მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ნიფონტი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ნიფონტი -კვიპრელი ეპისკოპოსი პაფლაგონიაში დაიბადა, განათლება კი კონსტანტინოპოლში მიიღო. ბავშვობასი იგი მშვიდი და კეთილი იყო, საეკლესიო მსახურებებზე დასწრება უყვარდა, მაგრამ სიჭაბუკეში თავაშვებულ და ცოდვილ ცხოვრებას მიეცა. ნეტარი ხანგამოშვებით გონს მოდიოდა, სულიერი თვალებით ჭვრეტდა თავისი დაცემის სიღრმეს და ძრწოლა იპყრობდა, მაგრამ უფლისგან შენდობის მიღების იმედი არ ჰქონდა, რის გამოც კვლავ უსჯულო ცხოვრებას უბრუნდებოდა. ერთხელ ნიფონტს ერთი მეგობარი შეხვდა და დიდხანს გაოცებით შეჰყურებდა. როცა წმიდანმა მიზეზი იკითხა, მეგობარმა უპასუხა:“ადრე არასოდეს მინახიხარ ასეთი-სახე ეთიოპელივით შავი გაქვს“. ამ სიტყვებმა უფლის რცეულა თავზარი დასცა, მიხვდა, რომ სრულიად დაეკარგა უფლის ხატება. იგი მთელი ღამე ტირილით შენდობას სთხოვდა მაცხოვარს, დილით კი ტაძარს მიაშურა, ღვთისმშობლის ხატის წინ დადგა და მხურვალედ ილოცა. უცბად ყოვლადწმიდა ქალწულს სახე არაამქვეყნიური სუქით გაუბრწყინდა და ზედ ღიმილი გადაეფინა. ამის შემდეგ ნიფონტი დაუდუმებლად აღავლენდა ლოცვას ზეციური დედოფლის მიმართ, თუ ცოდვით დაეცემოდა, ღვთისმშობელი პირს აარიდებდა, მაგრამ გულწრფელი სინანულისა და ლოცვის შემდეგ კვლავ მოწყალე თვალით გადმოხედავდა. ბოლოს წმიდანმა სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი, ლოცვასა და სინანულში ატარებდა დროს. ერთხელ დასნეულებული ნიფონტი ღვთისმშობლის შემწეობით სასწაულებრივ განიკურნა, რის შემდეგაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა, ბერად შედგა და ღვაწლი კიდევ უფრა გაამკაცრა. დემონები დაუცხრომლად ებრძოდნენ უფლის რჩეულს: ფიქრებს უმღვრევდნენ, სხვადასხვაგვარ ხილვებს წარმოუსახავდნენ, შიმშილსა და წყურვილს აღუძრავდნენ, მაგრამ იგი ღვთის შემწეობით სძლევდა საცთურებს. ნიფონტი უკვე მხცოვანი იყო, როცა ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც პატრიარქმა, მას კვიპროსის ქალაქ კონსტანციის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მაგრამ წმიდანს ამ ხარისხში დიდხანს არ დაუყვია. ნეტარმა სამი დღით ადრე შეიტყო საკუთარი მიცვალების შესახებ. აღსასრულის წინ იგი მღვდელმთავარმა ათანასე დიდმა (ხს.2 მაისს და 18 იანვარს) მოინახულა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფი წმიდანი ანგელიოზებისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოცხადების ღირსი შეიქმნა. |