მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ბარლაამი (ბალაჰვარი) და იოასაფი (იოდასაფი)
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ბარლაამი (ბალაჰვარი) და იოასაფი (იოდასაფი) -ინდოეთის მეფის ძე და მამა მისი აბენესი. ინდოეთში წმიდა თომა მოციქულმა იქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება და დაარსა წმიდა ეკლესია, მაგრამ ქვეყანა მაინც ძირითადად წარმართული აზროვნების ტყვეობაში დარჩა. მე-4 საუკუნეში ინდოეთს წარმართი მეფე აბენესი მართავდა. იგი დიდხანს იტანჯებოდა უშვილობით, მაგრამ ბოლოს ყოვლადსახიერმა უფალმა მემკვიდრე მიანიჭა. გახარებულმა აბენესმა ახალშობილ ყრმას იოასაფი (იოდასაფი) დაარქვა, კიდევ უფრო ადიდა წარმართული ღმერთები და ვარსკვლავთმრიცხველებს, ფილოსოფოსებსა და მისნებს მოუწოდა, „რათა აუწყონ, თუ რა წინა-უც ძესა მისსა“. შემოკრებილთაგან უბრძნესმა ხელმწიფეს აუწყა, რომ იოასაფი მამისათვის საძულველ ქრისტეს სჯულს მიიღებდა. ეს რომ ესმა, აბენესს სიხარული მწუხარებად გადაექცა, ბრძანა, სამ დღეში ყველა ქრისტიანს დაეტოვებინა მისი სამეფო. თავისი ძისთვის ხელმწიფემ ააგო სასახლე, სადაც განკერძოებულდა უნდა აღეზარდა ისე, რომ მაცხოვრისა და მისი სწავლების შესახებ ერთი სიტყვაც არ გაეგონა.. როცა იოასაფი წამოიზარდა, მამას სასახლიდან გასვლისა და ქვეყნის მოხილვის ნებართვა სთხოვა და აბენესმაც შეუსრულა გულისწადილი. მაშინ იოასაფმა შეიტყო, რომ არსებობს ტანჯვა, სნეულება, სიბერე და სიკვდილი, სცნო, „რომ არღარა ჰამო არს ცხოვრება ესე საწუთროისა“ და მტანჯველ ფიქრებს მიეცა. ამ დროს შორეულ უდაბნოში მოღვაწეობდა ღვთივგაბრძნობილი ბერი ბარლაამი (ბალაჰვარი), რომელსაც უფალმა აუწყა, რომ ჭეშმარიტების არსზე ჩაფიქრებულ უფლისწულს სულერი წინამძღვარი სჭირდებოდა. წმიდანმა დატოვა სამოღვაწეო ადგილი, ვაჭრის სამოსელი გადაიცვა, სასახლეში მივიდა და მეფისწულის გამზრდელს შეუთვალა: „მაქვს მე თვალი პატიოსანი და უკუეთუ გნებავს, მიიღე იგი მეფისა ძისათვის, რამეთუ ბრმათა აღუხილავს თვალთა და ყრუთა ასმენს, და უტყვთა ატყვებს, და უძლურთა ჰკურნებს და ნაკლულევანთა განამდიდრებს და მტერთა ზედა მძლე ჰყოფს, და ყოველსა საწადელსა გულისასა მოატყვებს“. ღვთის ნებით მან შეაღწია იოასაფთან და ჯერ იგავებით, შემდეგ კი წმიდა სახარებიდან და სამოციქულოდან მოხმობილი ადგილებით ქრისტიანული სწავლება განუმარტა. ბარლაამის შეგონებებიდან ჭაბუკმა გულისხმაყო, რომ ძვირფასი თვალი-მაცხოვრის სარწმუნოებაა, გულით მიიღო იგი და მოინათლა. წასვლის წინ წმიდა მოძღვარმა სულუიერ შვილს დაუბარა: „დაუმარხე ღმერთსა სჯული მისი, რომელი მოგცა ჩემ მიერ... განეკრძალე, რათა არა გარდაჰხდე მცნებათა მისთა და შთაჰვარდე მთხრებლსა წარწყმედისასა“. პასუხად კი მიიღო: „მხადი ძედ მეფისა და არა ვარ ძე მეფისა, არამედ მონა და ძე მეუფისა უკვდავისა“. „ამიერითგან იწყო იოდასაფ მარხვად და ლოცვად ღმრთისა მიმართ და რაჟამს კაცნი დაწვიან, მან იწყის ღამის