მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ილარიონ ახალი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ილარიონ ახალი სიყრმიდანვე უფალს ემსახურებოდა და მრავალი წელი დაყუდებულად ცხოვრობდა. უბიწოებისა და სიწმიდისათვის იგი ჯერ ხუცესად აკურთხეს, შემდეგ კი - პელიკიტის მონასტრის (დარდანელის სრუტესთან) იღუმენად. ღირსი ილარიონი უფლისაგან წინასწარჭვრეტისა და სასწაულქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით გვალვაში წვიმა მოდიოდა, ყანას საქონელი არ ეკარებოდა, მეთევზურთა ბადეები თევზით ივსებოდა. გარდა ამისა, იგი ავადმყოფებს კურნავდა და ბოროტ სულებს განასხამდა.

754 წელს, დიდ ხუთშაბათს პელიკიტის მონასტერს თავს დაესხა ხატმბრძოლი ლახანოდრაკონი, ლიტურგიისას შეიჭრა ტაძარში და შეაწყვეტინა მსახურება, წმიდა ძღვენი მიწაზე დაყარა, 42 ბერი შეიპყრო, ეფესოში გაგზავნა და დაახრჩობინა ისინი. დარჩენილი ბერ-მონაზვნები სასტიკად სცემეს, წვერები ცეცხლით შეუტრუსეს, ზოგიერთს კი ცხვირი და ყური მოაჭრეს და დაასახიჩრეს. ამ თავდასხმის დროს ხატთა თაყვანისცემისათვის მოწამეობრივად აღესრულა ღირსი ილარიონი.

ღირსმა ილარიონმა დაგვიტოვა თხზულებები, რომლებიც ძირითადად ზნეობრივ დარიგებებს შეიცავს.