „დიდებაი ესე ამა სოფლისა მომატყუებელ არს საუკუნოისა მას შეურაცხებისა“, მონასტრის ძმათაგან ერთი, სიბრძნითა და სიწმიდით გამორჩეული ბერი დაადგინა სავანის წინამძღვრად, უფალს შეავედრა ყველა და ორ ძმასთან ერთად კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ილარიონმა და მისმა თანამგზავრებმა ულუმბოს მთას მიაღწიეს, ერთი მცირე მიტოვებული ეკლესია იპოვეს და შიგ დაბინავდნენ. ყველიერის შაბათს მწუხრზე დიდი ლავრიდან ერთი ბერი მივიდა კანდელის ასანთებად, ნახა ეკლესიას შეხიზნული ძმები და მცირეოდენი საჭმელი მიუტანა. შემდგომ შაბათს, წმიდა თეოდორე ტირონის ხსენების დღეს, მოწესე ისევ მივიდა პატარა ეკლესიაში და ნახა, რომ ძმებს მთელი კვირა უჭმელად გაეტარებინათ, მხოლოდ მცირედი ცერცვი ეხმიათ. ბერმა წმიდა ილარიონს ჰკითხა, რა სჭირდებოდა. მან მხოლოდ სეფისკვერი და ზედაშე ითხოვა. წმიდა ილარიონმა ჟამისწირვა აღასრულა, ეზიარა და ძმებიც აზიარა მაცხოვრის ყოვლადწმიდა სისხლსა და ხორცს. ამასობაში დიდი ლავრის მამასახლისმა გაიგო, რომ ეკლესიაში ვიღაც უცხო და ბერძნული ენის უმეცარმა კაცმა სწირა, გულისწყრომით აღივსო და იკონომოსსა და რამდენიმე ძმას უბრძანა, უცხოები მონასტრის ტერიტორიიდან გაეძევებინათ. ეკლესიაში მისულ ეკონომოსს ილარიონი ბერძნულად გამოელაპარაკა და ღამის გათენების ნებართვა სთხოვა, თან აღუთქვა, რომ მეორე დილით ეკლესიას დატოვებდა. იმ ღამეს მამასხლისმა ჩვენება იხილა: ყოვლადწმიდა ქალწული რისხვით დაადგა თავს და უთხრა: „ჰოი, უბადრუკო, რაისა ინებე განძებაი უცხოთაი მათ, რომელნი მოსრუ არიან სიყუარულისათვის ძისა და ღმრთისა ჩემისა და დაუტეობია ქუეყანაი მათი და არა დაიმარხე მცნებაი იგი უცხოთა და გლახაკთა შეწყნარებისათვის, ვითარ-იგი იტყვის მდიდარსა მას უფალი ჩემი და ძე ჩემი. ანუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკვიდრებად არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი და ცხოვრებად არიან ღმრთისა მიერ? და რომელნი მათ არა შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა ნათესავი იგი შეურყევლად მართლმადიდებლობისათვის მათისა, ვინაიდან ჰრწმენა სახელი ძისა ჩემისაი და ნათელ იღეს“. შეშინებული მამასახლისი ფეხებში ჩაუვარდა წმიდა ილარიონს, კადნიერებისათვის შენდობა სთხოვა და შეევედრა, დარჩენილიყო და ყოვლადწმიდა დედოფლის რისხვა აერიდებინა მისთვის. წმიდა ილარიონი ხუთი წელი ცხოვრობდა ულუმბოს მთაზე, შემდეგ კონსტანტინოპოლში წავიდა, თაყვანი სცა უფლის ცხოველმყოფელ ჯვარს, მოილოცა წმიდა ადგილები და რომს გაეშურა წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების საფლავების თაყვანსაცემად. 14 დღის მოგზაურობის შემდეგ რომს მიახლოებულმა ილარიონმა ვენახის ძირთან მჯდარი დავრდომილი ნახა და ერთი მტევანი სთხოვა. დავრდომილმა უთხრა:“აჰა, მამაო, ვენახი, რაც გსურთ, მიირთვით, მე კი „ვერ შემძლებელ ვარ აღდგომად ცოდვათა ჩემთაგან“. ღირს ილარიონს შეეცოდა დავრდომილი, ილოცა და ავადმყოფს უთხრა:“აღდეგ ძმაო, უფალსა უბრძანებიეს და ხელითა შენითა მომართუ ნაყოფისაგან სამოთხისა მაგის“. განკურნებული კაცი მყისვე წამოდგა, ვენახში შევიდა და მტევნით გამოვიდა, მაგრამ წმიდა ილარიონი იქ აღარ დახვდა. ვენახის პატრონი