მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი მამანი, საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილნი
ღირსი მამანი, საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილნი(796) ღირსი მამანი სარკინოზთაგან წმიდა საბას მონასტერში მოწყვეტილნი. მე-7 საუკუნეში იერუსალიმის შემოგარენს ხშირად ესხმოდნენ თავს სარკინოზები. მუდმივი თარეშის შემდეგ დაინგრა და გაუდაბურდა წმიდა ხარიტონის მონასტერი. უსჯულოები ორჯერ შეეცადნენ დაერბიათ წმიდა საბა განწმენდილის ლავრა, მაგრამ ღმერთი იფარავდა სავანეს. ლავრის ბერებს შეეძლოთ იერუსალიმისთვის შეეფარებინათ თავი, მაგრამ ვერ დატოვეს ადგილი, სადაც წლების განმავლობაში განიწმინდეს სული და შეიგრძნეს უფლის მადლი. დიდმარხვის დასასრულს, ბზობის წინა დღეს, 13 მარტს სარკინოზები შეიჭრნენ ლავრაში და სავანის მთელი საგანძური მოითხოვეს. ბერებმა უპასუხეს, რომ ტაძარში არ იყო არაფერი, გარდა მწირი საკვებისა და ძონძებისა. მძარცველებმა მამები ისრებით განგმირეს. 30 მამა გარდაიცვალა, მრავალი დაიჭრა, ცეცხლის ალი ავარდა სენკაების თავზე. მომხდურებს ტაძრის დაწვაც უნდოდათ, მაგარ შეეშინდათ მოახლოებული ხალხისა, მონასტერი გაძარცვეს და გაიქცნენ. 20 მარტს, დიდ ხუთშაბათს, სარკინოზთა რაზმი კვლავ დაესხა ტაძარს. სიკვდილს გადარჩენილი ბერები ეკლესიაში გამოკეტეს და საგანძურის გამოტანა მოსთხოვეს, ახალგაზრდა ბერი იოანე შეიპყრეს და სასტიკად აწამეს, შემდეგ ხელებზე და ფეხებზე ძარღვები დააჭრეს და კლდიდან გადააგდეს. ეკლესიის მეჭურჭლემ, წმიდა სერგიმ წმიდა ნივთებინ გადამალა, და შეეცადა გაქცეულიყო, მაგრამ სარკინოზებმა შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს. რამდენიმე ბერმა მოახერხა გამოქვაბულში დამალვა, მაგრამ შეამჩნიეს და უბრძანეს გამოსვლა. ღირსი პატრიკიოსი გავიდა და სარკინოზებს უთხრა, რომ მარტო იმალებოდა. წმიდა მამა ლავრის ეკლესიაში მიიყვანეს, სადაც სხვა ძმებიც იყვნენ დამწყვდეულები. სარკინოზებმა 4000 ოქრო და საეკლესიო ჭურჭელი მოითხოვეს გამოსასყიდად, მაგრამ ბერებს ასეთი თანხის გაღება არ შეეძლოთ. სარკინოზებმა წმიდა მამები შერეკეს გამოქვაბულში და კვამლით გაგუდეს. გამოქვაბულში დაიღუპა 18 მამა. უფალმა დასაჯა ლავრის მძარცველი ბარბაროსები.ისინი მოულოდნელმა ავადმყოფობამ იმსხვერპლა. |