მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი მამა განწმედილი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მამა განწმედილი მე-5 საუკუნეში დაიბადა კაბადოკიაში, კეთილმსახური ქრისტიანების, იოანესა და სოფიას ოჯახში. წმიდანის მამა მხედართმთავარი იყო. ერთხელ იგი სამსახურის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნეს და მეუღლეც თან წაიყვანა. ხუთი წლის ძე ბიძას დაუტოვეს აღსაზრდელად. გავიდა ხანი. წმიდანის ნათესაობაში მისი მამის ქონების გამო შფოთი და მტრობა ჩამოვარდა, სიყრმიდანვე უფლისგან შეყვარებულმა საბამ კი ყოველივე ამაოდ შერაცხა და მახლობლად მდებარე ფლაბიანოსის მონასტერს შეეხიზნა. ამ დროს იგი 8 წლისა იყო. ნათესავები ბევრს ეცადნენ საერო ცხოვრებისკენ მოებრუნებინათ ნეტარი,მაგრამ საბა მტკიცედ იდგა. გულისხმიერმა ყრმამ სწრაფად შეისწავლა წმიდა წერილი „ და ყოველი წერილი მონაზონობისაი“.17 წლისა მონაზვნად შედგა, „სული თვისი დაიმდაბლა მარხვითა... ხორცნი შრომითა დააჭნვნა“, ყველა მოწესეს გარდაემეტა სიმდაბლით, მორჩილებითა და ღვთისმსახურებით. წმიდა საბას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. ფლაბიანოსის მონასტერში გატარებული ათი წლის შემდეგ საბა იერუსალიმში გაემგზავრა, აქედან კი ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) ლავრას მიაშურა. ღირსმა ექვთიმემ წმიდანს ამბა თეოქტისტეს სავანეში წასვლა ურჩია. უფლის რჩეულმა მდაბლად მიუგო: „ ვითარცა მიბრძანო, ეგრეცა ვყო“. წმიდა საბა 30 წლის ასაკამდე ამ მონასტერში იმყოფებოდა მორჩილად, წინამძღვრის-ტეოქტისტეს გარდაცვალების შემდეგ კი სავანის მახლობლად, გამოქვაბულში დამკვიდრდა. კვირაში ხუთი დღე იგი არაფერს ჭამდა. გამუდმებით ლოცულობდა და შრომობდა, შაბათ-კვირას კი საძმოსთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა და მათთან იყოფდა ტრაპეზს. რამდენიმე ხანში წმიდანს ნება დართეს, დაყუდებიდან საერთოდ არ გამოსულიყო და ასე, სრულ მარტოობაში დაჰყო ხუთი წელი. ღირსი ექვთიმე ყურადრებით ადევნებდა თვალს ახალგაზრდა ბერის მოღვაწეობას. ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ კი (473), წმიდა საბა ნეტარი გერასიმეს (475; ხს.4 მარტს) სავანის სიახლოვეს დამკვიდრდა და „ გამობრწყინდა, ვითარცა მთიები, იორდანისა უდაბნოსა“. ერთხელ უფლის ბრწინვალე ანგელოზი წარდგა ნეტარი საბას წინაშე და უბრძანა, სილოამის ხევთან მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრებულიყო. მოსაგრე დამორჩილდა ზეციურ კურთხევას. საბას ახალი სენაკი ძნელად მისასვლელი იყო: იგი საბლით ადიოდა და ჩამოდიოდა. თანდათან წმიდანის ირგვლივ მოწაფეები მომრავლდნენ. ჯერ მცირე ეკვდერი ააგეს, შემდეგ კი ცეცხლოვანი სვეტით უფლისგან სასწაულებრივ მინიშნებულ მღვიმეში მცირე ტაძარიც მოაწყვეს; აშენდა სენაკებიც... ასე წარმოიშვა დიდი ლავრა. საბამ ამ სავანისთვის შექმნა პირველი წეს-განგება, „იერუსალიმის“ სახელით ცნობილი, რომელიც შემდეგ პალესტინის ყველა სავანემ მიიღო. წმიდა საბას არ სურდა მღვდლად კურთხევა, მაგრამ „უფლს ნება სხვაგვარი იყო“ მთავარეპისკოპოსმა თითქოს სხვა გარეშე მიზეზით იერუსალიმში მოუწოდა წმიდანს და ხუცესად დაასხა ხელი. ექვთიმე დიდის მიბაძვით წმიდა საბაც დიდმარხვაში უდაბნოში გადიოდა ხოლმე. ერთხელ მან მკვდარ ზღვაში მცირე კუნძულს მოჰკრა თვალი და გადაწყვიტა, აქ გაეტარებინა მარხვის დღეები, მაგრამ, როგორც კი მისკენ გაიწია, ეშმაკის მანქანებით, „შთავარდა... ადგილსა ერთსა მის ზღვისასა, ბნელსა და ცეცხლსა, და გამოვიდა მიერ ალი და შეწუა პირი და წუერი“ და რამდენიმე დღე უგონოდ ეგდო, შემდეგ უფალი შეეწია და გააძლიერა, მაგრამ მოტრუსული წვერი ამის შემდეგ არ წამოზრდია- უწვეროდ დარჩა. „ქუეყანისა ანგელოზი... და ზეცისა კაცი, ბრძენი და სარწმუნო მოძღუარი“, წმიდა საბა დაუცხრომელი მოწამე იყო. „მან უდაბნოი