მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი მაკარი მეგვიპტელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მაკარი მეგვიპტელი დაიბადა ქვემო ეგვიპტის სოფელ პტინაფორში. მშობლების თხოვნით იგი დაქორწინდა, მაგრამ მალე დაქვრივდა. მეუღლის დასაფლავების შემდეგ წმიდანმა გაიფიქრა:“მომხდარი ყურად იღე მაკარი, და მხოლოდ საკუთარ სულზე იზრუნე, რადგან შენც მოგელის მიწიერი ცხოვრებიდან განსვლა“! ღმერთმა თავის რჩეულს ხანგრძლივი სიცოცხლე მიჰმადლა, მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული სიკვდილის ხსოვნა მუდამ თან ახლდა. მან მოუხშირა ტაძარში სიარულს, უფრო და უფრო უღრმავდებოდა წმიდა წერილს. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ ღირსმა მაკარიმ(მაკარი ბერძნულად ნეტარს ნიშნავს) მთელი ქონება მოწყალებად გასცა მათი სულების საოხად, შემდეგ კი მხურვალე ლოცვებით შესთხოვა უფალს, ღირსეული წინამძღვარი გამოეჩინა მისთვის ცხოვრების გზაზე. ღმერთმა მართლაც მიანიშნა ჭაბუკს ასეთ ადამიანზე-ეს იყო სოფლის მახლობლად, უდაბნოში მცხოვრები გამოცდილი ბერი, რომელმაც სიყვარულით მიიღო იგი, მღვიძარებაში, მარხვას და ლოცვაში განსწავლა იგი და ხელობაც მისცა- კალათების წვნა ასწავლა. შემდეგ მეუდაბნოემ იქვე სენაკი მოუწყო და შიგ დაამკვიდრა საყვარელი მოწაფე. ერთხელ პტინაფორში ადგილობრივი ეპისკოპოსი ჩავიდა და ღირსი მამის კეთილკრძალული ცხოვრების შესახებ შეიტყო, საკუთარი ნების წინააღმდეგ, სოფლის ეკლესიის ღვთისმსახურთა დასში დაადგინა იგი. მარტოობისა და მდუმარებისკენ მიდრეკილ მაკარის ძლიერ გაუჭირდა ერში მსახურება და ფარულად განერიდა იქაურობას. ადამიანთა მოდგმის მტერმა დაუცხრომელი ბრძოლა დაუწყო მოსაგრეს, ცდილობდა შეეშინებინა იგი, სენაკს ურყევდა, ცოდვილ ფიქრებს ახვევდა თავს. ნეტარი მამა ლოცვის ძალით იგერიებდა მზაკვრის თავდასხმებს. ბოროტმა ადამიანებმა წმიდანს ერთი ქალწულის ცდუნება დასწამეს. ღირსი მამა საოცარი მორჩილებით იტანდა განსაცდელს და კალათების გაყიდვით მიღებული ფულით უდრტვინველად არჩენდა ქალს. ღირსი მამის უცოდველობა მაშინ გამჟღავნდა, როცა მიდგომილის მშობიარობის ჟამმა მოაწია. მშობიარე იტანჯებოდა, ბავშვი კი არ იბადებოდა. მაშინ აღიარა მან, რომ ცილი დასწამა წმიდანს და თავისი ნამდვილი მაცდუნებელიც დაასახელა. მის მშობლებს თავზარი დაეცათ, ისინი ნეტარ მამასთან შენდობის სათხოვნელად აპირებდნენ მისვლას, მაგრამ ღირსი მაკარი განერიდა ამ ადგილებს და ნიტრიის მთაზე, ფარანის უდაბნოში გადასახლდა. აქ მან სამი წელი იცხოვრა, შემდეგ კი ეგვიპტური ბერმონაზვნობის მამას, ანტონი დიდს მიაშურა. წმიდანმა სიყვარულით მიიღო მოშურნე ბერი. იგი მალე მოძღვრის საყვარელი მოწაფე და მიმდევარი შეიქმნა. დიდი ხანი იცხოვრა მაკარიმ მისი ხელმძღვანელობით, შემდეგ კი, მისივე რჩევით, სკიტის უდაბნოში დამკვიდრდა(ეგვიპტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში). 