მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი გიორგი მწერალი და მისი ძმა საბა
#წმინდათა ცხოვრება ღირსი გიორგი მწერალი და მისი ძმა საბა, წმიდა გიორგი მთაწმინდელის(ხს. 27 ივნისს) მამის, იაკობის ძმები იყვნენ. ისინი, ბერმონაზვნობის ღვაწლს შემდგარნი, ხახულის მონასტერში მოღვაწეობდნენ. წმიდა მამები სავსენი იყვნენ საღვთო მადლით. უხუცესი გიორგი მწერალი იყო კურაპალატის კარზე, უმცროს საბას კი გიორგი მცირე იხსენიებს, როგორც კაცს „წრფელს და უმანკოს“. „ ესენი მკვდარ იყვნეს ხახულს ორთავე ცხოვრებითა შეზავებულად, რამეთუ სიმდიდრესა თანა საღმრთოისა მოქალაქეობისასა ხორციელიცა სიმდიდრე უხუებით აქუნდა“. როცა ღირსმა მამებმა ყრმა გიორგის სიკეთე და ღმრთისმოშიშება გაიგეს, იაკობს მისი ხახულში მიყვანა ურჩიეს. იაკობმაც სიხარულით მიჰგვარა შვილი ღმერთშემოსილ ძმებს. ღირსმა გიორგიმ და საბამ ყრმა გიორგი ლოცვა-კურთხევის მისაღებად მონასტერში დავანებულ წმიდა მამებს: მაკარი მმარხველ(ხს. 21 დეკემბერს), ბასილი ბაგრატის ძეს(ხს.27 მაისს), ილარიონ თუალელს(ხს. 26 ივლისს) და ანტონი მნათეს წარუდგინეს, შემდეგ იქვე, მონასტერში დატოვეს და ხელმძღვანელობდნენ მის აღზრდასა და სწავლა-განათლებას. ამ დროს დაბა ტვარწატაფში ცხოვრობდა დიდებული ფერის ჯოჯიკისძე, რომელსაც ცოლად ჰყავდა ბაგრატ მე-3-ის ასული. მათ განიზრახეს გონიერი და სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ბერის მიპატიჟება სასახლეში მასწავლებლად და სულიერი ცხოვრების საქმეთა გამგედ. მათი არჩევანი გიორგი მწერალზე შეჩერდა, რადგან „უგონიერესსა ვერსად ჰპოვებდნენ“. ვედრებით დაითანხმეს ღირსი მამა მონასტრიდან წასვლაზე. გიორგი ხახულელმა ფერის ჯოჯიკისძის ოჯახში თან წაიყვანა ყრმა გიორგი. ერთი წლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ბასილიმ ცილი დასწამა ფერისს და თავი მოჰკვეთა. მისი მეუღლე სახლიკაცებით, რომელთა რიგებში გიორგი მწერალი და ყრმა გიორგი მთაწმინდელიც იყვნენ, კონსტანტინოპოლს წაიყვანეს, სადაც 12 წელი დაჰყვეს. შემდგომ კვლავ უკან დაბრუნდნენ. მოღვაწეობით დამაშვრალი ძმები მშვიდობით მიიცვალნენ. |