მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა თეოდოსი ანტიოქიელმა
#წმინდათა ცხოვრება წმიდა თეოდოსი ანტიოქიელმა სიყმაწვილეშივე დატოვა მდიდრული ოჯახი და მცირე სენაკში დასახლდა ქალაქ როსის მახლობლად. წმიდანს შიშველ მიწაზე ეძინა, ჯვალოს სამოსი ეცვა და თან მძიმე ბორკილებსაც ატარებდა. მას თმები ისე წამოეზარდა, რომ კოჭებამდე სცემდა. მარხვის და ლოცვის ღვაწლით ღირსმა თეოდოსიმ დათრგუნა ხორციელი ვნებები და გონება არაწმიდა ფიქრებისაგან განიწმინდა. თავის სამშობლოში მან დაარსა მონასტერი და სავანის ძმებში ფიზიკური შრომისა და სულიერი ღვაწლის სიყვარულს აღვივებდა, ღირსი მამა განსაკუთრებულ მზრუველობას იჩენდა მწირებისა და მიუსაფრების მიმართ. წმიდანმა შორს გაითქვა სახელი, მას ქრისტიანებიც იცნობდნენ და წარმართებიც. ზღვაოსნები განსაცდელის ჟამს შემწედ „თეოდოსის ღმერთს “უხმობდნენ. ზოგჯერ მისი სახელის უბრალო ხსენებაც კი ახშობდა აბობოქრებულ ტალღებს. თეოდოსიმ გადაწყვიტა, განრიდებოდა ადამიანურ დიდებას. სოფელ მარათონის მახლობლად დაიწყო განდეგილური ცხოვრება და მიიცვალა კიდეც მშვიდობით(დაახლ. 412). |