30 წლის ასაკს მიახლოებული მოღვაწე უკვე ისეთი გამოცდილი და ახოვანი მოსაგრე იყო და ისე ბრწყინავდა თავისი ღვაწლით, რომ „მხცოვანი ჭაბუკი“ შეარქვეს. დემონების მრავალი თავდასხმა გამოსცადა ღირსმა მაკარიმ საკუთარ თავზე: ერთხელ, როცა უდაბნოდან პალმის რტოები მოჰქონდა კალათების საწნავად, ეშმაკი აღუდგა წინ. ბოროტს უნდოდა ნამგალი ჩაერტყა მისთვის, მაგრამ ვერ შესძლო და ესღა უთხრა:“მაკარი, საშინლად ვიტანჯები იმის გამო, რომ ვერ გერევი. იარაღი რომლითაც მიგერიებ, შენი თავმდაბლობაა“. როცა წმიდანს 40 წელი შეუსრულდა, მღვდლად აკურთხეს და სკიტის უდაბნოში მცხოვრები ბერების წინამძღვრად დაადგინეს. ამ ხანებში ღირსი მაკარი ხშირად ხვდებოდა ანტონი დიდს და სულიერ დამოძღვრას ღებულობდა მისგან. ღირსმა მაკარიმ მრავალი კურნება აღასრულა. ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ რჩევა-დარიგებისა და ლოცვა-კურთხევის მსურველნი. ეს ყველაფერი არღვევდა წმიდანის მყუდროებას, ამიტომ მან თავისი სენაკის ქვეშ ღრმა გამოქვაბული გამოთხარა და იქ განმარტოვდა ლოცვისა და ღვთის განგებულებაზე ფიქრისათვის. ღირსმა მაკარიმ ისეთი კადნიერება მოიპოვა უფლის წინაშე, რომ მისი ლოცვებით უამრავი სასწაული აღესრულებოდა. ერთხელ წმიდა მამას სენაკში ქურდი დაუხვდა. წმიდანი მშვიდად დაეხმარა მას ვირზე ტვირთის დაკვრაში და არც დაიმჩნია, რომ ამ ნივთების პატრონი თვითონ იყო. მზარცველის წასვლის შემდეგ კი გაიფიქრა:“ამქვეყნად ჩვენ არაფერი მოგვიტანია, ბუნებრივია, რომ ვერც ვერაფერს გავიტანთ აქედან. კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე“! ერთხელ ღირსმა მაკარიმ უდაბნოში ადამიანის თავის ქალა იპოვა და ჰკითხა:’ვინა ხარ შენ?“. ქალამ უპასუხა:“მე ყოფილი მთავარი ქურუმი ვარ. როცა შენ ჯოჯოხეთშ მყოფთათვის ლოცულობ, თანჯვა ოდნავ გვიმსუბუქდება“. ღირსმა ჰკითხა:“როგორია იქაური სატანჯველები?“ „ჩვენ საშინელ ცეცხლში ვიწვით,-უპასუხა ქალამ,-და ერთმანეთს ვერ ვხედავთ. როცა შენ ლოცულობ, ბუნდოვნად ვხედავთ ერთმანეთს და ეს ოდნავ გვამშვიდებს“. აცრემლებულმა მაკარიმ იკითხა:“არსებობს უარესი სატანჯველებიც?“. ქალამ მიუგო;“ქვევით, ჩვენზე უფრო ღრმად, ისინი იმყოფებიან, ვინც ღმერთი შეიცნო, მაგრამ განუდგა მას და არ დაიცვა მისი მცნებები. ისინი უფრო საშინლად ეწამებიან“. ერთხელ, ლოცვის დროს, ნეტარ მამას ჩაესმა:“მაკარი, შენ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია ისეთი სრულყოფილებისათვის, რომელსაც სოფელში მცხოვრებმა ორმა ქალმა მიაღწია“. თავმდაბალმა მოსაგრემ აიღო კვერთხი, წავიდა ქალაქში, იპოვა სახლი, სადაც ქალები ცხოვრობდნენ და კარზე დააკაკუნა. კეთილმსახურმა დასახლისებმა სიხარულით მიირეს იგი. ღირსმა მამამ უთხრა:“შორეული უდაბნოდან თქვენს გამო მოვედი, მინდა შევიტყო თქვენი კეთილი საქმეების შესახებ, მომითხრეთ ყველაფერი, ნურაფერს დამიმალავთ“. გაოცეულმა ქალებმა უპასუხეს:“ჩვენ ქმრებთან ერთად ვცხოვრობთ და არანაირი სათნოებები არ გაგვაჩნია“, მაგრამ წმიდანმა დაიჟინა და მასპინძლებმაც დაიწყეს:“ჩვენ ღვიძლი ძმების მეუღლეები ვართ. ერთად ცხოვრების მანძილზე არც ერთი ავი და საწყენი სიტყვა არ გვითქვამს, არც არასდროს გვიჩხუბია, ქმრებს ვთხოვეთ, მონასტერში გავეშვით, მაგრამ არ დაგვთანხმდნენ. მას აქეთ აღთქმა დავდეთ, სიკვდილამდე ერთი ამაო სიტყვაც არ წარმოგვეთქვა“. წმიდა მოსაგრემ ადიდა ღმერთი და თქვა:“ ჭეშმარიტად უფალი არ ეძებს ქალწულს, ბერს თუ ერისკაცს, ის ადამიანის თავისუფალ ნებას აფასებს და საცხოვნებელ გზაზე დამდგართ სულიწმიდის მადლით წინამძღვრობს.