მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი
#წმინდათა ცხოვრება ღვთისმშობლის კურთხევით მე-6 საუკუნეში საქართველოში ჩამოვიდნენ ღირსი იოანე ზედაზნელი(ხს.7 მაისს) და მისი მოწაფენი. ისინი იყვნენ: „ღმრთისა სათნონი ნათელნი სოფლისანი, ჭურნი რჩეულნი სავსენი ნელსაცხებლითა, ზეცისა კაცნი და ქუეყანისა ანგელოზნი, განმანათებელნი სოფლისანი, სახენი, წესნი და კანონნი უცთომელნი მონოზონებისანი“. მათ შორის ბრწყინავდა აბიბო ნეკრესელი, „მღვდელთმოძღუარი უბიწოი, ნაყოფი შუენიერი, მხიარულებისა ჩუენდა მომღებელი და სულნელებისა ჩუენისა ჩუენდა მომფენელი. სანთელი მაღლად მნთებარე, მნათობი და განმანათლებელი ყოველთა მხილველთა მისთაი, შემწირველი უბიწოდ ხორცსა და სისხლსა ქრისტესა, რომელმან თავიცა თვისი შეწირა მსხუერპლად მისსა მიმართ ხელითა უსჯულოისა მარზაპანისაითა“. აბიბოსი თავიდან ღირს იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზადენის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი ევლავიოს კათოლიკოსის და იოანე ზედაზნელის კურთხევით ნეკრესს ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა. მადლმოსილი მსახურებისათვის წმიდა აბიბოსი „იქმნა... ეპისკოპოზ, მწყემსი გაღმა მხარისა დიდოთურთ. ამან მოაქცივნა უმრავლესი მთიულნი“,-წერს ვახუშტი ბაგრატიონი „ქართლის ცხოვრებაში“. ამ დროს საქართველოსი ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ და ყველა ძალას ხმარობდნენ თავიანთი სარწმუნოების გასავრცელებლად. მათ მრავალგან ააგეს ბომონები, სადაც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი.მაზდეანები ზარ-ზეიმით აღასრულებდნენ თავიანთ ბოროტ წესებს და ქართველთა გადადრეკას ცდილობდნენ. მოციქულებრივი შურით აღძრული წმიდა აბიბოს ნეკრესელი დაუღალავად დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, ჭეშმარიტებას უქადაგებდა ქართველებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ წმიდა მღვდელმთავარმა ნახა, რომ მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისათვის, ვეღარ მოითმინა ბოროტება, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა მოგვებმა შეიპყრეს წმიდა აბიბოსი, სასტიკად სცემეს და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. შემდგომ ეს ამბავი აცნობეს სპარსეთის მარზაპანს, რომელიც ამ დროს სოფელ რეხში იმყოფებოდა. მარზაპანმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ წმიდა აბიბოსი. წმიდა აბიბოსი ღირსი სვიმონ მესვეტის(ხს.1 სექტემბერს) მეგობარი იყო. იოანე ზედაზნელი და მისი ძმები სწორედ მის ლავრაში ღებულობდნენ სასულიერო განათლებას. ღირს სვიმეონს ღმრთისგან ეუწყა წმიდა აბიბოსის მომავალი წამების შესახებ და ეპისტოლე, ევლოგია და კვერთხი გამოუგზავნა წმიდა მამას. სოფელ იალდოს მიღწეულ აბიბოსს ანტიოქიიდან წამოსული მოციქული შემოხვდა და ღირსი სვიმეონის საჩუქარი გადასცა. ეპისტოლემ და ძვირფასმა საჩუქარმა გაახარა და განამტკიცა ტანჯვისათვის განმზადებული წმიდა მღვდელმთავარი. გზად მას ქართველები დახვდნენ და გათავისუფლების იდეა შესთავაზეს. წმიდა აბიბოსმა არ მიიღო წინადადება. როცა მცხეთას მიუახლოვდნენ, მღვდელმოწამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ილოცა, შემდეგ მტარვალებს სთხოვა, წმიდა შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ მისთვის. სპარსელები დათანხმდნენ. სულიერმა ძმებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ერთად ილოცეს. შემდეგ წმიდა ეპისკოპოსმა სასწაულთმოქმედ მეუდაბნოეს სთხოვა, ელოცა მისთვის. წმიდა შიომ უთხრა: „ ვიცი, მამაო მფლობელო, რამეთუ დაშრიტე ცეცხლი იგი მათი სრულიად, რომელსა ესვიდეს უსჯულონი იგი, არამედ მოგმადლენ უფალმან. რაითა აღტყინებულიცა იგი უჩინოი ცეცხლი, რომელ აღუგზნიეს შენთვის ეშმაკსა განსაცდელად, დაშრიტო ადვილად... უწყოდე, რამეთუ ჭირი მათი შენ დიდება გექმნეს წარუვალი და ჭირი ეგე შენი მათ დაცემა და განბნევა...“ სულიერი ძმის სიტყვით და ლოცვით გამხნევებული მღვდელმოწამე რეხში ჩაიყვანეს. მარზაპანმა მრისხანედ ჰკითხა სამსჯავროზე წარმდგარ წმიდა ეპისკოპოსს: „რაისათვის უვარ-ჰყავ უფლებაი მეფეთ-მეფისაი და მოჰკალ ღმერთი ჩუენი?“ წმიდა აბიბოსმა მშვიდად მიუგო: „ მე არავინ ვიცი მეუფედ, გარნა უფალი ჩუენი იესო ქრისტე, ხოლო ცეცხლი იგი, რომელ დავშრიტე, რაითამცა საცთური განვაქარვე ეშმაკისაი. ხოლო გლოცავ, რაითა განეყენნეთ უნდოსა მას მსახურებასა და მას მხოლოსა ჰმსახურებდეთ“. გაგულისებუოლმა მარზაპანმა კვლავ ჰკითხა:“მე გკითხავ, რაისთვის მოჰკალ ღმერთი ჩუენი და შენ გნებავს, რაითამცა შენისა ღმრთისა წარგვიყვანნე?“ ნეტარმა აბიბოსმა მშვიდად მიუგო: მე ღმერთი კი არ მომიკლავს, მხოლოდ ცეცხლი დავშრიტე. ცეცხლი ღმერთი კი არ არის, ბუნების ნაწილია, რომლისგანაც შედგება ღვთის მიერ შექმნილი სამყარო. თქვენი ცეცხლი შეშის დაწვით წარმოიქმნება, მცირედმა წყალმა ჩააქრო, წყალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მოკლა იგი, „ აწ მიკვირს თქვენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხვილ გიჩნს მისი სახელის დებად ღმრთად, რომელსა ესეოდენი სული აქუს?“ სპარსელი მარზაპანი საშინლად განარისხა წმიდა მღვდელმთავრის ასეთმა პასუხმა და მისი წამება ბრძანა. ჯალათებმა საშინლად ტანჯეს წმიდა აბიბოსი და ბოლოს „ქვითა განტვინეს“. მისი წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ გაათრიეს, უპატიოდ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად და მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანთაგან არავის მოეპარა და პატივით არ დაეფლა წმიდანის ნეშტი. ღამით რეხის მღვდლები და ბერები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში. აბიბოსის საფლავთან სასწაულებრივი კურნებანი აღესრულებოდა. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის დროს კათოლიკოს თაბორის სურვილით მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სამთავისიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაფლეს. |