მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი მაკარი მმართველი
#წმინდათა ცხოვრება ხახულის მონასტერი მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში აუგია დავით კურაპალატს. შემდეგ საუკუნეებში ის, სიწმიდის, მეცნიერებისა და განათლების კერად იქცა. მონასტერი დღეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ ოდესღაც იქ მოღვაწე ქართველ მამათა მადლი ახლაც სასოებით მოეფინება საქართველოს. იქ მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ: ღირსი ბასილი ბაგრატ მე-3-ის ძე, (ხს.27 მაისს), გიორგი მწერალი და მისი ძმა, საბა ხახულელი(ხს.19 დეკემბერს), ღირსი ილარიონ თუალელი(ხს.24 ივნისს) და უამრავი სხვა ღირსი და ღმერთშემოსილი მამა, რომელთა სიწმიდესა და მოღვაწეობას კეთილად წარმართავდა ხახულის მონასტრის ბრძენი წინამძღვარი ღირსი მაკარი. მაკარი უდიდესი ასკეტი და მასწავლებელი იყო. მასთან მოდიოდნენ რჩევა-დარიგებისა დაკურთხევისათვის როგორც მონაზვნობის მსურველნი და გამოცდილი ბერები, ასევე ერისკაცები. ღირს მაკარის მიჰგვარეს კურთხევისათვის ყრმა გიორგი- შემდგომში უდიდესი მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი, რომელსაც წინასწარცნობის ნიჭით დაჯილდოებულმა მამა მაკარიმ თავისი სულიერი შვილი უწოდა. ღირსი მაკარი, ღვთის შეწევნით, ერთმანეთს კარგად უთავსებდა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობასა და განდეგილობას. განსაკუთრებული მარხვისა და ლოცვისათვის მას მმარხველი უწოდეს. მისი წინამძღვრობის დროს ხახულის მონასტერი „ვითარცა მთიები“ ბრწყინავდა და ორიენტირს აძლევდა სასულიერო და საერო მოღვაწეობის მსურველთ. ღირსი მაკარი 1034 წლის ახლო ხანებში გარდაიცვალა. |