ქალაქისკენ წავიდა თავისი კეთილისმყოფელის მოსაძებნად, თან ყველას უყვებოდა სასწაულს. წმიდანი, ღვთის ნებით, მათ თვალთაგან დაიფარა, გზა განაგრძო და კვლავ მრავალი სასწაული აღასრულა. წმიდა ილარიონი ორი წელი ცხოვრობდა რომში ანგელოზებრივი ცხოვრებით, მაგრამ კვლავ კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. გზად ილარიონმა თესალონიკში გაიარა, თაყვანი სცა წმიდა წმიდა დიდმოწამე დიმიტრის (ხს. 26 ოქტომბრს) სამარტვილეს და ქალაქის მთავრის კართან შეისვენა. სახლიდან მხევალმა ოთხი წლის დამბლადაცემული ყრმა გამოიყვანა და მზის გულზე დააწვინა. ღირსმა მამამ ქალს წყლის მოტანა სთხოვა. როცა ქალი წავიდა, წმიდა ილარიონმა ჯვარი გადასახა ყრმას და უთხრა: „ სახელითა მამისათაი და ძისათაი და სულისა წმიდისაითა შენ გეტყვ, ყრმაო, აღდეგ ცოცხლებით“. ყრმა სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე და დედასთან გაიქცა. წმიდა ილარიონი კი იქაურობას გაშორდა, რომ არავის ეხილა. როცა განკურნებული ყრმის მამამ, ქალაქის მთავარმა ეს სასწაული იხილა, ბრძანა, ჩაეკეტათ ქალაქის კარები და ეძებათ სასწაულმოქმედი, რომ თაყვანი ეცათ მისთვის. მართლაც მოძებნეს წმიდა ილარიონი, ფეხებში ჩაუვარდნენ და ლოცვა-კურთხევა გამოსთხოვეს. შემდეგ მთავარი შეევედრა წმიდანს, თესალონიკში დარჩენილიყო და სამოღვაწეო ადგილი თვითონ აერჩია. წმიდანმა მთავრის ღვთისმოყვარება რომ იხილა, თხოვნა შეუსრულა-სამოღვაწეოდ გამოირჩია მარჯვე და მყუდრო ადგილი, სადაც მთავარმა ეკლესია ააშენა. მთელმა თესალონუიკმა გაიგო წმიდა ილარიონის მოღვაწეობის ამბავი, მრავალი მიდიოდა მასთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად თუ ღვთივსულიერი საუბრის მოსასმენად. მისმა სათნო ცხოვრებამ ბევრს გაუღვიძა საღვთო შური და ღირსი მამის ხელით მონაზვნობა მიიღო. ერთხელ წარმართებმა ერთი თესალონიკელი დიაკონი შეიპყრეს. ტყვექმნილი ღვთისმსახური ლოცვით შეევედრა წმიდანს შეწევნას. იმავე ღამეს დიაკონს ძილში წმიდა ილარიონი ეჩვენა და უთხრა: „აღდეგ, ჰოი, დიაკონ და ნუ გეშინინ, რამეთუ მე ვარ, რომელსა იგი მევედრებოდე“. გამოღვიძებულმა დიაკონმა იხილა, რომ ბორკილებისგან გათავისუფლებულიყო, შეუმჩნევლად გაიარა წარმართთა შორის და თესალონიკში ჩავიდა. ქალაქში ჩამოსვლისთანავე მან წმიდანი მოინახულა და ფეხებში ჩაუვარდა მადლიერების ნიშნად. წმიდა ილარიონმა უთხრა: „ შვილო! ენება ღმერთსა ხსნაი შენი. ამისთვისცა ანგელოზი თვისი მოავლინა ხატითა ჩემითა, ვინაითგან შენ სარწმუნოებით ჩემ ცოდვილისა სახელსა ხადოდე და გამოგიხსნა მწარისა ტყეობისაგან. ამისთვისცა ჰმადლობდი ღმერთსა მოქმედსა საკვირველებათასა“. წმიდა ილარიონმა მთელი ცხოვრება თესალონიკში გაატარა. თავისი აღსასრული მას წინასწარ ეუწყა უფლისგან, ქალაქის მთავარი დაიბარა, მადლობა უთხრა ყველაფრისათვის და ანდერძად გლახაკთა და მონაზონთა სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება დაუტოვა. დამწუხრებულმა მთავარმა მარმარილოს ლუსკუმა გაამზადებინა წმიდანის ნეშტისათვის. წმიდა ილარიონის სამარხთან სარწმუნოებით მისულნი ყოველგვარი სენისგან იკურნებოდნენ. ამ სასწაულების შესახებ ბიზანტიის კეისარს, ბასილი მაკედონელს (867-886) აცნობეს თესლონიკის მთავარმა