მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა სამოელ კათოლიკოსი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა სამოელ კათოლიკოსი (მე-6) საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა პეტრე კათოლიკოსის შემდეგ, მე-6 საუკუნის დასაწყისიდან. წმიდა სამოელი ისევე, როგორც წმიდა პეტრე კათოლიკოსი, წარმოშობით ბიზანტიიდან იყო. წმიდა სამოელის საქართველოში ჩამოსვლა მოხდა წმიდა ვახტანგ მეფის სურვილით, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ლოცვა-კურთხევისა და ანტიოქიის პატრიარქის მიერ ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ. წმიდა სამოელი სხვა ეპისკოპოსებთან ერთად თან ჩამოყვა ქართლში კათოლიკოსად დადგენილ წმიდა პეტრეს. ამ დროს კათოლიკოსის კათედრა და რეზიდენცია იყო „ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი“. წმიდა სამოელი მცხეთასვე განაწესს ეპისკოპოსად. წმიდა პეტრე კათოლიკოსის გარდაცვალების შემდეგ ქართლის კათოლიკოსის ტახტზე „დაჯდა სამუელ და მეფემან (დაჩიმ მას მიათუალა მცხეთა, რამეთუ ეგრეთ ებრძანა მეფესა ვახტანგს“. წმიდა სამოელი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას განაგებდა მეფე დაჩისა და მისი მემკვიდრის, ბაკურის დროს. წმიდა სამოელ კათოლიკოსის დროს აშენდა წყაროსთავის ეკლესია ჯავახეთში. წმიდა სამოელის მოღვაწეობაში კარგად ჩანს შორსმჭვრეტელი მღვდელმთავარი კათოლიკოსი და თითოეულ პიროვნებაზე მზრუნველი მამა, წმიდანი კარგად იცნობდა მოწამე შუშანიკს (ხს.28 აგვისტო). სამოელ კათოლიკოსი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინებასა და ქვეყანაში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკცების საქმეს. |