მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მღვდელმოწამე, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე
#წმინდათა ცხოვრება მღვდელმოწამე, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 31 აგვისტოს დაიბადა სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში. მისი მამა რომანოზი მღვდელი იყო. გრიგოლმა დაწყებითი სასულიერო სასწავლებელი და სასულიერო სემინარია დაამთავრა თბილისში 1918 წელს, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1921 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად. მალე საქართველოს ეკლესიის მიერ გაიგზავნა გერმანიაში, სადაც შემდგომში ღვთისმეტყველებას ეუფლებოდა. 1922-1925 წლებში ბერლინის უნისვერსიტეტში საწავლობდა თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს. 1925 წელს გადავიდა ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც იღრმავებდა რელიგიის საკითხებსა და აღმოსავლური ენების ცოდნას, მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ნაშრომისათვის-„სამონასტრო საკითხების საწყისები საქართველოში“. ამ დროიდან მოყოლებული, ვიდრე 1927 წლამდე განაგრძობდა ღვთისმეტყველების შესწავლას, ლექციებს ისმენდა ლიოვაიანეს უნივერსიტეტში. 1927 წლიდან ეწოდა სამეცნიერო მუშაობას ინგლისში, სადაც გაეცნო ბრიტანეთის მუზეუმისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში დაცულ ეკლესიის მამათა თხზულებების უძველეს ხელნაწერებს. 1927 წელს იგი დაინიშნა ბონის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე, სადაც დაევალა ლექციების კითხვა ქართულ და სომხურ ლიტერატურაზე. ლექციებს კითხულობდა 1932 წლამდე. ამავე წელს იგი მიიწვიეს ოქსფორდში ქართული ეკლესიის საკითხებზე ლექციების წასაკითხად. 1931 წელს ბერად აღიკვეცა, მღვდელ-მონაზვნის ხარისხიც მიიღო და პარიზის ქართულ ეკლესიაში დაინიშნა მოძღვრად. 1932 წლიდან მის ცხოვრებაში ახალი პერიოდი დაიწყო- აირჩიეს მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის პროფესორად ვარშავაში. მამა გრიგოლი ცხოვრების ძნელ წუთებში ხშირად იმეორებდა სიტყვებს: „ გმადლობ, უფალო ყველაფრისათვის“. წმიდანის უდიდესი ცოდნა შერწყმული იყო ღრმა რწმენასთან. მისი ლექციები გამსჭვალული იყო ეკლესიის მამების შემოქმედებითი სულით. ფიქრებით იგი ხშირად გადადიოდა იქ, სადაც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ისისნი. მამა გრიგოლი ხშირად კითხულობდა მოხსენებებს სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადსხვა სამეცნიერო ცენტრებში. მთელ თავის სახსრებს იგი ახმარდა სირია-პალესტინაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, იტალიასა და ინგლისში ქართული საეკლესიო ხელნაწერებისა და ქართული ეკლესიის ისტორიული ცნობების მოძიებას. მისი შრომითა და ღვაწლით ბევრი ქართული ხელნაწერი იქნა აღმოჩენილი. ორი თვისება-შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა ახასიათებდა მამა გრიგოლ ფერაძეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ქართველმა საზოგადოებამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის არაფერი იცოდა მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ, არ იცოდა, რომ საქართველოს ეკლესიის განძეულობა, რომელიც უღვთო ხელისუფლების მიერ განადგურებისაგან გადასარჩენად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა (თაყაიშვილმა) გაიტანა საზღვარგარეთ, შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, ფაშისტების კონფისკაციას მამა გრიგოლის წყალობით გადაურჩა.მან, როგორც ექსპერტმა, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, დასკვნაში აღნიშნა, რომ იგი არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენდა და მხოლოდ ეროვნული ღირებულება ჰქონდა; ქართულმა საზოგადოებამ არ იცოდა ისიც, რომ მისი დაარსებულია წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია პარიზში და სამრევლო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. 1942 წლის მაისში მამა გრიგოლი ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. მის ბინაზე ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები, რომლებზეც იგი მუშაობდა, ასევე ძვირფასი საეკლესიო ნივთები, რომელთაც იგი თავისი მოგზაურობის დროს საქართველოში დასაბრუნებლად იძენდა. დაპატიმრების უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ, მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისგან დევნილ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს. პფიციალური გერმანული ცნობების თანახმად, გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1042 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. ესაა ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობა, ხოლო ოსვენციმში პოლონეთის იმდროინდელი წარმომადგენლის ჩანაწერში, რომელიც 1942 წლის დეკემბრის ამბებს შეეხება, აღნიშნულია: „ ბანაკი ოსვენციმი. აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“. როგორც ირკვევა, არქიმანდრიტმა გრიგოლმა, მოყვასის სიყვარულით თავს იდვა სხვებისათვის განკუთვნილი სასჯელი და მათ ნაცვლად აღესრულა, იგი გაზის კამერაში მოაკვდინეს ფაშისტებმა. |