მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსმოწამე სტეფანე ახალი
#წმინდათა ცხოვრება ღირსმოწამე სტეფანე ახალი 715 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანტა ოჯახში. მის მშობლებს ორი ასული ჰყავდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ძის მონიჭებას. როცა სათხოვარი შეუსრულდათ, მადლიერმა დედამ ახალშობილი სტეფანე ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში მიიყვანა აღსაზრდელად. იმპერატორ ლეონ ისავრიელის (717-741) მხარდაჭერით იმპერიაში ხატმბრძოლთა მწვალებლობის მომხრეები აღზევდნენ. მომძლავრებული უსჯულოებით სულდამძიმებულმა წმიდა სტეფანეს მართლმორწმუნე მშობლებმა დატოვეს კონსტანტინოპოლი და ბითვინიაში გადასახლდნენ, 16 წლის ძე კი წმიდა ავქსენტის მთაზე განმარტოებით მოღვაწე ნეტარ იოანეს მიაბარეს მორჩილად. სტეფანემ თავის სულზე ზრუნვა მთლიანად მადლმოსილ მოძღვარს მიანდო და 15 წლის მანძილზე გულმოდგინედ სწავლობდა მისგან ბერმონაზვნურ ცხოვრებას. წმიდანს აქვე აუწყეს, რომ მამა გარდაეცვალა, დედა და დები კი მონაზვნებად შედგნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ სტეფანეს მოძღვარმა, ნეტარმა იოანემ სული უფალს შეჰვედრა. სტეფანემ მოძღვრის მღვიმეში განაგრძო მოღვაწეობა. მასთან თანდათან შემოიკრიბნენ მოწესეები და დაარსდა მონასტერი, რომლის იღუმენიც სტეფანე გახდა. 50 წელს მიღწეულმა სტეფანემ სავანე დატოვა და განკრძალულ ადგილას მცირე სენაკში დაეყუდა, მაგრამ მცირე ხანში აქაც შეიკრიბა საძმო. საიმპერატორო ტახტზე ლეონ ისავრიელი კონსტანტინე კოპრონიმმა (741-775)-მართლმადიდებლობის კიდევ უფრო მძვინვარე მდევნელმა შეცვალა.უსჯულოთა თვითმპყრობელმა მოიწვია ხატმბრძოლთა კრება, რომელმაც ხატები კერპებად გამოაცხადა და ხატტაყვანისმცემლობას ერესი უწოდა. იმპერატორი განსაკუთრებით გააფთრა იმან, რომ წმიდა სტეფანეს მიერ დაარსებულ სავანეში ხატთაყვანისმცემლობას დაუფარავად უჭერდნენ მხარს. თბითმპყრობლის ბრძანებით წმიდა სტეფანე ჯერ საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი მარმარილოს ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლეს. ღისრი მამა დასახლდა გამოქვაბულში, სადაც მალე მისი მოწაფეებიც შეიკრიბნენ. რამდენიმე ხანში ნეტარმა დატოვა საძმო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. ხმა წმიდა სტეფანეს ლოცვებით აღსრულებული სასწაულების შესახებ მთელს იმპერიაში გავრცელდა, რაც ხალხში მართლმადიდებლური სარწმუნოების სულს განამტკიცებდა. იმპერატორმა განკარგულება გასცა, სტეფანე კუნძულ ფაროსის საპყრობილეში გადაეყვანათ, შემდეგ კი სამსჯავროზე წარედგინათ. წმიდანმა გაბედულად უარყო ერეტიკოსი მსაჯულების ამაო ბრძნობა, ხატთაყვანისცემის დოგმატური არსი განმარტა და ხატმბრძოლებს დაუმტკიცა რომ წმიდა ხატების შეურაცხყოფა თავად მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გმობა იყო. მან მსაჯულებს უჩვენა მონეტა იმპერატორის გამოსახულებით და ჰკითხა, რას უზამდნენ ადამიანს, რომელიც მას ფეხქვეშ გათელავდა. წმიდანს უპასუხეს, რომ ასეთ ადამიანს უეჭველად სიკვდილით დასჯიდნენ მეფის გამოსახულების შეურაცხყოფისათვის. მაშინ ნეტარმა სტეფანემ თქვა, კიდევ უფრო დიდი სასჯელი მოელის მას, ვინც ზეცათა მეუფისა და მის წმიდათა ხატებს შეურაცხყოფსო, მონეტა კი მიწაზე დააგდო. უსჯულო იმოერატორმა ბრძანა, წმიდანი საპყრობილეში დაებრუნებინათ, სადაც უკვე ხატების თაყვანისცემისთვის მსჯავრდებული 343 ბერი იყო გამომწყვდეული. წმიდანმა 18 თვე დაჰყო სატუსაღოში. იგი ნუგეშს სცემდა თანაპყრობილებს, მათთან ერთად ლოცულობდა და გალობდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტროპარს. როცა უღმრთო თვითმპყრობელმა შეიტყო, რომ ნეტარმა მამამ ციხეშიც შექმნა მონასტერი, თავისი ორი უსაყვარლესი მსახური-ტყუპი ძმები გაგზავნა მის მოსაკლავად. საკანში შესულმა ძმებმა უფლის სათნომყოფლის არაამქვეყნიური ნათლით გაბრწყინებული სახე რომ იხილეს, ფეხებში ჩაუვარდნენ მას და ცოდვათა მიტევება და ლოცვებში მოხსენიება სთხოვეს. უკან დაბრუნებულებმა, მეფეს მოახსენეს, ბრძანება შევასრულეთო, მაგრამ იმპერატორმა შეიტყო სიმართლე და კიდევ ერთ სიცრუეს მიმართა-თავის მეომრებს გამოუცხადა, სტეფანეს ჩემი ტახტიდან ჩამოგდება სურსო და წმიდანის მოსაკლავად გაგზავნა ისინი. ნეტარი აღმსარებელი თვითონ გამოეგება მეომრებს, რომლებიც გააფთრებით ეკვეთნენ მას და უმოწყალო გვემითა და შეურაცხყოფით წაათრიეს ქალაქის მოედანზე. ერთ-ერთმა ჯალათმა ძელი თავში ჩაარტყა მარტვილს და მოკლა. გონდაკარგული უსჯულოები მაინც არ დაცხრნენ: ისევ ქუჩა-ქუჩა დაათრევდნენ უფლის რჩეულის უსულო ცხედარს, ქვებს ესროდნენ და შეურაცხყოფდნენ. ერთმა მართლმორწმუნემ ფილაქანზე დათხეული წმიდანის ტვინი სუფთა ნაჭერში მოაგროვა და სასოებით შეინახა. ნეტარის ცხედარი იმპერატორის ბრძანებით ერთი ნასაყდრალის ბალავარის გათხრილ ორმოში ჩააგდეს, სხვა მართლმორწმუნეთა ცხედრებს შორის. ეს მოხდა 768 წლის 28 ნოემბერს. მეორე დილით ავქსენტის მთას ცეცხლოვანი ღრუბელი დაადგა, შემდეგ კი დედაქალაქში უკუნი ჩამოწვა, ქარიშხალი ამოვარდა,სეტყვამ დაუშვა და მრავალი უღმრთო დაიღუპა. |