მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი იოანე დამასკელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი იოანე დამასკელი 680 წელს დაიბადა სირიის დედაქალაქ დამასკოში, მართლმორწმუნე ქრისტიანტა ოჯახში. მამამისი-სერგი მანსური ხალიფას კარის ხაზინდარი იყო. იოანეს გარდა მას შვილობილიც ჰყავდა-ადრეულ სიყრმეში დაობლებული კოზმა. იოანემ და კოზმამ ოჯახშივე მიიღეს ბრწყინვალე განათლება კალაბრიელი ბერის, კოზმას ხელმძღვანელობით, რომელიც სერგიმ დამასკოს მონათა ბაზარზე ტყვეობიდან გამოისყიდა. ყმაწვილებმა, განსაკუთრებით კი იოანემ, საკვირველი ნიჭი გამოავლინეს და და ადვილად შეითვისეს რიტორიკა, დიალექტიკა, ფილოსოფია, არითმეტიკა, ასტრონომია, მუსიკა, პოეზია, საღვთო წერილი... ამგვარად განსწავლული იოანე მამის გარდაცვალების შემდეგ ხალიფას პირველი მრჩეველი გახდა და ქალაქის თავის თანამდებობაც შეითვისა. ამ დროს ბიზანტიაში აღმოცენდა ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელმაც იმპერატორ ლევონ მე-3 ისავრიელის (717-741) მხარდაჭერით სწრაფად იწყო გავრცელება. იოანემ მათლმადიდებლობის სიწმიდის დასაცავად დაწერა სამი ტრაქტატი ხატმბრძოლთა წინააღმდეგ. წმიდანის ღვთივგაბრძნობილმა ნაწერებმა იმპერატორი გააფთრა, მაგრამ რადგან მათი ავტორი ბიზანტიის ხელქვეითი არ იყო, მისი არც შეპყრობა შეეძლო და არც სიკვდილით დასჯა. მაშინ უსჯულო ლეონმა ცილისწამებას მიმართა: მისი ბრძანებით, დახელოვნებულმა კალიგრაფებმა იოანეს ხელწერით დაწერეს ეპისტოლე, რომელშიც დამასკელი მინისტრი იმპერატორს თითქოს სირიის დედაქალაქის დაპყრობაში ხელშეწყობას აღუთქვამდა. ეს ეპისტოლე უღვთო თვითმპყრობელმა თავისი პირფერობით და ლიქნით სავსე წერილთან ერთად ხალიფას გაუგზავნა. განრისხებულმა ხალიფამ საქმის გამოუძიებლად, ისე რომ წმიდანს თავის მართლების უფლება არ მისცა, ბრძანა, თანამდებობიდან გადაეყენებინათ ნეტარი, მარჯვენა მოეკვეთათ მისთვის და სხვათა დასაშინებლად ბაზრის მოედანზე ჩამოეკიდათ. მოკვეთილი მტევანი იმავე საღამოს დაუბრუნეს იოანეს დასამარხად, რის შემდეგაც წმიდანი ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაემხო და ყოვლადწმიდას მხურვალედ შესთხოვა, ხელი გაემრთელებინა. ამ ვედრებაში იოანეს ჩაეძინა. სიზმრისეულ ჩვენებაში ზეციური დედოფალი წარდგა მის წინაშე და უთხრა: „აჰა, განკურნებულ არს ხელი შენი და დაცხრომილ ტკივილთაგან, ამიერიდან ისწრაფე მიცემად ღმრთისა ლოცვათა შენთა“. გამოღვიძებულმა წმიდანმა იხილა, რომ მოკვეთილი მტევანი, მართლაც მაჯასთან მკლავს მიერთებოდა, სიხარულითა და მადლიერებით აღივსო და უფალს შეჰღაღადა: „ მარჯვენე შენი, უფალო დიდებულ არს ძალითა შენითა. მარჯვენამან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი“ (გამოსვლ. 15,16); ღვთისმშობლის ხატზე, რომლის წინაშეც განიკურნა, იოანემ ვერცხლის ხელი მიამაგრა სამადლობლად (იხ. 28 ივნისის საკითხავი). მომხდარი სასწაული რომ შეიტყო, ხალიფამ ირწმუნა ვეზირის უდანაშაულობა და პატივი დაუბრუნა, მაგრამ ანგელოზებრივი ცხოვრებისაკენ მოსწრაფე იოანემ ამსოფელთან კავშირის გაწყვეტა განიზრახა, ხელისუფალს სთხოვა, წინ არ აღდგომოდა მის გადაწყვეტილებას და დაითანხმა კიდეც. შინ დაბრუნებულმა უფლის რჩეულმა მთელი ქონება მოწყალებად გასცა, მონები გაათავისუფლა და თანაშეზრდილ კოზმასთან ერთად იერუსალიმის მოსალოცად გაეშურა. აქ, საბა განწმენდილის ლავრაში იოანე უბრალო მორჩილად შედგა, მაგრამ იღუმენს ძალიან გაუჭირდა მისთვის სულიერი მოძღვრის მოძებნა: ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს გვარიშვილობითა და სიბრძნით განთქმული კაცი ბერისთვის შესაფერ მორჩილებას გამოიჩენდა. ბოლოს გამოჩნდა ერთი მოხუცი, ღვთივგაბრძნობილი ბერი, რომელაც განაცხადა, რომ თავს იღებდა იოანეზე ზრუნვას. მოძღვარმა სენაკში წაიყვანა წმიდანი და ასე