მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა გრიგოლი, აკრაგანტელი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა გრიგოლი, აკრაგანტელი ეპისკოპოსი კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ აკრაგანტის მახლობლად მდებარე სოფელ პრეტორიაში დაიბადა, კეთილმსახური ქრისტიანების, ხარიტონისა და თეოდოტიას ოჯახში. ნათლისღებისას მისი მიმრქმელი იყო აკრანგატელი ეპისკოპოსი პატამონი. მშობლებმა გულისხმიერი ყრმა სასწავლებლად მიაბარეს, იგი ისე სწრაფად დაეუფლა წერა-კითხვასა და გალობას, რომ 12 წლის ასაკში წმიდანი ღვთისმსახურთა დასს შერთეს. ნეტარმა გრიგოლმა ათი წელი იმსახურა აკრაგანტის ეკლესიაში. ერთხელ წმიდა ჭაბუკს, რომელსაც ძლიერ სურდა იერუსალიმის მოლოცვა, ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფალმა აკურთხა მისი განზრახვა. იერუსალიმში წმიდა გრიგოლი წარუდგინეს პატრიარქ მაკარის(563-574), რომელმაც მას დიაკვნად დაასხა ხელი და თავის საკათედრო ტაძარში დატოვა მსახურებისათვის. აქ ნეტარი მამა სიმშვიდეს ვერ პოულობდა-იგი უფრო მძიმე, ბერულ ღვაწლს ესწრაფოდა. პატრიარქმა მაკარიმაც აკურთხა ღვთისმოყვარე ყმაწვილი, რის შემდეგაც იგი ელიონის მთაზე მდებარე მონასტერში დამკვიდრდა. ერთი წლის შემდეგ უფლის რჩეულმა სავანე დატოვა და ერთ მეუდაბნოე ბერს მიაშურა, რომელიც 4 წლის მანძილზე გულმოდგინედ ასწავლიდა მოსაგრე ცხოვრების წესებს. განდეგილმა წინასწარ განჭვრიტა ჭაბუკის მომავალი და აკურთხა იგი დაყუდებიდან გასულიყო. გრიგოლმა რამდენიმე ხანი იერუსალიმში დაჰყო, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა სერგისა და ბაქოსის სახელობის მონასტერში. წმიდა მამის ასკეტურმა ცხოვრებამ, სულიერმა გამოცდილებამ და ღვთისმეტყველურმა ცოდნამ კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ევტიქის (552-565) ყურადღება მიიპყრო. მისი თხოვნით გრიგოლმა მონაწილეობა მიიღო მეხუთე მსოფლიო კრების (553) მუშაობაში. კრების დამთავრების შემდეგ წმიდანი რომში გაემგზავრა მოციქულების, წმიდა პეტრესა და პავლეს საფლავთა თაყვანსაცემად. როდესაც აკრაგანტის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, ქალაქის უხუცესმა ღვთისმსახურებმა და წარჩინებულმა მოქალაქეებმა რომის პაპს მიმართეს თხოვნით, დაქვრივებულ კათედრაზე გაემწესებინა ერთ-ერთი მათ მიერ წარდგენილი კანდიდატურთაგანი, მაგრამ პაპმა ყველა წინადადება უარყო და მღვდელმთავრად წმიდა გრიგოლი დაადგინა. წმიდანი მღვდელმთავრის ხარისხშიც მოსაგრე ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა. სამწყსოს უყვარდა თავისი მღვდელმთავარი, ენდობოდა მას, მაგრამ ნეტარს გამოუჩნდნენ მტრებიც, რომლებმაც გადაწყვიტეს, ცილისწამებით შეებღალათ მისი სახელი. როცა წმიდა გრიგოლი ტაძარში იმყოფებოდა, მოშურნეებმა მის სენაკში ფარულად შეიყვანეს მოსყიდული ქალი, შემდეგ კი ხალხის წინაშემ რომელიც ღვთისმსახურების შემდეგ სახლში მიაცილებდა მწყემსმთავარს, გამოიყვანეს იგი და გრიგოლს მეძაობის ცოდვაში დასდეს ბრალი. წმიდა ეპისკოპოსი დააპატიმრეს. ხალხი ცდილობდა დაეცვა მეუფე, მაგრამ ამაოდ, სამსჯავროზე მეძავი ცრუმოწმედ გაქმოვიდა გრიგოლის წინააღმდეგ, მაგრამ როგორც კი ცილისმწამებლური სიტყვები წარმოთქვა, ეშმაკეულ-იქმნა. მაშინ მსაჯულებმა წმიდანს ჯადოქრობაში დასდეს ბრალი, თავის „დანაშაულთა“ ცილისმწამებლური ნუსხა გააყოლეს და რომის პაპთან გაგზავნეს განსასჯელად. რომის ეკლესიის მესაჭემ ცრუბრალდებები რომ წაიკითხა, „დამნაშავის“ ნახვა არც ისურვა-ბრძანა, პირდაპირ საპყრობილეში ჩაეგდოთ უფლის რჩეული. ნეტარი უდრტვინველად იტანდა ყოველგვარ დამცირებას და გამუდმებით ლოცულობდა. ხმა მისი ლოცვითი ღვაწლისა და სასწაულქმედების ნიჭის შესახებ სწრაფად გავრცელდა მთელს ქალაქსა და ოლქში. უფლის რჩეულთან მრავლად მოდიოდნენ კეთილმსახური რომაელები, რომელთაც პყრობილი წმიდანი მართალ ცხოვრებას ასწავლიდა. ორი წლის შემდეგ პაპთან მივიდა განჭვრეტის ნიჭმიმადლებული ბერი მარკოზი, რომელიც გრიგოლს სიყმაწვილიდანვე იცნობდა. მან არ ირწმუნა ცილისწამებისა და პაპს მოსთხოვა, წმიდანის საქმის გასარჩევად საგანგებო კება მოეწვია. პაპის მოწვევით კრებაზე ქალაქ აკრაგანტის მრავალი ღვთისმსახური ჩავიდა, მივიდნენ წმიდა მღვდელმთავრის ცილისმწამებლებიც, მათ შორის-ეშმაკეულქმნილი მეძავიც. კონსტანტინოპოლიდან რომს მიაშურა სამმა ეპისკოპოსმა და იმპერატორის კარისკაცმა მარკიანემ. გზად მარკიანე მძიმედ დასნეულდა. მღვდელმთავარ გრიგოლის ლოცვით განკურნებული ადამიანების რჩევით სულთმობრძავი წმიდა გრიგოლის საკანში შეიყვანეს და სნეული მაშინვე განიკურნა. კრებაზე ცილისმწამებლები ცდილობდნენ თავიანთი ბრალდების დამტკიცებას. მათ, როგორც მთავარი საბუთი, მსაჯულთა წინაშე წარადგინეს გონდაკარგული მეძავი-თითქოსდა გრიგოლის ჯადოსნობის მსხვერპლი. მღვდელმთავარმა ილოცა და მეძავისგან ეშმაკი განდევნა, რის შემდეგაც განკურნებულმა ქალმა კრების მონაწილეებს მტელი სიმართლე განუცხადა. ცილისმწამებლები დამარცხდნენ. მარკიანეს მათი სიკვდილით დასჯა სურდა, მაგრამ წმიდა გრიგოლმა მათთვის წყალობა გამოითხოვა. უფლის რჩეული კათედრას დაუბრუნდა და საყოველთაო სიყვარულით გარემოცული, აღსასრულამდე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს(მე-6-7). |