მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა პეტრე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა პეტრე ქართლის პირველი კათოლიკოსი,მოღვაწეობდა მე-5 საუკუნის 60-იან წლებიდან მე-6 საუკუნის დასაწყისამდე. ღვთის განგებით, მან სათავე დაუდო საქრთველოში კატოლიკოსთა დინასტიას. წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერელი ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა „პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა“ და ბერ-მონაზონი სამოელი (ხს.30 ნოემბერს). წმიდა მეფისა და წმიდა მამების სულიერმა სიახლოვემ და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმამოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას. ლაშქრობის დროს ქართლისკენ მომავალმა ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში „წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრესათვის კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა“ და თან შეუთვალა, რომ „კათალიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფვით წარმოავლინენ“. კონსტანტინოპოლის პატრიარქი დათანხმდა ქართლში კათოლიკოსის დადგენას და რადგანაც იმ პერიოდისათვის ქართლის წმიდა ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს ეკუთვნოდა, წმიდა პეტრე და წმიდა სამოელი ანტიოქიაში წარავლინა, რათა თვითონ ანტიოქიის პატრიარქს ეკურთხებინა პეტრე კათოლიკოსად და სამოელი-ეპისკოპოსად. ხელდასხმის შემდეგ კათოლიკოსი პეტრე და მასთან ერთად 13 ეპისკოპოსი ქართლში ჩამოვიდნენ. ვახტანგ მეფემ მცხეთაში „ აღაშენა ეკლესია მოციქულთა სვეტი ცხოველი... და მუნ შინა დასუეს პეტრე კათოლიკოსად და სამოელ ეპისკოპოსად მცხეთასავე საეპიკოპოსოსა“. დანარჩენმა ეპისკოპოსებმა დაიკავეს ახიზის, ჭერემის, ჩელეთის, ხორნაბუჯის და აგარაკის, წუნდის, მანგლისის, ბოლნისის, რუსთავის, ნინოწმიდის კათედრები. ამ პერიოდიდან იწყება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თვითმმართველობა (ავტოკეფალია). წმიდა პეტრე კათოლიკოსმა ავტოკეფალური ეკლესიის პრინციპით მოაწყო ეკლესიის მართვა-გამგეობა და ჩამოაყალიბა თვითმმართველობის ის ფორმა, რომელმაც შემდგომში კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის. წმიდა კათოლიკოსისა და წმიდა მეფის ურთიერთპატივისცემამ და შეთანხმებული ქმედებებით სარწმუნოიებრივ-ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვამ საფუძველი დაუდო საერო და სასულერო ხელისუფლების ჰარმონიული ურთიერთობის ისეთ ფორმას, რომელიც განსაზრვრავს ეკლესიის ავტორიტეტს ქვეყანაში და ხალხის მიერ ღვთივკურთხეული საერო ხელისუფლების სიყვარულსა და ერთგულებას. წმიდა პეტრე ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგ მეფემ „შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა „კათოლიკოსსა, ცოლსა თვისსა და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა“. წმიდა პეტრემ მიიღო ვახტანგ მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა ვახტანგ გორგასალის შვილი დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას. წმიდა პეტრე კათალიკოსი გარდაიცვალა დაჩის მეფობის დროს. |