მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ისე წილკნელი
#წმინდათა ცხოვრება მე-6 საუკუნეში საქართველოს სულიერი ცხოვრება გააბრწყინეს ასურეთიდან ჩამოსულმა მამებმა, წმიდა იოანე ზედაზნელმა (ხს.7 მაისს) და მისმა მოწაფეებმა. წმიდათა ჩამოსვლა ზეგარდმო ძალით ეუწყა ქართლის კათოლიკოს ევლავიოსს. სიხარულმა დაივანა მორწმუნე ერში, რადგან ღვთისმსობლის წილხვედრ ქვეყანას კიდევ ერთხელ მოჰხედა უფალმა და თავისი რჩეული შვილები გამოუგზავნა მოძღვრებად და განმანათლებლად. ღირსმა მამებმა ბევრი ეკლესია-მონასტერი დააარსეს საქართველოში და საფუძველი დაუდეს ბერმონაზვნურ ცხოვრებას. ევლავიოს კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის კურთხევით ღირსი ისე წილკანში მოღვაწეობდა. წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ უბიწოებით განთქმული და სათნოებით სისრულეს მიწევნული წმიდა ისე ევლავიოს კათოლიკოსმა იძულებით აკურთხა მღვდელმთავრად. ისეს არ უნდოდა ეპისკოპოსის პატივის მიღება, ცრემლით ითხოვდა განტევებას, მაგრამ კათოლიკოსისა და წმიდა იოანე ზედაზნელის ლოცვა-კურთხევას წინ ვერ აღუდგა. წმიდა მღვდელმთავრის მღვიძარებასა და მარხვას საზომი არ ჰქონდა. მოწყალებითა და კაცთმოყვარეობით, უცხოთშეწყნარებითა და გლახაკთა ხელის აღპყრობით შორს გაითქვა მან სახელი. ღირსი ისე მთელ ეპარქიაში მოგზაურობდა და ქადაგებდა სახრებას. წმიდანი განსაკუთრებით მთიან ადგილებში დადიოდა, საკერპოებს არღვევდა და წარმართებს ნათელს სცემდა სამების სახელით. ერთხელ ნეტარმა იოანე ზედაზნელმა მოუწოდა თავის მოწაფეებს, ისე წილკნელს და შიო მღვიმელს(ხს. ყველიერის ხუთშაბათს და 9 მაისს), რათა სათნოებაში გამოეცადა ისინი და ხალხისთვის ქრისტეს ძლიერება ეჩვენებინა. წმიდა მამამ თავის სულიერ შვილებს უთხრა: „მნებავს თქუენსა მიერ სასწაულისა რაიმესი ქმნა, რათა მხილველნი მათნი ადიდებდნენ ღმერთსა, რამეთუ ფრიად მოქენე არიან ქართველნი ხილვად თქუენგან სასწაულთა და საკვირველებათა, რაითა უმეტესად ჰრწმენეს ჩუენ მიერ ქადაგებული იგი სარწმუნოებაი“. ღირსმა მამებმა მორჩილებით მიიღეს ლოცვა-კურთხევა. წმიდა იოანემ ელია დიაკონს უბრძანა, ჭიქა მიერთმია მისთვის, შემდეგ საკურთხებლად ისეს მიაწოდა, როგორც ეპისკოპოსს და უპირატესს. ისემ პირიქით, მისგან ითხოვა ლოცვა. „მაშინ ნეტარმა ზეღაპყრა ჭიქა იგი და ყო ლოცვა, დაასრულა და განუტევა იგი. და ჰაერთა შინა დადგა ჭიქა იგი, ვითარცა მყარსა რასმე ზედა“. შემდეგ იოანემ ღირს შიოს უთხრა: „ ჯერ-არს მადლისა მიცემა და საკმევლისა შეწირვა“. წმიდა შიო მივიდა ცეცხლთან, ნაკვერცხალი აიღო, ხელის გულზე დაიდო და საკმეველი დაასხა. ყველას უკმია, მაგრამ არაფერი დაშავებია. ამ სასწაულის მხილველნი ღმერთს ადიდებდნენ. წმიდა იოანემ ახლა ღირს ესეს მიმართა: „ მამაო მფლობელო, გუნებავს, რათა შენგან კურთხევა მივიღოთ, რომელ გუაქუნდეს სახსენებლად შენდა“. წმიდა ისე მდინარე ქსნის პირას ჩავიდა, მას უკან გაჰყვნენ წმიდა მამები და უამრავი ხალხი. წმიდა ისემ ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი „დასცა მას ზედა სახელისა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა“, თან ბრძანა: „მდინარეო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა გიბრძანებ ჩემ მიერ კსინვით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეღა ვიდოდე“. მდინარეს წყლის ერთი ტოტი გამოეყო და წმიდა ისეს კვერთხს შეუდგა. საითაც წმიდა ისე მიდიოდა, წყალიც იქეთ მიჰყვებოდა, ვიდრე წილკნის საყდრამდე არ მიაღწია. აღმართს მისთვის ხელი არ შეუშლია. ამ სასწაულის მხილველი მცხეთისა და გარემო სოფლების მკვიდრნი ადიდებდნენ ქრისტეს სახელს, რომელმაც ასეთი მადლი გარდამოავლინა თავის რჩეულებზე. სასწაულთმოქმედ მამას უფლისგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. შეკრიბა მოწაფენი და ეკლესიის მსახურნი, დაარიგა ისინი, დალოცა, ეზიარა და უფალს შეჰვედრა სული: „უფალო, ხელითა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“,-ეს იყო წმიდანის უკანასკნელი სიტყვები. ღირსი ისე წილკნელის ნეშტი დაკრძალეს იქვე, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. |