მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი თეოდორა კესარიელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი თეოდორა კესარიელი მე-8 საუკნეში ცხოვრობდა. წმიდანის მშობლები-პატრიციუსი თეოფილე და მისი მეუღლე თეოდორა დიდხანს უნაყოფონი იყვნენ. ამის გამო ძალიან წუხდნენ და უფალს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ შვილი შეეძინებოდათ, უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს, ზეცისა და ქვეყნის მეუფემ წყალობის თვალით გადმოხედა კეთილმსახურ ცოლ-ქმარს და უბოძა ასული, რომელსაც თეოდორა დაარქვეს. როცა ქალწული წამოიზარდა, დედამ იგი წმიდა ანას სავანეში მიიყვანა და იღუმენიას ჩააბარა აღსაზრდელად. ნეტარმა სწორედ აქ შეისწავლა საღვთო წერილი. ხატმბრძოლთა იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა(716-741) გადაწყვიტა, ქალწული თეოდორა თავისი ერთ-ერთი ახლობლისათვის მიეთხოვებინა. იგი საკუთარი ნების წინააღმდეგ კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს, სადაც უკვე ყველაფერი მზად იყო ქორწილისათვის. მაგრამ საქორწილო ნადიმის დროს სკვითები დაესხნენ თავს დედაქალაქს და მტერთან საბრძოლველად გაგზავნილი თეოდორას საქმრო პირველივე შეტაკებაში დაიღუპა. წმიდა დედამ ისარგებლა საყოველთაო არეულობით, ყველასათვის შეუმჩნევლად დაიმალა, ხომალდზე ავიდა და თავის სავანეს მიაშურა. როცა ნეტარს მეფის მოხელემ მოაკითხა, იგი უკვე მონაზვნად აღკვეცილი დახვდა. წმიდა თეოდორასთვის ამის შემდეგ არავის დაუძალებია მონასტრიდან წასვლა. მან მკაცრი მარხვის, ლოცვისა და ღამისთევის ღვაწლში გალია სიცოცხლის დარჩენილი წლები, სიკვდილამდე რკინის ჯაჭვებს ატარებდა. უფლის რჩეული მიიცვალა არა უგვიანეს 755 წლისა. |