თევად და ტირილითა და სულთქმითა აღასრულებდა ლოცვათა თვისთა“. როცა ძის გაქრისტიანება შეიტყო, აბენესი რისხვამ და მწუხარებამ შეიპყრო. მაშინ ერთ-ერთმა დიდებულმა მას აუწყა ჯადოსნის, ნაქორის შესახებ, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავდა ბარლაამს და ურჩია, ის გამოეყენებინათ მეფის ძის წარმართობისკენ მოსაბრუნებლად. მეფის მხედრებმა უდაბნოში ბარლაამის თანამოსაგრეები მოიძიეს, დახოცეს, ნაკუწ-ნაკუწ აჩეხეს და მათი ნაწილები მიმოაბნიეს. ბარლაამის ნაცვლად, რომელსაც ღვთის ნებით, ვერ მიაკვლიეს, მათ ქალაქში ნაქორი ჩაიყვანეს. ამის შემდეგ, აბენესის ბრძანებით, ქრისტიანები და წარმართები ერთმანეთს დაუპირისპირეს. კამათში ქრისტიანების მხრიდან იოასაფის გარდა, ბარლაამად საგონებელ ნაქორს უნდა მიეღო მონაწილეობა და თავი დამარცხებულად ეცნო. ღვთის განგებით ქრისტიანულ სწავლებას გაცნობილმა ჯადოქარმა არა მარტო დაამარცხა წარმართები, არამედ წრფელი გულით ირწმუნა ქრისტე, შეინანა, მოინათლა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. ამის შემდეგ მეფემ მოუწოდა უმშვენიერეს ქალწულებს და იოასაფის ცოლობას დაჰპირდა მას, ვინც მის ცთუნებას შესძლებდა. ასულები „წინა უროკვიდეს და სტვირითა და ჩანგებითა ქებასა შეასხამიდეს“ მეფის ძეს. წმიდანი ვნებების დასაცხრობლად სანთლის ალზე ადებდა ხელს და ტკივილისაგან შეწუხებული, ბრძნულად ამხელდა საკუთარ თავს: „ჰოი, იოდასაფ საწყალო, უკუეთუ ვერ დაუდგამ ამ ცეცხლსა შენსავე აღნთებულსა და კვალად დაშრეტადსა და მას საუკუნეთა ვითარ დაუდგნე ცეცხლსა დაუშრეტელსა და ვითარ მოითმენ ბნელსა მას გარესკნელსა? ან დასცხერ ბოროტისაგან და ცოდვისა“. იოასაფს სიბრძნისა და გონიერებისათვის ძლიერ მოეწონა ერთ-ერთი მისთვის მიჩენილი ქალწულთაგანი-მეფის ასული, რომელიც აბენესს ტყვედ ჰყავდა წაყვანილი. ეს დედაკაცი ნეტარს ევედრა, მხოლოდ ერთი ღაქმე ტანა-ჰყოფოდა მას, თუ სურდა, რომ მისი სული გადაერჩინა და ქრისტიანობაზე მოექცია. იოასაფიც „მიდრკა ნებასა ქალისასა მიზეზიტა, რათა აცხოვნოს იგი, და შეაშთობდეს გულის-სიტყვანიცა“. ამასობასი მას ჩაეძინა და სიზმრისეულ ჩვენებაში იხილა მარტალტათვის განმზადებული „საშვებელნი მრავალფერნი სამოთხისანი“ და ჯოჯოხეთის სატანჯველები-ცოდვილთა საუკუნო მისაგებელი. გამოფხიზლებულმა, გულისხმაჰყო ზეციური შეგონება, ადიდა უფალი და ყველა ქალი გაასხა სასახლიდან. მეფემ დიდებულთა რჩევით იოასაფი თავისი სახელმწიფოს ერთ ნახევარზე გაამეფა. ნეტარი მეფისწული წინ არ აღდგომია მამის ნებას-„არა თუ სიყვარულისათვის მეფობისა, არამედ მორჩილებისათვის“. ტახტზეასვლის შემდეგ მან მამისგან ბოძებული ოქრო-ვერცხლი გლახაკებს დაურიგა, ააღორზინა დაქცეული ტაძრები, ახლებიც ააგო და ღვთისმსახურება კეთილად გამართა. აბენესმა იხილა „მოკლება სამეფოისა მისისა“ და იოასაფის სამეფოს საოცარი აყვავება და ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მთელ ერს ნათელსცა. გავიდა მცირე ხანი და დასნეულებული აბენესი მიიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „აწ შვილო ჩემო, მეცა გამცნებ, ვითარცა-იგი შენ მამცნებდი, და გამხილებ, ვითარცა შენ მე მამხილებდი, რათა შეურაცხჰყო სოფელი და ყოველი, რა არს სოფელსა შინა, და ღმერთი ოდენ მოიპოვე და ლოცვათა შინა ხსენებული მყავ, შვილო ჩემო!