მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოწამე ლუკია
#წმინდათა ცხოვრება მოწამე ლუკია ქალაქ სირაკუზში ცხოვრობდა-სიცილიის კუნძულზე, იტალიის მახლობლად. ერთხელ იგი თავის სნეულ დედასთან-ევტიქიასთან ერთად ქალაქ კატანში ჩავიდა წმიდა მოწამე აღათიას ნაწილთა თაყვანსაცემად. მსახურების დროს ხუცესმა ნეტარი მოწამის ლუსკუმასთან წაიკითხა სახარება დედაკაცზე, რომელიც რწმენით შეეხო მაცხოვრის სამოსლის კიდეს და განიკურნა. ლუკიამ ევტიქიას უთხრა:“დედა, თუ გჯერა, რაც იკითხება, ისიც გწამდეს, რომ ქრისტეს სახელისათვის აღსრულებული აღათია დღეს მის წინაშე დგას ცათა შინა. სარწმუნოებით შეეხე მის საფლავს და განიკურნები“. ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ დედა და შვილი ლუსკუმის წინაშე დიდხანს ლოცულობდნენ. ბოლოს ლუკიას ჩასთვლიმა. სიზმრისეულ ჩვენებაში ანგელოზებით გარემოცული წმიდა აღათია წარდგა მის წინაშე და უთხრა:“დაო ჩემო ლუკია, სძალო ღვთისაო! შენი სარწმუნოება შეეწია დედაშენს და ის უკვე განიკურნა. და როგორც ჩემით განდიდდა ქალაქი კატანი, შენით სირაკუზა განდიდდება, რამე-თუ შენი სიწმიდით კეთილი ჭური განუმზადე ქრისტეს!“ ამის შემდეგ ლუკიამ მთლიანად უფალს მიუძღვნა თავი, უკვე დაწინდულმა, უარი თქვა გათხოვებაზე და დედაც დაიყოლია მთელი ქონება გლახაკებისთვის დაერიგებინა. სასიძომ ქალაქის თავთან დაასმინა ნეტარი. ამ დროს ქვეყანას მაქსიმიანე და დიოკლიტიანე (284-305) მართავდნენ და ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ. ლუკიასაც სამსჯავროზე მოუხმეს. გამგებელმა ნეტარის წამება ბრძანა. უფალმა ისურვა, სასწაულით განედიდებინა თავისი რჩეული: როცა ლუკიას დასასჯელად წაყვანა დააპირეს, მისი სხეული ისე დამძიდა, რომ მრავალი უსჯულო ამაოდ ცდილობდა მის ადგილიდან დაძვრას. მაშინ წმიდანი რამდენიმე წყვილ ხარს მიაბეს ბაწრებით, მაგრამ იგი კვლავ მტკიცედ იდგა და ხალხს ქრისტეს უქადაგებდა. მაშინ ქალაქის თავმა ბრძანა, ცეცხლი შემოენთოთ მოწამისათვის. ლუკია არც ახლა განძრეულა. მან წარბშეუხრელად მიმართა მტარვალს:“ მე უფალ იესოს ვევედრე, რომ ცეცხლს არ ჰქონოდა ჩემზე ხელმწიფება. მე ჩემი წამების გახანგრძლივება ვითხოვე, რომ მორწმუნეები სატანჯველების შიშისაგან დამეხსნა, უსჯულოთათვის კი ქრისტიანთა გინების ნება არ მიმეცა“. მაშინ ერთმა წარმართმა მოწამეს ხორხში მახვილი ჩასცა, მაგრამ იგი, ქრისტესგან განმტკიცებული, განაგრძობდა ხალხთან საუბარს, წინასწარმეტყველებდა ქრისტიანთა დევნის დასრულებას და სირაკუზელებს აღუთქვა, რომ მათი ქალაქის მფარველი იქნებოდა. მარტვილის წმიდა ცხედარი მისი წამების ადგილზევე დაკრძალეს. შემდგომში აქ წმიდა სამების სახელობის ტაძარი აიგო. |