მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა აღმსარებელი მარკოზი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა აღმსარებელი მარკოზი, არეთუსიის ეპისკოპოსი ეწამა იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) დროს. მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (306-337; ხს. 21 მაისს) ბრძანებით წმიდა მარკოზმა დაანგრია წარმართული სამსხვერპლოები. როდესაც იულიანემ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და წარმართობის აღდგენა, მტრებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ წმიდა მარკოზზე. მღვდელმთავარი განერიდა დევნას, მაგრამ როცა შეიტყო, რომ მის ძებნაში ქრისტიანებს აწამებდნენ, ნებაყოფლობით გამოცხადდა სამსჯავროზე. მოხუცი ბერი დიდხანს აწამეს, თმა დააგლიჯეს, მიწაზე ათრიეს, ჭაობში ჩააგდეს, დანით დასერეს. წარმართები წმიდა ეპისკოპოსისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ. შემდეგ თაფლი და ქონი წაუსვეს ტანზე. მოწამეს ფუტკრების გუნდი დაესია. წმიდა ბერი ტკივილებს ვერ გრძნობდა, უფალი სასწაულებრივად იცავდა თავის ერთგულ მღვდელმთავარს, რაც კიდევ უფრო აღიზიანებდა მის მტანჯველებს. არეთუსიის მცხოვრებლებმა ეპისკოპოსი გაათავისუფლეს. განთავისუფლებულმა მარკოზმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე და მშვიდობით მიიცვალა 364 წლის შემდეგ. წმიდა მარკოზის წამებაზე მოგვითხრობს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (ხს. 25 იანვარს). საკერპოების ნგრევისთვის წარმართებმა იულიანე განდგომილის დროსვე შეიპყრეს და წამებით ამოხადეს სული წმიდა კირილეს, ილიოპოლელ დიაკონს. იმ ხანებში ასკალონსა და ღაზაში კიდევ მრავალი ქრისტიანი ეწამა.