ქალაქ ყო მონაზონთა სიმრავლითა“: გარდა დიდი ლავრისა, კიდევ ექვსი სავანე დააარსა. უფლის რჩეული ახოვნად იბრძოდა მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმიდის დასაცავად. ასე მაგალითად, მწვალებელმა სევერიუსმა დიდი კადნიერება ჰპოვა უსჯულო მეფის, ანასტასის წინაშე და ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ეს რომ წმიდა საბამ გაიგო, იერუსალიმში ჩავიდა უდაბნოში მოღვაწე ბერების თანხლებით და საჯაროდ შეაჩვენა სევერიუსი და მისი მწვალებლური მოძღვრება: „შე-მცა-ჩუენებულ არს სევერი და რომელნი მას ეზიარებიან!“ ანასტასიმ მხედართა რაზმი გაგზავნა იერუსალიმში, იქაური მართლმადიდებელი მღვდელმთავარი ელია გადააყენა და მის ნაცვლად მწვალებლობისკენ მიდრეკილი იოანე დაადგინა. საბა და სხვა მეუდაბნოე მამები კვლავ შეიკრიბნენ იერუსალიმში და ისევ საჯაროდ შეაჩვენეს ერეტიკოსები. ანასტასიმ გადაწყვიტა, ქალაქიდან განედევნა მართლმადიდებელი მამები, მაგრამ „ყოველნი მონაზონნი უდაბნოისანი“ აღსდგნენ წინამძღვრების დასაცავად და უღმრთო ხელისუფალი აიძულეს რისხვა დაეცხრო. ნეტარი საბა მეტად ასკეტური ცხოვრებით ცოვრობდა. ახოვანი მოსაგრე გამოცდილი მოძღვარიც იყო. ერთხელ იგი ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად იერიქონიიდან იორდანისკენ მიდიოდა, როცა მათ ერისაგანნი, და მათ შორის ერთი მშვენიერი ქალი შემოხვდათ. წმიდანმა მოწაფის გამოცდა მოისურვა და უთხრა: „ვითარ შუენიერ არს ქალი ესე, რომელ გარე-წარგუხდა, და არს იგი ერთთუალი“. მოწაფემ მიუგო; „არა მამაო, ორნივე თუალნი ასხენ“. ბერმა გაიმეორა: „სცეთ, შვილო, ერთთუალი არს“, მოწაფემ კი თავისი დაიჟინა:“არა ერთთუალი არს, არამედ დიდად ხოლო თუალითა შუენიერ არს“. მაშინ საბამ თქვა: „და სადა წერილ არს, რაითა შენ თუალნი მიადგნე მას და წამითა შენითა იხილო იგი? რამეთუ, ვითარცა ცეცხლი შემწუველი, ეგრე არს“. თვალდაუჭერლობისათვის ნეტარმა დასაჯა მოწაფე, სენაკიდან გააძევა და მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნა, რაც მან გულწრფელი სინანულით აღვსილმა, „თავი თვისი დიდად დაიტანჯა“. წმიდა საბა მთელი მარხვის მანძილზე პურს არ ღებულობდა, „შურებინ სიცხესა მრავალგზის და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა შვიდეულთა მარხვით აღასრულებდა“, მაგრამ თუ სტუმარი მოვიდოდა და გაიხსნილებდა, „დღესა ორჯერ ჭამის და განძღის და გადაერიის, და სიყვარულით სტომაქსა არა ევნის“. ერთხელ, იოანე მთავარეოისკიპოსთან სტუმრობისას, საბა თურმე, ცვეულებისამებრ, წრფელი გულით ღებულობდა ყველაფერს,რასაც აწვდიდნენ და „ღმრთისა მიერ არარას განიკითხავდა“. მასინ თეოდოსი დიდი იოანესა და მის ძმას, ასკალონის ეპისკოპოს ანტონის სიყვარულით გახუმრებია: „თქუენ ორთავე, რომელთა შემდგომად ღმრთისა თავადი პალესტინა გამოზარდეთ ჟამსა სიყმაწვილისასა, მიკვირს თუ ეგე გან-ვიტარ-აძღოთ საჭმლითა“. პასუხად მთავარეპსკოპოსს უთქვამს:“შემინდვეთ, მამანო, რამეთუ ჩუენ ვერცა შიმშილსა დაუთმობთ, ვერცა სიმაძღრესა, ხოლო ამას ღმრთისა კაცსა მოციქულთაი იგი აქუს მადლი, იცის დამდაბლებაიცა და აღმაღლებაიცა... იცის მაძღრობაი და სიმშილი, გარდამეტებაი და ნაკლუევანებაი და ყოველივე განძლიერებულ არს ძლიერებითა ქრისტესითა“. წმიდა საბა მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა გარდამოხდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა, ბევრი გადაურჩა სასიკვდილო საფრთხეს... ნეტარ მამას მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, ხშირად ისინი ღებულობდნენ მისგან კურნებას. წმიდა საბამ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება: დასნეულებულმა, ოთხი დღე „არარაისაი გემოი იხილა, არცა ვის თანაზრახვიდა“, შაბათ საღამოს კი ქრისტეს სისხლსსა და ხორცს ეზიარა და 532 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. |