მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი კონსტანტინე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი კონსტანტინე ქალაქ სინადში დაიბადა. მისი მშობლები იუდეველები იყვნენ. ერთხელ, ყრმობაში, კონსტანტინემ დაინახა, თუ როგორ გადაიწერა პირჯვარი ერთმა ქრისტიანმა. ეს მას ძალიან მოეწონა და თვითონაც ხშირად გადაისახავდა პირჯვარს, თუმცა თავისი მოქმედების აზრი არ ესმოდა. ამან თანდათან ყმაწვილის სულზეც იქონია გავლენა: იგი ყველგან გულმოდგინედ უსმენდა მონათხრობებს ქრისტიანობაზე, შემდეგ კი ირწმუნა ქრისტე. ერთხელ ერთმა ებრაელმა ქალწულმა იგი საშინლად შეურაცხჰყო. კონსტანტინემ პირჯვარი გადასწერა უსჯულოს, რომელმაც მაშინვე სული განუტევა, მაგრამ შემდეგ უბოროტო და გულმოწყალე ჭაბუკს შეებრალა ქალიშვილი, მხურვალედ ილოცა და ისევ გააცოცხლა. ნეტარი კონსტანტინე წმიდა გულით მიენდო უფლის ხმას, დატოვა მშობლირი სახლი და მონასტერში დამკვიდრდა, სადაც იმჟამად მონაზვური სათნოებით გაბრჭყინებული მოსაგრეები მოღვაწეობდნენ. იღუმენი გაესაუბრა, შემდეგ კი ჯვარი გაუწოდა და უბრძანა, მთხვეოდა. წმიდანის სიყვარულით ეამბორა მას, შუბლი მიადო და ზედ გამოესახა მაცხოვნებელი ნიში, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოშორებია. უფლის რჩეული კონსტანტინეს სახელით მონათლეს და ბერად აღკვეცეს. როცა იგი მონაზვნურ აღთქმას დებდა, საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა ირგვლივ, ტაძრის კარებიც თავისით გაიღო მის წინაშე. მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლით წმიდა მამამ ნათელხილვის მადლი მიიღო: იგი ცხადად ჭვრეტდა ძმათა აზრებს, საკუთარი აღსასრულის მოახლოებაც წინასწარ ეუწყა. ბოლოს ღირსმა კონსტანტინემ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. |