მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ირინარქი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ირინარქი როსტოვის მაზრის სოფელ კონდაკოვში დაიბადა გლეხის ოჯახში. ნათლობისას მას ილია დაარქვეს. ახალშობილი საოცარი სისწრაფით იზრდებოდა-12 კვირისა იყო, როცა სიარული დაიწყო. ილია სიყრმიდანვე ღვთისმოშიშებით გამოირჩეოდა, გართობა-მხიარულება არ იზიდავდა, უყვარდა საღვთო საუბრები, მშვიდი ჩუმი და ალერსიანი იყო. 6 წლის იყო, როცა წინასწარმეტყველურად უთხრა დედას:“როცა გავიზრდები ბერი გავხდები, რკინებს ვატარებ და ღვთისთვის ვიღვაწებ, ყველას მოძღვარი შევიქმნები“. წმიდანი 30 წლისა აღიკვეცა ბორისისა და გლების მონასტერში. რამდენიმე ხნის შემდეგ კი წმიდა ლაზარეს სავანეს მიაშურა და სამი წელი დაჰყო ერთ ვიწრო სენაკში, სადაც რკინის ჯაჭვით მიიბა თავი ხის ძელზე და კისერზეც მძიმე ჯაჭვები დაიდო. მონასტრის სიმშვიდისათვის, წინამძღვრის ბრძანებით, თავმდაბალმა ბერმა მორჩილად დატოვა იქაურობა. ერთი წლის შემდეგ სავანის იღუმენმა შეინანა თავისი საქციელი და ძმები ირინარქის მოსაყვანად გაგზავნა. წმიდანიც დაბრუნდა. ღირსმა მამამ კვლავ განაგრძო მძიმე ბორკილების ტარება, თან შრომასაც მიჰყო ხელი: გლახაკთათვის სამოსელს ამზადებდა, ღამით მხოლოდ ერთი ან ორი საათი ეძინა. უფალმა წმიდა მამას დაუცხრომელი ღვაწლისათვის სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: მას წინასწარ განეცხადა გარდაცვალების დღე, იხმო თავისი მოწაფეები, დამოძღვრა ისინი და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს 1616 წლის 13 იანვარ, დაბადებიდან 68 წელს. |