“ ირანელი იმპერატორის, ვალენტის(364-378) ზეობისას მწვალებელი ეპისკოპოსი ლუკა დევნიდა მაკარი დიდსა და ღირს მაკარი ალექსანდრიელს. ორივე ბერი შეიპყრეს, ხომალდზე დასვეს და წარმართებით დასახლებულ ერთ უდაბურ კუნძულზე გადაასახლეს. აქ წმიდანების ლოცვაით ქურუმის ასული განიკურნა, რის შემდეგ თავად ქურუმი და კუნძულის მცხოვრებლებიც მოინათლნენ. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, ირანელი ეპისკოპოსი სირცხვილმა შეიპყრო და ბერები თავიანთ უდაბნოში დააბრუნა. ღირსი მამის თავმდაბლობა და სიმშვიდე გარდაქმნიდა ადამიანთა სულებს.“ავი სიტყვა,-ამბობდა ამბა მაკარი,- კეთილებსაც აბოროტებს, კეთილი სიტყვა კი ბოროტებსაც სიკეთისკენ მოაქცევს“. ბერების შეკითხვაზე, როგორ უნდა ვილოცოთო, ღირსი მამა პასუხობდა:“ლოცვაში მრავალსიტყვაობა არ არის საჭირო, საკმარისია ვითხოვოთ“იყავნ ნება შენი უფალო!“ თუ მტერი გვესხმის თავს,უნდაწარმოვთქვათ:“უფალო შეგვიწყალენ!“ღმერთმა უწყის თუ რა არის ჩვენთვის უმჯობესი და მოგვხედავს წყალობის თვალით!“ როცა ძმებმა ჰკითხეს:“როგორ უნდა გავხდეთ ბერები?“ ღირსმა მამამ მიუგო:“მომიტევეთ, მე ცუდი მონაზონი ვარ, მაგრამ მინახავს უდაბნოს სიღრმეში მოღვაწე მარტომყოფები და როცა მათთვის ამგვარივე შეკითხვა დამისვამს, პასუხად მიმიღია:“თუ ადამიანმა უარი არ განაცხადა ყველაფერ ამქვეყნიურზე, ის ვერასდროს გახდება ბერი“. მე ვუთხარი:“უძლური ვარ და არ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორც თქვენა ხართ“. –„მაშინ სენაკში დაჯექი და მწუხარებას მიეცი შენი ცოდვების გამო“. ერთ ბერს ღირსმა მაკარიმ ურჩია:“გაიქეცი ადამიანებისაგან და ცხონდები!“მან ჰკითხა-რას ნიშნავს ადამიანებისგან გაქცევა?, ღირსმა მამამ უპაუხა:“იჯექი სენაკში და იფიქრე საკუთარ ცოდვებზე“. წმიდა მაკარი ამბობდა:თუ ცხონება გსურს, მიემსგავსე მიცვალებულს, რომელიც არ მრისხანებს, როცა შეურაცხოფენ და არც ამაყდება როცა აქებენ“. მასვე უთქვამს:“თუ ლანძღვას ქებად მიიჩნევ, სიღარიბეს-სიმდიდრედ, უკმარისობას-სიუხვედ, არ წარწყმდები, რადგან შეუძლებელია, რომ მართლმორწმუნე და კეთილმსახურებით მოღვაწე ბილწ ვნებებსა და დემონურ ხიბლებში ჩავარდეს“. ღირსი მაკარის ლოცვას ბევრი განუმტკიცებია განსაცდელში, ბევრისთვის აურიდებია უბედურება და საცდური. ღირსმა მამამ 97 წელი იცხოვრა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან გამოცხადებით იხილა ღირსი მამები-ანტონი და პახუმი, რომელთაც ახარეს, რომ მალე ცათა სასუფევლის ნეტარებას დაიმკვიდრებდა. მაკარიმ უკანასკნელად დამოძღვრა თავისი მოწაფეები, ყველას გამოეთხოვა და სიტყვებით<“ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა“, მიიძინა საუკუნო ძილით. ამბა მაკარიმ თავისი უხვი სულიერი გამოცდილება საღვთისმეტყველო შრომებში გაგვიზიარა. ღირსი მაკარის ლოცვები საყოველთაოდ გამოყენებულბი დილა-საღამოს ლოცვით კანონებშია ჩართული. |