და მთავარეპისკოპოსმა. კეისარმა ულუმბოდან მასთან ჩასულ მამებს თესალონიკის ამბები მოუთხრო. მამათა შორის ის მამასახლისიც აღმოჩნდა, რომელმაც წმიდა ილარიონის განდევნა დააპირა ულუმბოს მთიდან. იგი დაწვრილებით მოუყვა კეისარს ნანახსა და გაგონილს. ბასილი დაინტერესდა თანამემამულე მოწაფეებით. მას მიჰგვარეს სამი მოხუცებული ბერი. მამების სიწმიდით გაკვირვებულმა კეისარმა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან გაგზავნა ისინი ლოცვა-კურთხევისათვის. პატრიარქმა ძმური სიყვარულით მოიკითხა სტუმრები, აკურთხა და მათი ლოცვაც მიიღო. ის მიხვდა, რომ ამ სამ მოხუცში დიდი მადლი ტრიალებდა და კეისარს ურჩია, პატივი მიეგო მათთვის. კეისარმა წმიდა ილარიონის მოწაფეებს შესთავაზა: „გამოირჩიენ ღირსებამან თქუენმან მონასტერი, სადაც გენებოს, თქუენთვის და ნათესავისა თქუენისათვის“. მამებმა უარი შეჰკადრეს, რადგან სხვის აშენებულში დასახლება არ იყო სწორი საქმე. მაშინ ბასილ კეისარმა თვითონ შეარჩევინა მამებს სამონასტრო ადგილი და მალე ტაძარიც ააშენა. იქვე თავისთვის ერთი სენაკიც მოიწყო: „ესე იყოს საყოფელი ჩემი მახლობლად ღირსთა ამათ „რაითა ლოცვითა მათითა ინებოს ღმერთმან ხსნაი ჩემი მოსაგებელისაგან ცოდვათა ჩემთაისა“. მონასტერს რომანა-წმიდა უწოდეს. ქართველმა ბერებმა კეისარს ურჩიეს, სამართლიანად ემართა ქვეყანა, „რაითა არა განარისხო შენ ზედა უფალი და ცუდ იქმნას კეთილისყოფაი შენი ჩუენდა მომართ“. კეისარმა თავისი ორი ძე, ლეონი და ალექსანდრე მიჰგვარა ღირს მამებს აღსაზრდელად. ბასილი კეისარმა წმიდა ილარიონის ნაწილების გადასვენება ინება სატახტო ქალაქში, თესალონიკში თავისი ხალხი გაგზავნა და თან წერილიც გააყოლა: „ბასილი მეფე, ცოდვილი მონაი ცათა მეუფისაი, გევედრები, წმიდაო მამაო ილარიონ, აღმოვედ ქალაქად სამეუფეოდ, დაღაცათუ არა ღირს ვიქმენ პირისპირ ხილვად შენდა, გარნა აწ ღირს მყავ ამბორისყოფად წმიდათა ნაწილთა შენთა და იხაროს ქალაქმან ამან სამეუფომან შემთხუევითა მათითა და მადლი შენი იყავნ ჩუენ თანა, ამინ“. თესალონიკელები არ დათანხმდნენ წმიდა ილარიონის ნაწილების მიცემაზე. კეისრის კარისკაცები იძულებულნი გახდნენ, ღამით მალულად გაეხსნათ ლუსკუმა და წმიდანის ნაწილები ჩუმად წაესვენებინათ. კეისარმა, პატრიარქმა, მთელმა ერმა გალობით, ლიტანიობით, საკმევლის კმევით მიიღეს წმიდა ილარიონის ნაწილები. კეისარმა ის დროებით თავის პალატაში დაასვენა, სანამ განსაკუთრებულ საძვალეს ააშენებდა მისთვის. მესამე ღამეს მეფე კეთისურნელებამ გამოაღვიძა. როცა მან კვლავ მილულა თვალები, სამღვდელო სამოსელში ჩაცმული წმიდა ილარიონი გამოეცხადა და უთხრა: „კეთილად ჰყავ შეწყნარებაი ჩემი, ჰოი, მეფე, უცხოისა ამის და გლახაკისაი, გარნა სურნელებაი ესე, რომელ მიყნოსე, არა მომიგიეს მე იგი ქალაქთა შინა, არამედ უდაბნოთა. აწ უკუეთუ გნებავს, რაითა სრულებით მადლი გაქუნდეს, წარმიყვანე მე უდაბნოსავე ადგილსა“. კეისარმა მთავრებს და პატრიარქს აუწყა ყოველივე, შემდგომ დიდი პატივით წაასვენა წმიდა ილარიონის ნაწილები რომანა-წმიდის მონასტერში და მის მოწაფეებს ჩააბარა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდა ილარიონის ხსენება დააწესა მისი გარდაცვალების დღეს-19 ნოემბერს. |