მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი საბაია (საბიანა)
#წმინდათა ცხოვრება ღირსი საბაია (საბიანა), სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვარი. საქართველო ოდითგანვე ცნობილია ქალის სიწმიდით. საქრთველოს დედათა მონასტერში მოღვაწე ქალები საოცარი გულმოდგინებით გამოირჩეოდნენ: გამუდმებული ლოცვა, მარხვა, ხელსაქმე და ობოლთა აღზრდა იყო მათი ძირითადი მოვალეობა. მონაზონ დედათა სიწმიდეს და სიბრძნეს ანგარიშს უწევდნენ და მათ წინაშე ქედს იხრიდნენ მეფე-დედოფალნიც. განდეგილ დედებს აძლევდნენ აღსაზრდელად თავიანთ შვილებს საქართველოს თავად-აზნაურთა ცნობილი წარმომადგენლები. გიორგი მცირის ცნობით, როცა გიორგი მთაწმინდელის მშობლებმა თავიანთი პირმშო შვილის, თეკლას ღვთისადმი შეწირვა-მონაზვნად აღზრდა გადაწყვიტეს, იგი წმიდა საბაიას- „ღირს და წმიდა“ დედაკაცს მიჰგვარეს, რომელიც ამ დროს სამცხის ტაძრის დედათა მონასტერს წინამძღვრობდა. წმიდა საბაიამ „შეიწყნარა იგი, ვითარცა შვილი თვისი და „კეთილად აღზარდა“. შემდეგ ამ მონასტერში მიუყვანიათ 7 წლის გიორგი მთაწმინდელიც. იგი სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა წმიდა საბიანას მიერ კეთილად აღზრდილ საღმრთო „დედაკაცისა მისგან ღირსისა დისა თვისისა“. წმიდა საბაიას შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. „ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს“(მათე;12-33). წმიდა საბაიას ღვაწლი განცხადებულია მის წინამძღვრობისდროინდელი მონასტრის ცხოვრებასა და მის აღზრდილებში. |