მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი მელანია რომაელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მელანია რომაელი დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელების ოჯახში დაიბადა. სიყრმიდანვე საღვთო სიყვარულით აღვსილი ქალწული 14 წლის ასაკში მშობლებმა საკუთარი ნების წინააღმდეგ მიათხოვეს დიდგვაროვან ჭაბუკს, აპინიანეს. მელანიამ აუხსნა თავის გულისხმიერ მეუღლეს ქრისტიანული სარწმუნოების უმაღლესი სათნოებები და თან სთხოვა, ცოლ-ქმრობას ამოფარებული ფარულ ქალწულობაში გაეტარებინათ ეს წუთისოფელი. მეუღლემ მელანიას აღუთქვა: როცა ორი შვილი გვეყოლება, ერთად განვერიდოთ ამსოფელსო. მალე მელანიამ შვა ასულ. მელანიას მეორე მშობიარობა ნაადრევი და მძიმე აღმოჩნდა. დაიბადა ბიჭი, რომელიც ნათლისღებისთანავე გარდაიცვალა. ცოლის ტანჯვით გულშეძრული აპინიანე უფალს ევედრა, მელანიასთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა, თან აღთქმა დადო, რომ ცხოვრების დარჩენილ ნაწილს უდაბნოში გალევდა. მალე აპინიანეს და მელანიას ასულმა სული უფალს შეჰვედრა. ნეტარი მეუღლეების სურვილმა- ცხოვრება უფლისათვის მიეძღვნათ-მათი მშობლები აღუდგნენ წინ; მაგრამ როდესაც მელანიას მამა სასიკვდილოდ დასნეულდა, მან შენდობა ითხოვა და აკურთხა მათი არჩევანი. წმიდა მეუღლეებმა დატოვეს ქალაქი რომი და სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყეს-ღვთისმსახურებისათვის გადადეს თავი. ამ დროს აპინიანე 24 წლისა იყო, მელანია კი ოცის. ისინი სნეულებს ნახულობდნენ, უხვად განიკითხავდნენ გლახაკებს; მიმოდიოდნენ საპყრობილეებში, გადასახლების ადგილებს და ანთავისუფლებდნენ იმ უბედურებს, რომლებსაც აქ ვალების გამო ამუშავებდნენ. ნეტარმა მეუღლეებმა იტალიისა და ესპანეთის მამულები გაყიდეს და უხვად შეეწეოდნენ ბერმონაზვნებს, მონასტრებისათვის იძენდნენ მიწებს მესოპოტამიაში, სირიაში, ეგვიპტეში, ფინიკიასა და პალესტინაში. მათი სახსრებით მრავალი ტაძარი და საავადმყოფო აშენდა. როცა წმიდა ცოლ-ქმარმა სამშობლო დატოვა და აფრიკისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა, ზღვაზე საშინელი ქარიშხალი ატყდა. წმიდა მელანიამ დაამშვიდა ისინი და ურჩია, ყოვლის შემოქმედის ნებას მინდობოდნენ. ტალღებმა გემი ერთ კუნძულთან მიაგდო. კუნძულზე გაშენებულ ქალაქს ბარბაროსები შემორტყმოდნენ გარს და მის მკვიდრთაგან გამოსასყიდს ითხოვდნენ, მელანიამ და აპინიანემ საჭირო თანხა გაიღეს და ქალაქი და მისი მცხოვრებლები დაღუპვისაგან იხსნეს. აფრიკაში ჩასვლის შემდეგ მელანია წმიდა წიგნებს იწერდა და უქონლებს ურიგებდა. ნეტარმა საკუთარი ხელით შეიკერა ჯვალოს სამოსი და მას არასოდეს იხდიდა. აფრიკაში წმიდანებმა 7 წელი დაჰყვეს, შემდეგ კი, ყოველგვარი სიმდიდრე დაუტევეს და იერუსალიმში გაემგზავრნენ. იერუსალიმში მელანიამ და აპინიანემ დარჩენილი ოქროც გლახაკებს განუყვეს და უპოვრებასა და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს. ეგვიპტეში ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ, რომლის დროსაც მათ ბევრი მეუდაბნოე მამა მოინახულეს, მელანია ელეონის მთაზე მდებარე განმარტოებულ სენაკში გამოიკეტა და იშვიათად ხვდებოდა აპინიანეს. მელანიას ირგვლივ თანდათან 900-მდე ქალწულმა მოიყარა თავი. თავმდაბლობის გამო მელანიამ უარი თქვა სავანის იღუმენობაზე და უწინდებურად განმარტოებით ცხოვრობდა. მისი ძალისხმევით სავანეში აშენდა სამლოცველო და საკურთხეველი, სადაც წმიდა წინასწარმეტყველ ზაქარიას, სტეფანე პირველმოწამისა და 40 სებასტიელი მოწამის ნაწილები დააბრძანეს. ამ ხანებში წმიდა აპინიანემ სული უფალს შეჰვედრა. ნეტარმა მელანიამ ოთხი წელი გაატარა მის საფლავთან მარხვითა და ლოცვით. ამის შემდეგ წმიდა დედამ გადაწყვიტა, მთაზე, საიდანაც ამაღლდა ქრისტე, მამათა მონასტერი აეგო. უფალმა აკურთხა მისი განზრახვა და გამოაჩინა ქრისტესმოყვარე ადამიანი, რომელმაც უხვი შესაწირი გაიღო სავანის მოსაწყობად. მელანიამ მიიღო ეს თანხა და ერთ წელიწადში განასრულა ეს დიდი საქმე. ამის შემდეგ მელანიამ დატოვა იერუსალიმი და თავისი წარმართი ბიძის მოქცევის იმედით კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. კონსტანტინოპოლში ჩასულ წმიდანს ბიძა დასნეულებული დახვდა. მელანიას საუბრების გავლენით ამ უკანასკნელმა წარმართობა დაუტევა და ნათლისღებით განწმენდილი სული შეჰვედრა უფალს. იმ ხანებში დედაქალაქის მრავალ მკვიდრს აშფოთებდა ნესტორის ეროტიკული სწავლება. წმიდა მელანია სიხარულით ღებულობდა ყველა დაბნეულს, რომელიც დახმარებას ითხოვდა მისგან. ნეტარი დედის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა. თავის მონასტერში დაბრუნებულმა წმიდა მოსაგრემ აღსასრულის მოახლოება იგრძნო და ამის შესახებ ხუცესს და დებს აუწყა. ყველანი ძალიან დამწუხრდნენ და აცრემლებულებმა მოისმინეს ღვთის რჩეულის უკანასკნელი დარიგება. ბოლოს წმიდა მოსაგრემ ითხოვა, ელოცათ მისთვის, ეზიარა წმიდა საიდუმლოს და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 439 წელს. |