მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
დიდმოწამე მერკური
#წმინდათა ცხოვრება დიდმოწამე მერკური წარმოშობით სკვითი იყო და მხედრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში. უსჯულო იმპერატორმა დეკიუსმა(249-251) გამოსცა კანონი, რომელიც რომის მოქალაქეებისაგან წარმართული ღვთაეების თაყვანისცემას მოითხოვდა, ქრისტიანებს კი სასიკვდილო განაჩენით ემუქრებოდა. ამ დროს იმპერიას ბარბაროსები დაესხნენ თავს და დეკიუსმა ლაშქარი შეკრიბა მათთან საბრძოლველად. ერთ-ერთი ბრძოლის დროს წმიდა მერკურის ანგელოზი გამოეცხადა, მახვილი გაუწოდა და უთხრა: „ ნუ გეშინია, მხნედ შეებრძოლე მტერს და როცა გაიმარჯვებ, არ დაივიწყო უფალი ღმერთი შენი“. ამ მახვილით წმიდა მეომარმა გაბედულად გაიკაფა გზა მოწინააღმდეგის ურდოებს შორის, ბარბაროსთა მეფეც მოკლა და რომაელებს გამარჯვება მოუტანა. მადლიერმა იმპერატორმა სიმამაცისათვის წმიდა მერკური უხვად დააჯილდოვა და მხედართუფროსად დანიშნა. წმიდა მხედარს კვლავ გამოეცხადა უფლის ანგელოზი, შეახსენა, ვისგან ებოძა გამარჯვება და ღვთის სამსახურისაკენ მოუწოდა. მაშინ წმიდა მერკურის მოაგონდა, რომ მამამისი, გორდიანე, ქრისტიანულ სარწმუნოებას აღიარებდა და თვითონაც მოინათლა. მან უარი განაცხადა საზეიმო წარმართულ მსხვერლშეწირვაში მონაწილეობაზე, რისთვისაც მრისხანე იმპერატორმა თავისთან მოიხმო. მერკურიმ დაუფარავად აღიარა, რომ ქრისტიანი იყო, უღვთო თვითმპყრობელს ფეხებთან მიუგდო მეომრის სარტყელი და მანტია და მიწიერ პატივზე უარი განაცხადა. საპყრობილეში წმიდანს კვლავ გამოეცხადა ანგელოზი, განამტკიცა და მოუწოდა, ყოველგვარი სატანჯველი გაბედულად დაეთმინა ქრისტესათვის. ნეტარი მარტვილი ცეცხლის ზემოთ გაჭიმეს, დანებით დასერეს და წკნელებით დაუნდობლად სცემეს. რამდენჯერაც ასე სასტიკად ნაწამები საპყრობილეში ჩააგდეს, იმდენჯერ სასწაულებრივი მკურნალობა მიემადლა უფლისაგან, რაც ქრისტეს სარწმუნოების უძლეველობას უმტკიცებდა უსჯულოებს. სიკვდილმისჯილ მერკურის თავად უფალი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ მალე დაიხსნიდა სატანჯველთაგან. დიდმოწამეს კაბადოკიის კესარიაში მოჰკვეთეს თავი. მისი პატიოსანი ცხედარი მირონისა და საკმევლის სურნელს აფრქვევდა და მრავალ სნეულს კურნავდა. ნეტარმა მერკურიმ სიკვდილის შემდეგაც აღასრულა მხედრული სამსახური მიწიერი ეკლესიის სასიკეთოდ: მღვდელმთავარი ბასილი (ხს.1 იანვარს) მხურვალედ ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ და უსჯულო იმპერატორის, იულიანე განდგომილისგან(361-363) მართლმორწმუნეთა დახსნას ითხოვდა. ზეციურმა დედოფალმა შეისმინა მისი ვერება და მედღესასწაულე ეკლესიიდან წმიდა მერკური გამოგზავნა მებრძოლი ეკლესიის დასაცავად: ხატზე ყოვლადწმიდა მარიამის გვერდით აღბეჭდილი დიდმოწამის გამოსახულება გაქრა, შემდეგ კი კვლავ გამოჩნდა გასისხლიანებული მახვილით ხელში. სწორედ ამ დროს სპარსელებთან ომში იულიანე განდგომილი სასიკვდილოდ დაჭრა უცნობმა მეომარმა, რომელიც იმავე წამს გაუჩინარდა. სულთმობრძავი ღვთისმგმობელის უკანასკნელი სიტყვები იყო: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო“. |