მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
პავლე თებაიდელი
#წმინდათა ცხოვრება პავლე თებაიდელი ეგვიპტის ქალაქ თებაიდაში დაიბადა. მას შემდეგ რაც ყმაწვილს მშობლები გარდაეცვალა, ერთმა ვერცხლისმოყვარე ნათესავმა გადაწყვიტა, მიესაკუთრებინა მისი ქონება. სიხარბით გონებადაბინდულმა შევიწროვება დაუწყო ობოლს, , ბოლოს კი, იმპერატორ დეკიუსის(249-251) დროინდელი დევნისას, მან უსჯულოთა წინაშე დააბეზღა წმიდანი. როცა პავლემ ამ მზაკვრობის შესახებ შეიტყო, დატოვა ქალაქი და უდაბნოში გავიდა. ღირსი მამა მთის ძირში მდებარე ერთ-ერთ გამოქვაბულში დამკვიდრდა და აქ 91 წელი დაჰყო დაუდუმებელი ლოცვითა და მარხვით; მისი ერთადერთი საკვები იყო ფინიკები და პური, რომელსაც ყვავი უზიდავდა, სუსხისა და პაპანაქებისაგან მხოლოდ პალმის ფოთლების სამოსელი იცავდა. როცა წმიდანის აღსასრული მოახლოვდა, ღმერთმა ინება, რომ მის შესახებ ანტონი დიდისთვის(ხს.17 იანვარს) ეუწყებინა. ერთხელ ანტონის გონებაში გაურბინა ფიქრმა, რომ ალბათ არსად იპოვება სხვა მისი მსგავსი მეუდაბნოე, მაგრამ უეცრად ჩაესმა ხმა:“ანტონი, არის ღვთის მონა, რომელიც შენზე სრულყოფილია და აქ შენზე ადრე დასახლდა. შედი უდაბნოსა სიღრმეში და ჰპოვებ მას“. ნეტარი მეუდაბნოე მიჰყვა უფლის მოწოდებას და წმიდა პავლეს გამოქვაბულს მიადგა. წმიდა პავლე წინ გამოეგება სტუმარს. ბერებმა სახელებით მოიკითხეს და ეამბორნენ ერთმანეთს, შემდეგ კი დიდხანს საუბრობდნენ. ამ დროს ყვავი მოფრინდა და ორივეს პური მიართვა. ღირსმა პავლემ განუცხადა ანტონის,რომ მისი მიცვალების ჟამი მოახლოვდა და დაკრძალვა სთხოვა. ნეტარი მამა მუხლმოყრილი აღესრულა ლოცვის დროს. ანტონი ხედავდა, თუ როგორ მაღლდებოდა მისი სული ზეცად ანგელოზების, წინასცარმეტყველების და მოციქულების თანხლებით.უდაბნოდან გამოსულმა ორმა ლომმა წმიდანს თათებით გაუთხარა სამარე. წმიდა ანტონიმ მიწას მიაბარა უფლის სათნომყოფლის ცხედარი, თან წაიღო პალმის ფოთლებისაგან შემზადებული მისი სამოსელი და სავანეს დაუბრუნდა. ამ სამოსს ანტონი ინახავდა, როგორც უდიდეს სიწმიდეს და იცვამდა წელიწადში მხოლოდ ორჯერ-აღდგომას და სულთმოფენობას. ღირსი პავლე თებაიდელი გარდაიცვალა 341 წელს, 113 წლის ასაკში. ღირსი პავლე მართლმადიდებლური ბერმონაზვნობის მამად ითვლება. მე-12 საუკუნეში, იმპერატორ მანუელის(1143-1180) ბრძანებით, წმიდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს. შემდგომში ისინი ვენეციაში იქნა გადასვენებული, აქედან კი-უნგრეთში. ღირსი პავლეს პატიოსანი თავის ნაწილი რომშია დაცული. |