მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი იაკობ ნიზიბიელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი იაკობ ნიზიბიელი, გეფალელი(სომხეთი) მთავრის ძე იყო. მან კარგი განათლება მიიღო, მაგრამ ამქვეყნიურ მშფოთვარე ცხოვრებაში სულის მისადრეკი ადგილი ვერ ჰპოვა და ნიზიბიის მახლობლად, უდაბურ მთებში განმარტოვდა. აქ მან ფიცხელი ღვაწლი იტვირთა: მხოლოდ მცენარეებით იკვებებოდა, თხის ტყავი ემოსა, გაზაფხულს ზაფხულს და შემოდგომას ღია ცის ქვეშ ატარებდა, ზამთრობით კი გამოქვაბულს აფარებდა თავს; ამგვარი ღვაწლისთვის მას სასწაულქმედებისა და წინასწარმეტყველების ნიჭი მიემადლა. იაკობს სურდა მთელი ცხოვრება განდეგილობაში გაეტარებინა, მაგრამ, ღვთის ნებით, წარმართების მოსაქცევად და მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად სპარსეთს მიაშურა. ერთმა სპარსელმა მსაჯულმა უსამართლოდ დაადო მსჯავრი უდანაშაულო ადამიანს. წმიდანი დამწუხრდა და უსამართლობა რომ ემხილებინა, ნამსხვრევებად ქცევა უბრძანა მის მახლობლად მდებარე მოზრდილ ლოდს. მსაჯულმა შეცვალა განაჩენი. იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის(305-311) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ღირსმა იაკობმა სარწმუნოების მხნე აღსარებით გაითქვა სახელი. ნიზიბიის მცხოვრებლებმა კეთილმსახური ცხოვრებით და სასწაულებით გაბრწყინებული მამა თავიანთ ეპისკოპოსად აირჩიეს(დაახ.314წელს). მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ და ასეთ მაღალ ხარისხში აყვანილ წმიდანს არ შეუცვლია ცხოვრების წესი და კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი. მღველმთავარი იაკობი 325 წელს 1 მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა და ერთგულად იცავდა მართმადიდებლობას. მან ნიზიბიაში გახსნა სკოლა, სადაც თავად მასწავლებლობდა. მაღალი ზნეობით გაბრწყინებული წმიდანის სიტყვები ადვილად აღწევდა მსმენელის გულამდე. სომხეთის ეპისკოპოსმა გრიგოლმა ღირს იაკობს სთხოვა, წერილობით განემარტა სარწმუნოება. პასუხად წმიდა მამამ დაწერა 18 თავისგან შემდგარი თხზულება. მისი ნაწერები გამოირჩევა დამაჯერებლობით, აზრის სიცხადით და გულწრფელობით. ღირსი იაკობი მშვიდობით მიიცვალა 350 წლის 11 ივლისს. |