მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარი იყო. იგი, იუდას ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი იესეს უმცროსი ძე-სიყმაწვილეში მამამისის ფარას მწყემსავდა. როცა მეფე საულმა ხელი აიღო ღვთის მცნებათა შესრულებაზე, გულთამხილავმა უფალმა დავითი გამოარჩია სამეფოდ და წინასწარმეტყველი სამოელის ხელით სცხო მას „ზეთითა ცხებულისა მისისაითა“. წმიდა დავითი იყო „კაცი...გულისხმისმყოფელი, მხნე ბრძოლასა სრულ ძალითა და ბრძენ სიტყვათა და კეთილ საქმეთა“(1 მეფ. 16,18). ფილისტიმელთა თავდასხმის დროსაც უფალი შეეწია ნეტარს და შურდულით ადვილად დაამარცხა აბჯარასხმული გოლიათი, რამაც ბრძოლის ბედი ისრაელთა სასარგებლოდ გადაწყვითა. ამის შემდეგ ხალხმა ძალიან შეიყვარა წმიდანი. ამან საული შურით აღავსო, მან დავითისადმი მტრობა ჩაიდო გულში და იმ დროიდან მოყოლებული მრავალი განსაცდელი დაატეხა თავს ნეტარს. უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა ყოველივეს-მას ორჯერ შეეძლო მოეკლა დაუძინებელი მტერი, მაგრამ ხელი არ აღმართა მასზე: „ არა მივყო ხელი ჩემი უფალსა ჩემსა ზედა, რამეთუ სხებული უფლისაი არს ესე“(1მეფ.24,11). საუილა და მისი ძის დაღუპვის შემდეგ დავითი ისრაელის სამხრეთ ნაწილის მეფედ დაადგინეს. მას შემდეგ, კი რაც საულის მეორე ვაჟი მოკლეს, იგი მთელი სამეფოს მმართველი შეიქმნა. წმიდანმა ააშენა ახალი დედაქალაქი-იერუსალიმი(„სახლი მშვიდობისა“), აქ ახალი სკინია მოწყო და მოსეს ძველი კარვიდან დიდი ზეიმით გადაიტანა მასში სჯულის კიდობანი. თავად მეფე სიმღერითა და ცეკვით მიაცილებდა სიწმიდეს. დავითს სურდა, მოძრავი კარვის ნაცვლად ტაძარი აეგო უფლისათვის, მაგრამ ზეგარდმო ეუწყა, რომ ამ სურვილის აღსრულება მას არ ეწერა- იგი მის ძეს უნდა განეხორციელებინა. ბოლოს წმიდა დავითის ღვთივსათნო ცხოვრებაც დააბნელა მძიმე შეცოდებამ: მან ერთი ჰურიის პირმშვენიერი ასული შეირთო ცოლად, თავად ურია კი ბრძოლაში მოაკვლევინა. ამ დაცემისათვის იგი მწარედ დაისაჯა: სამოელ წინასწარმეტყველმა ამცნო, რომ ბერსაბესაგან შობილი საყვარელი შვილ მოუკვდებოდა. ღრმა სინანულით შეპყრობილმა წმიდანმა სწორედ ამ დროს შექმნა თავისი 50-ე ფსალმუნი:“მიწყალე მე ღმერთო...“ ერთი შვილის სიკვდილით არ დამთავრებულა წმიდა მეფის უბედურება: ამის შემდეგ მეორე ძე-აბესალომი აღსდგა მამის წინააღმდეგ და მისი ტახტიდან ჩამოგდება მოიწადინა. დავითმა არ ისურვა შვილთან ბრძოლა და სარდლობა სხვას გადააბარა, ერთი კი ითხოვა- არ მოეკლათ, დაენდოთ აბესალომი. დავითის მხედრებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ მეფის სათხოვარი ვერ შეასრულეს. დამწუხრებულმა მამამ ცრემლებით გამოიტირა შემცოდე შვილი. დავით მეფემ 40 წელი იმეფა. კეთილმსახური და მართალი ცხოვრების, სიმდაბლის, მოთმინებისა და ურყევი სასოებისათვის წმიდანმა ისეთი სიყვარული და მოწყალება დაიმსახურა უფლისაგან, რომ მან აბრაამისათვის მიცემული ყველა აღთქმა დაუმტკიცა ნეტარს, საყდრის ურყევობა, კურთხევა, თესლის გამრავლება აღუთქვა და ამცნო, რომ მის შტოდან აღმოცენდებოდა მხსნელი სოფლისა. წმიდა წინასწარმეტყველმა დავითმა დაგვიტოვა 150 ღვთივსულიერი ფსალმუნი. ცნობილია, რომ როდესაც იგი საგალობლებს ქნარზე ამღერებდა, ეშმაკისაგან ქენჯნილ საულს ბოროტი განეშორებოდა(მეფეთა 16,23). ბასილი დიდი ფსალმუნთა წიგნზე წერდა: იგი“წინასწარმეტყველებს მომავალზე და შეგვახსენებს ისტორიასაც, იძლევა ცხოვრების კანონებს და რჩევას საქმეთა კეთებისას. კურნავს სულის ძველ წყლულებს და ახლებსაც მსწრაფლ არჩენს, სნეულს აღადგენს, უვნებელს კი იფარავს. საერთოდ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ანადგურებს ვნებებს, რომელნის კაცის ცხოვრებაში მის სულზე სხვადასხვაგვარად ბატონობენ“. დავით მეფე მშვიდობით მიიცვალა. სიკვდილის წინ მან ტახტი თავის ძეს, სოლომონს უანდერძა და უკანასკნელად დამოძღვრა იგი. |