დაარიგა: „ნუ ჰლაღობ შენ შორის მყოფისა მაგის სიბრძნისა და მეცნიერებისათვის. და სწავლულობათა მაგათ, რომელნი გისწავლიან, რამეთუ არარაით უდარეს მათსა არს სასწავლო მანაზონთაი, არამედ ფრიადცა რაიმე უმეტეს და უმაღლეს არს ფილოსოფოსობაი ამათი“. შემდეგ ბერმა ნეტარ მოწაფეს უბრძანა, მისი რჩევის გარეშე წერილიც კი არ მიეწერა არავისთვის და არასდროს გაეხსენებინა და წარმოეთქვა ის, რაც საერო წიგნბში ჰქონდა ამოკითხული. იოანე უდრტვინველად დამორჩილდა კურთხევას. ცოტა ხნის შემდეგ მოძღვარმა გადაწყვიტა, სულიერი შვილი სიმდაბლეში გამოეცადა და დაავალა, მონასტერში დამზადებული კალათები დამასკოში წაეღო გასაყიდად. ბერმა ძმების ნახელავს ღირებულებაზე ბევრად აღმატებული ფასი დაადო, წმიდა იოანემ, დამასკოს საუკეთესო ოჯახის შვილმა, მშობლიური ქალაქის ქუჩებში გლახაკივით ჩამოძონძილმა დაიწყო ბერების ნახელავის გაყიდვა. გამვლელები წმიდანის საქონლის ფასს რომ გებულობდნენ, დასცინოდნენ, მაგრამ ბოლოს ერთმა ყოფილმა მსახურმა იცნო და ისე, რომ არც გამოცნაურებია, ყველა კალათა შეისყიდა. გამოხდა ხანი. საბაწმიდის ლავრაში მცხოვრებ ერთ ბერს ძმა გარდაეცვალა და იოანეს სთხოვა, რაიმე შეექმნა მის სანუგეშოდ. წმიდანი დიდხანს უარობდა, მაგრამ ბოლოს მოყვასისადმი თანალმობად სძლია და დაწერა თავისი ცნობილი ტროპარები შესვენებულსა ზედა. „ჭეშმარიტად ამაო არს ყოველივე წარმავალი, და ცხოვრება ესე უმედგრეს აჩრდილისა და სიზმრისა, რამეთუ ცუდად ჰშფოთებს ყოველი მიწითშობილი“-ვკითხულობთ ერთ-ერთ მათგანში. სულიერი შვილის ურჩობამ ძლიერ განარისხა მოძღვარი და იგი სენაკიდან გააძევა. ამაო იყო წმიდანის ცრემლიანი მუდარა და ვერც ძმების შუამდგომლობამ გაჭრა. მაშინ ერთ-ერთმა მოსაგრემ მოძღვარს სთხოვა, ეპიტიმიით განესწავლა შემცოდე და ამ უკანასკნელმაც იოანეს მონასტრის ყველა არაწმიდა ადგილის დაუფთავება დაავალა. უფლის რჩეულმა სიხარულით მიჰყო ხელი დავალებულ საქმეს, მისმა სულიერმა მამამ კი, ნეტარის ასეთი სიმდაბლე და მორჩილება რომ იხილა, სიხარულით ჩაიკრა იგი გულში და ცოდვაც შეუნდო. იმავე ღამეს მოძღვარს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ეჩვენა და უბრძანა, იოანესთვის მწერლობა არ აეკრძალა: „ამიერიდან უბრძანე მას თქუმად, რაცა სთნდეს, რამეთუ ნუგეშინის-მცემელი და ყოვლადწმიდა სული იტყვის ენით მისით“. როცა ღირსი მამის შესახებ იერუსალიმის პქტრიარქმა შეიტყო, მას მღვდლად დაასხა ხელი და თავის საკათედრო ტაძარში ქადაგება დაავალა, მაგრამ განმარტოებული ცხოვრებისაკენ მოსწრაფე იოანე მალე დაუბრუნდა თავის სავანეს და აღსასრულამდე ღვთივსულიერ წიგნებსა და საგალობლეს ჰქმნიდა. ამის შემდეგ ნეტარმა მხოლოდ ერთხელ დატოვა ლავრა-754 წელს, კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე გაემგზავრა და ამხილა ხატმრძოლთა მწვალებლობა. ამისთვის იგი საპყრობილეში ჩააგდეს და აწამეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ცოცხალი გადარჩა. წმიდა იოანე დაახ.780 წელს (სხვა ცნობით-754 წლამდე) გარდაიცვალა, 104 წლის ასაკში. იოანე დამასკელს ეკუთვნის მრავალი საგალობელი, საღვთისმეტყველო შრომა და ხატმბრძოლთა მწვალებლობის წინააღმდეგ მიმართული ეპისტოლე და აპოლოგია; მის ნაშრომებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს „ცოდნის წყაროს“, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება: „სიბრძნისმეტყველება“ („ფილოსოფიური თვეები“), „მწვალებლობათა აღწერა“ და „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“. საგალობლებს შორის უნდა გამოვყოთ „შენდამი იხარებს, მიმადლებულო“, რომელიც თავისი მარჯვენის სასწაულებრივი განკურნების სამადლობლად შექმნა. იოანე დამასკელის ხატებზე თავზე სახვევით გამოსახავენ. ეს ის სახვევია, რომელსაც შემდგომში თავზე შემოკრულს ატარებდა ღვთისმშობლის დიდი წყალობის მოსაგონებლად. |