მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
#წმინდათა ცხოვრება მაცხოვარი სოფლისა, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ყოვლადწმიდა ქალწული მარიამისაგან იშვა იუდეის ბეთლემში იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს. იმ ხანებში გამოვიდა ბრძანება, აღეწერათ რომის მთელი იმპერიის მოსახლეობა, რომლის ერთ პროვინციასაც პალესტინა წარმოადგენდა. ებრაელებს ჩვეულებად ჰქონდათ, საყოველთაო აღწერები ტომებისა და გვარების მიხედვით ჩაეტრებინათ. თითოეულ ტომსა და გვარს თავისი ქალაქები და მამამთავართა სახელებთან დაკავშირებული ადგილები ჰქონდა. რადგან მარიამი და იოსები დავთ მეფის შთამომავლები იყვნენ, აღწერისათვის დავითის ქალაქში-იუდეის ბეთლემში ჩავიდნენ. ბეთლემში ჩასული იოსებისა და მარიამისთვის არც ერთ სასტუმროში არ აღმოჩნდა თავისუფალ ადგილი და ისინი იძულებულნინ გახდნენ, ქალაქის განაპირას მდებარე გამოქვაბულს შეფარებოდნენ, რომელიც უამინდოისას პირუტყვთა სადგომს წარმოადგენდა. ამ გამოქვაბულში, პირუტყვთა საკვებად და საფენად მიმოფანტულ თივასა და ჩალაში, ზამთრის ცივ ღამეში იშვა მაცხოვარი. ჩვილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავად გაახვია სახვევებში და ბაგაში მიაწვინა, „რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას“(ლკ.2,7). შუაღამის სიჩუმეში, მახლობლად, სოფელში მწყემსები „ველთა დგებოდეს და ხუმილვიდეს სახუმილავსა ღამისასა სამწყსოსა მათსა“. ანგელოზებმა მათ ახარეს მხსნელის განკაცება:“ „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა“(ლკ.2,10-11). მწყემსებმა თაყვანი სცეს ახალშობილ ჩვილს. მათ შემდეგ ახლად გაბრწყინებული უჩვეულო ვარსკვკლავის წინამძღოლობით „მოგუნი აღმოსავალთ მოვიდის იერუსალიმად... თაყუანისცემად მისა“(მთ.2,1-2) და, როცა იხილეს ყრმა მაცხოვარი, „დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა, და შეწირეს მის ძღუენი; ოქრო, გუნდრუკი და მური“(მთ.2,11); ოქრო-როგორც მეფეს, გუნდრუკი- როგორც ღმეთს და მური-როგორც ადამიანს. ქრისტეშობის დღესასწაულს ეკლესია პირველი საუკუნიდან აღნიშნავს. მოციქულთა კანონებში ვკითხულობთ:“შობის დღესასწაულს უნდა უქმობდნენ, რადგან იგი ადამიანებს აძლევს სიხარულს მარიამ ქალწულსგან ამ სოფლის გადასარჩენად ღვთის სიტყვის შობით“. მე-4 საუკუნიდან როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ეკლესიები მაცხოვრის შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. |