მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის,წმიდა ნინოს(ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლესი თანაშემწენი იყვნენ. ისინი წმიდა ნინოსთან ერთად უამრავ ჭირსა და დევნას იტანდნენ ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად. სალომე უჯარმელი მირიან მეფის(ხს.1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. პეროჟავრაც ქართლის ერისთავის მეუღლე გახლდათ. მათ დედოფლის პატივს „ტყვე ქალის“ მსახურება არჩიეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით. ღვთის განგებით წმიდა ნინო დაბა ბოდინში(ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც. დედოფლებს „გამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშორებისათვის მოძღვრისა მოღუაწისა და სნეულთა მკურნალისა“. მათ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ წმიდანს ჰკითხეს:“ვინაი ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა, მაუწყენ ჩუენ საქმეი შენი! რაისა იტყვ ტყვეობასა, ტყვეთა მხსნელო სანატრელო?“ სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის ცხოვრება. მათ ხსენებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს, წმიდა ნინოს ხსენების მეორე დღეს. |