მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოციქული პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე
#წმინდათა ცხოვრება იესუ ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ უფლის სიტყვა სწრაფად ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდებოდა. ქრისტიანული თემის ყოფითი მოთხოვნილებები უზრუნველყოფილი იყო, რადგან ვისაც სახლები, ან დაბები გააჩნდა, ყიდდა მათ, სასყიდელს „დასდებდეს ფერხთა თანა მოციქულთასა“, ეს უკანასკნელნი კი უნაწილებდნენ „კაცად-კაცადსა, რაიცა ვის უხმდა“(საქმე მე-4, 33-35). სხვადასხვა ტომის ადამიანებს შორის, თანდათან უთანხმოება წარმოიშვა, ბერძენი ებრაელები ჩიოდნენ, რომ მათ ქვრივებს შესაწირავი მცირე რაოდენობით ეძლეოდათ. ამან მოციქულთა ყურამდეც მიაღწია. მათ არ ისურვეს ქადაგების დატევების ფასად ეტვირთათ ზრუნვა ქრისტიანული თემის სამეურნეო საქმეებზე, ამიტომ მოწაფეთაგან 7 კაცი გამოარჩიეს „საკმარსა ამას ზედა“ დასადგენად და დიაკვნებად დაასხეს ხელი. წმიდა სტეფანე „კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა“- მთავარდიაკვნად აკურთხეს. იერუსალიმში „სიტყუაი იგი ღმრთისაი აღორძინდებოდა“ და მოწაფეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, მრავალი ებრაელი მღვდელმსახურიც მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე. ამას სტეფანეც უწყობდა ხელს თავისი მადლმოსილი ქადაგებითა და სასწაულებით. გაღიზიანებულმა იუდეველებმა ცილი დასწამეს ნეტარს-ღმერთსა და მოსეს ჰგმობსო. ამ ბრალდებით წარსდგა სტეფანე სინედრიონისა წინაშე. პირი მისი იხილვებოდა, „ვითარცა პირი ანგელოზისაი“. სტეფანემ შემოკრებილებს ებრაელი ერის ისტორია მოუთხრო და ამხილა იუდეველები წინასწარმეტყველთა დევნასა და განკაცებული მესიის იესუ ქრისტეს მკვლელობაში. ქადაგების დროს წმიდანმა „ახედნა ცად და იხილა დიდებაი ღმრთისაი და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა“. წმიდანი ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვებით ჩაქოლეს. მოშორებით, ბორცვზე ღვთისმშობელი იდგა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად და ღმერთს ავედრებდა მოწამეს, სტეფანე კი მხურვალედ ლოცულობდა თავისი მტრებისათვის. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:“ უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“; „და ესე ვითარცა თქუა, დაიზინა“(საქმე 6-7). წმიდა სტეფანე მოწამეობრივად აღსრულებული პირველი ქრისტიანი იყო. იგი 30 წლისა მიიცვალა. მხეცთა საჯიჯგნად დაგდებული ნეტარის ცხედარი ცნობილმა სჯულისმოძღვარმა გამალიელმა და მისმა ძემ, აბიბოსმა ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს. მოგვიანებით ორივე მათგანმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. 415 წელს საღვთო ჩბენების შემდეგ აღმოყვანებულმ იქნა სტეფანე პირველმოწამის უხრწნელი ნაწილები, რომლებიც იერუსალიმში სიონის ტაძარში გადააბრძანეს. |