“ მოსიყვარულე ძემ ურიცხვი მოწყალებაც გასცა მამის სულის მოსახსენებლად, შემდგომ კი დატოვა სამეფო ტახტი და ძონძებით შემოსილი გაუყვა გზას უდაბნოსაკენ, მაგრამ ქვეშევრდომებმა მოაბრუნეს და შეახსენეს პასუხისმგებლობა, რომელიც სამეფოს წინაშე ეკისრებოდა, რაზეც უფლის რჩეულმა მიუგო: „რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შეიძინოს კაცმან და სული თვისი წარიწყმიდოს, განა იზღვიოს“, თავის ნაცვლად მეფემ კეთილმსახური ბარაქია დაადგინა და „მსრაფლ წავიდა უდაბნოს“. ორი წლის ხიფათითა და განსაცდელებით სავსე მოგზაურობის შემდეგ მან მიაკვლია წმიდა ბარლაამს, რომელიც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა. „მოეხვნივნეს ქედთა ურთიერთას, შეიტკბნეს და ტიროდის და ჰამბორსუყვეს“. ამსოფლიდან განსვლის წინ წმიდა ბარლაამმა საღმრთო ლიტურგია აღასრულა, თავადაც ეზიარა და მოწაფეც აზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს, რის შემდეგაც, არაამქვეყნიური ნათლით სახეგაბრწყინებულმა, სული უფალს შეჰვედრა. უდაბნოში წმიდა ბარლაამმა თავისი საუკუნოვანი სიცოცხლის შვიდი ათწლეული გაატარა. როცა მოძღვრის დაკრძალვის შემდეგ დამწუხრებულ იოასაფს ჩაეძინა, სიზმრად იხილა „კაცნი ვინმე ნათლისანი“, რომელთაც პატიოსანი თვლებით მოოჭვილი გვირგვინები ეპყრათ ხელთ. „ესე გვირგვინი მათთვის არს, რომელნი სწავლითა შენითა წარუდგინენ ღმერთსა“,-თქვეს მათ, და განაგრძეს: „ ესე ერთი შენ არს, რამეთუ მოიქც ღმრთისა“. იოასაფმა გაიკვირვა: „და რა სწორება არს, რომელმან მცირედ შეინანოს, მოღვაწისა თანა?“ მაშინ მას ბარლაამი გამოუჩნდა და მიუგო:“მოიხსენე, ძეო მეფისაო, ოდეს-იგი გეტყოდე, ვითარმედ: ოდეს განჰმდიდრდე, არა გინდეს მიცემად მოყვასისა. და აწ გშურს მამისათვისცა შენისა“. სულით განმტკიცებულმა იოდასაფმა თავისი მოძღვრის მღვიმეში განაგრძო მოღვაწეობა და 35 წლის მეუდაბნოე ცხოვრების შემდეგ, 60 წლის ასაკში მიიცვალა. მეფე ბარაქიამ ერთი ბერის მინიშნებით მიაკვლია მღვიმეში დაკრძალული ბარლაამისა და იოასაფის უხრწნელ და კეთილსურნელოვან ნაწილებს, თავის სამშობლოში გადაასვენა და მეფისწული იოასაფის მიერ აგებული წმიდა სამების ტაძარში დაფლა. ბარლაამისა და იოასაფის ცხოვრება შუა საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებუკლი ძეგლია. თხზულება ქართულად მე-9 საუკუნეში უთარგმნიათ არაბული ენიდან. იგი ჩვენამდე ორი-ვრცელი და მოკლე -რედაქციითაა მოღწეული. მე-10-11 საუკუნეთა მიჯნაზე, გიორგი მთაწმინდელის ცნობით, ექვთიმე მთაწმინდელს ქართული „ბალავარიანი“ ბერძნულად უთარგმნია. ბერძნული გზით კი თხზულება დასავლეთ ევროპაში გავრცელდა. |