მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მეფე ვახტანგ მე-3
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მეფე ვახტანგ მე-3 მეფობდა 1302-1308 წლებში. წმიდანის მამის მეფე დემეტრე თავდადებულის (ხს.12(25)მარტს) მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ ვახტანგი მთიულეთში იზრდებოდა. იგი 1302 წელს დაამტკიცა მონღოლთა ყაენმა საქართველოს მეფედ. „ქართლის ცხოვრების „ თანახმად: „დაჯდა რა მეფედ ვახტანგ, ძე დიმიტრისა, მას მოსცეს ყოველ საქართველო“ და გაიხარა კიდეც ყოველმა ქართველმა, „რამეთუ იყო ვახტანგ ყოვლითა სრულ, სარწმუნოებით მტკიცე, ღმრთის მოშიშ, სამღვდელოთა პატივისმცემელ, ეკლესიათა პატივისმდებელ, მშვიდ და მდაბალ, მყუდრო, მოწყალე, უშფოთველ, ყოვლითა კეთილითა სრულ და არავის მოშურნე“. ჟამთააღმწერლის ცნობით:“არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა, არცა შენება ყოვლადვე... ვიქმენით მიცემულ პირველად მწარესა ტყუეობასა და მეორედ ბარბაროზთა მიერ სრვასა და ხოცასა, და მესამედ იქნა პურის მოკლებაი... ესოდენ განძვინდა შიმშილი, რომელ მძორსა არაწმიდასა ურიდად ჭამდეს... ყრმანი მკვდართა დედათა ძუძუთ ლეშვთა სწოვდიან... მოაოხრეს ქართლი უბოროტესად... და მიეცა ქუეყანა განსარყვნელად, ცოდვათა ჩუენთათვის“. მეფე ვახტანგი ყოველნაირად ცდილობდა ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორებას. თუმცა მეტწილად საქართველოს გარეთ, მონღოლთა ლაშქრობებში უხდებოდა იძულებით მონაწილეობა და ასეთ ლაშქრობებს ეწირებოდა ქართველთა სულიერი და ფიზიკური ძალმოსილება. მონღოლთა ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობის დროს გილანში, სადაც ჩვეულებრივ ქართველებიც მონაწილეობდნენ მონღოლები დამარცხდნენ, ბრძოლაში დაიჭრა თვით მეფე ვახტანგიც და უამრავი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას. ლაშქრობიდან მიობრუნებულ ვახტანგ მე-3-ს, ნახჭევანთან წამოეწია ყაენის მიერ საქართველოში წარმოგზავნილი მონღოლთა ნოინი. მას ჰქონდა ყაენის ბრძანება, რათა დაენგრიათ, აეოხრებინათ და აღეგავათ საქართველოს წმიდა სავანეები. ასევე, მათი მოთხოვნით, ქართველებს უნდა დაეტევებინათ ქრისტიანობა, მუსლიმანობა. „ხოლო მეფე ვახტანგ არა შეშინდა, არამედ განახმდა, და უმეტეს მოახსენებდა სიმხნეთა და ღუაწლთა ქრისტეს ღმრთისათვის, და რქუა სპათა თვისთა:“კაცნო, ძმანო და ერთ-რჯულულნო, და ქრისტეს ღმრთისა ჭეშმარიტად აღმსარებელნო! უწყით სჯული მამათა მიერ, და გესმიეს ქადაგება წმიდათა მოციქულთა, და უწყით ღუაწლნი და ახოვნებანი მოწამეთანი, და გიხილვან თუალითა თქუენითა ტაძარსა შინა მათსა ურიცხვნი სასწაულნი და გასმიეს სახარებასა შინა უტყუელისა პირისა, ვითარმედ:“რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა“. და კუალად:“მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქუენ“ აწ ნუ შეძრწუნდებით, და წარვიდეთ ყაენს წინაშე და დავდვათ სული მისთვის, რომელმან დასდვა სული თვისი ჩუენთვის. პირველად ჩვენ მივსცნეთ თავნი ჩვენნი სიკუდილად, მერმე იყავნ ნება ღმრთისა. და მან დაიცვას სამწყსო თვისი“... მყის წარემართეს ურდოსა და კარსა ყაენისასა და მუხლნი დაადგინეს, და რქუა მეფემან ხმითა მაღლითა: „ისმინე მაღალო და ძლიერო ყაენო, მოვიდა ბრძანება, რათა ყოველთა ქრისტიანეთა დაუტევნოთ სჯული ჩვენი. აწ ისმინე: ბედნიერთა პაპათა და მამათა თქუენთა ჰმონა და მსახურთა პაპამან და მამამან ჩუენმან ამით სჯულითა, და აროდეს გუასმეს, თუ სჯულინ ქართველთა ავი არს, არამედ უწარჩინებულეს ვყოფილვართ ყოველთაგან. და სპარსთა სჯული უფრო საძაგლად შეერაცხა პირველთა ყაენთა. ამისთვისცა იგინი მოსწყვიდნეს, რამეთუ იყვნეს მწამვლელ და მამათ-მავალ და კაცისმკვლელ.. და აწ თუ სიტყუასა სპარსთასა ისმენ, ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა, და ყოველნი მთავარნი საქართველოსნი შენს წინაშე არიან, და მე მზად ვარ სიკუდილად სჯულისათვის ქრისტიანობისა, და მერმე ეს ყოველნი მყოფნი ქრისტიანენ, აჰა თავნი ჩვენნი წარგვკვეთნენ“ და წარუპყრაცა ქედი“. ჟამთააღმწერლის მიხედვით ყაენისაგან შეწყნარებული მეფე გზაში ნახჭევანთან გარდაიცვალა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით მეფე ვახტანგის აღსასრული შემდეგი სახითაა გადმოცემული:“მოვიდნენ რა წინაშე ყაენისა, განკვირდა ყაენი მოსვლისათვისა მეფისა. მაშინ მეფე ვახტანგ წინააღუდგა დატევნებისათვის ქრისტესა და მოოხრებისათვის ეკლესიებთა. არამედ საქართველოსაცა უარჰყვეს მოგზანილი იგი ნოინი. ამისთვის მოკლა ყაენმა ქრისტესათვის ტანჯვით მეფე ვახტანგ. ტანჯვითა ანუ ექსორია-ყო სპითურთ და მუნ მოკლა“. ვახუშტისეული „ქართლის ცხოვრების“ არშიაზე არსებული მინაწერის მიხედვით, „გარნა იცნობების მუნვე ქვემოთ და ზემოთ ყეენებისაგან ესრეთ, ვითარცა აღგვიწერია და აღსრულებასაცა მისაა ვგონებთ მოწამეობით, ვითარცა აჩენს ცხოვრება ცხადად. ხოლო სიტყვაცა არს, რამეთუ ვახტანგ მეფე მოწამე, არამედ თუმცა ვახტანგ გორგასალისა იგონიებს გარნა გორგასალ ღირსქმნილია მოწამეობისა, ხოლო ესე ვახტანგ სრულ მოწამეა ტანჯვითა ქრისტესათვის“. ვახტანგ მე-3 -ის ცხოვრების შესახებ სხვა მასალები არ არის ცნობილი. რაც შეეხება მეფის განსასვენებლის ადგილსამყოფელს, ქართლის ცხოვრება მიუთითებს დმანისის სიონს, სადაც აღსრულებული მეფე გადმოასვენეს. დმანისში დამკვიდრებულან მისი შთამომავლებიც, უფროსი ძის დემეტრეს და მისი ოჯახის სახით, რომლებიც დაკრძალულნი არიან იქვე. |