მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა ამფილოქე-იკონიელი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ამფილოქე-იკონიელი ეპისკოპოსი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. იგი წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ახლო ნათესავი და ბასილი დიდის მეგობარი იყო. წმიდა ამფილოქე თითქმის 40 წლის მანზილზე ცხოვრობდა უდაბნოში მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით, მაგრამ 372 წელს, როცა იკონიის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, უფლის ანგელოზები სამჯერ ხილვით გამოეცხადნენ ნეტარ მამას და მოუწოდეს, იკონიაში წასულიყო სამღვდელმთავრო მოღვაწეობისათვის. წმიდანის წინაშე მესამედ წარმდგარმა ზეციურმა მაცნემ მასთან ერთად იგალობა ანგელოზთა საგალობელი: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ“. წმიდა ამფილოქესთან შვიდი ეპისკოპოსი მივიდა, რომელთაც ასევე გამოცხადებით ეუწყათ, რომ წმიდანი იკონიის ეპისკოპოსად ეკურთხებინათ. მრვდელმთავარი ამფილოქე მრავალი წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა იკონიის ეპარქიას. მართლმადიდებლობის ერთგული მოსაგრე მკაცრად ამხელდა არიოზისა და ევნომიუსის მწვალებლურ სწავლებებს, მონაწილეობდა მე-2 მსოფლიო კრების (381) მუშაობაშიც და სათავეში ედგა ბრძოლას მაკედონიუსის ერესის წინააღმდეგ. ამფილოქეს ძალიან გაუჭირდა შეეკავებინა არიანელთა ბილწი მწვალებლობის გავრცელება მთელ საბერძნეთში და იმპერატორ თეოდოსის მიმართა თხოვნით, მეფური ძალაუფლება გამოეყენებინა არიანელთა საკრებულოების დასაშლელად. თვითმპყრობელმა თავი აარიდა მწვალებელთა მოსალოდნელ შფოთს და მღვდელმთავრის სათხოვარი უპასუხოდ დატოვა. რამდენიმე ხანში ამფილოქეს მეფესთან მოუხდა შეხვედრა. მან თეოდოსის თაყვანი სცა და ღირსეული პატივი მიაგო, მაგრამ იქვე მჯდომ მის თანამმართველს- მეფისწულ არკადის ყურადღებაც არ მიაქცია. იმპერატორი ძლიერ განარისხა ძის შეურაცხყოფამ და ბრძანა, სასახლდან გაეძევებინათ წმიდა ამფილოქე. წმიდა მღვდელმთავარმა ასე მიმართა მას: „ ჰოი მეუფეო! ახლა შენ საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდი იმაში, თუ რა ძნელია ძისადმი უპატიო მოპყრობის დათმენა: ბრაზობ ჩემზე... უფალი მით უფრო ვერ მოითმენს თავისი ძის შეურაცხყოფას, ის ზურგს აქცევს და მოიძულებს მის მგმობელებს და სასტიკ სასჯელს უმზადებს არიოზის წყეული ერესის ყველა თანაზიარს!“ . იმპერატორი მიხვდა, რომ წმიდანის ქცევა იგავურად უნდა გაეგო-გულისხმაჰყო, რომ ძე ღმერთს მამაღმერთის თანასწორი პატივი შეშვენოდა, გააოცა მღვდელმთავრის სიბრძნემ და წმიდანს პატიება სთხოვა.ამის შემდეგ თეოდოსიმ გამოსცა განკარგულება, რომ სამოქალაქო ხელისუფლებას აქტიურად დაეჭირა მხარი მართლმადიდებლებისთვის. ამგვარად, ამფილოქე იკონიელის მეოხებით ქრისტეს ეკლესიაში მშვიდობამ დაისადგურა. ჩვენამდე შემონახულია მღვდელმთავარ ამფილოქეს ეპისტოლეები და ქადაგებები. 394 წელს წმიდა მწყემსმთავარმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. |