მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოწამენი: მინა, ევმოგენი და ევგრაფი
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი: მინა, ევმოგენი და ევგრაფი მე-4 საუკუნეში ეწამნენ ქრისტესათვის. მოციქულთასწორმა კონსტანტინემ(306-337) რომის იმერიის დასავლეთ ნაწილში მართლმადიდებლობა განამტკიცა, მაგრამ აღმოსავლეთში ეკლესია კიდევ დიდხანს იდევნებოდა. იმპერატორი მაქსიმიანე გალერიუსი(305-311) ცდილობდა, მის გამგებლობაში მყოფ ყველა ოლქში ძირფესვიანად ამოეძირკვა ქრისტიანობა. ამ მიზნით მან ალექსანდრიაში წარჩინებული კარისკაცი-მინა გაგზავნა. მინა მაცხოვრის მსასოებელი იყო, მაგრამ თავის სარწმუნოებას ფარულად იმარხავდა. ალექსანდრიაში ჩასულმა წმიდანმა აშკარად აღიარა ქრისტე და წარმართთა შორის მართლმადიდებლობის ქადაგება დაიწყო. ამასთან ლოცვით და ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშნით იგი მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდა. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ თავისი კარისკაცის მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, საშინლად განრისხდა. ამჯერად მან სხვა დიდებული- ერმოგენი გაგზავნა ალექსანდრიაში და დაავალა წარმართობაზე მოექცია, ან დაეხოცა მინა და სხვა ქრისტიანები. სამსჯავროზე მინამ ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მაშინ მას ფეხები მოჰკვეთეს, თვალები დასთხარეს, ენა ამოგლიჯეს და სულთმობრძავი საპყრობილეში ჩააგდეს. ღამით ნეტარ მოწამე იესო ქრისტე გამოეცხადა და ხორციელ წყლულებათაგან განკურნა. ამასობაში ერმოგენი, რომელიც ბუნებით კეთილი ადამიანი იყო, სინანულში ჩავარდა თავისი სისასტიკის გამო. მან დილით წმიდა მინა სრულიად განკურნებული რომ იხილა, გაოცებამ და სიხარულმა მოიცვა და ირწმუნა ქრისტე. რამდენიმე ხანში ერგემონი ალექსანდრიის ეპისკოპოსად დანიშნეს. მან მთელი ქონება გლახაკებს განუყო, მოკლე ხანში შემუსრა მთელი ქალაქის საკერპები, მათ ნაცვლად ეკლესიები ააგო და ქრისტიანობაზე მოქცეული ბევრი წარმართი მონათლა. უფლის სახელის მოხმობითა და ჯვრის ნიშით ნეტარი ყოველგვარ სნეულებას კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა.იმპერატორი მაქსიმიანე თავად ჩავიდა ალექსანდრიაში 10000 მხედრით. იმპერატორის ბრძანებით ერმოგენს ხელ-ფეხი მოჰკვეთეს. მოჭრილი ასოები სახალხოდ ცეცხლში დაწვეს, თავად წმიდანიკი მახვილით განგმირეს და მდინარეში მოისროლეს. ჯალათებმა მინაც სიკვდილის პირას მიიყვანეს წამებით, მაგრამ უფალმა ორივე მოწამე სასწაულებრივ განკურნა: დილით უფლის რჩეულები ხალხის წინაშე ქალაქის მოედანზე გამოცხადდნენ: „ჭეშმარიტად დიდ არს ღმერთი-ღმერთი ქრისტიანეთა!“-ყვიროდა ამ სასწაულით გაოცებული ხალხი. ერთმა ქრისტიანმა ჭაბუკმა, პირჯვარი გადაისახა და ახოვნად აღიარა იესო ქრისტე. მეფე გამძვინვარდა, ნეტარი მარტვილი მახვილით აჩეხა, შემდეგ კი ბრძანა, ერმოგენისა და მინასათვის თავები მოეკვეთათ. წმიდა მოწამეთა ნეტარი სულები სასუფეველს შეერთვნენ. მაქსიმიანეს სურდა, უფლის რჩეულთა ცხედრები ზღვაში დაენთქა, მაგრამ რკინის ლუსკუმა წმიდა ნაწილებითურთ წყალში არ ჩაიძირა. ბიზანტიონის ნაპირებთან მიცურებული სიწმიდე ეპისკოპოსმა ნაპირზე გადმოაბრძანა და ქალაქის კედლებთან დაფლა. იმპერატორმა იუსტინიანემ წმიდა მინას სახელობის ტაძარი ააგო, წმიდა იოსებ ტკბილადმგალობელმა (ხს.4აპრილს) კი წმიდა მარტვილთა სადიდებელი კანონი შექმნა. |