მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი მაკარი ალექსანდრიელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მაკარი ალექსანდრიელი ღირსი მაკარი მეგვიპტელის(ხს. 19 იანვარს) თანამედროვე და მისი მეგობარი იყო. წმიდანი 295 წელს დაიბადა, 40 წლამდე ვაჭრობას მისდევდა, შემდეგ კი მოინათლა და უდაბნოში განმარტოვდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს და ეგვიპტის უდაბნოს ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. მაკარი ალექსანდრიელი საოცარი მოურნოებით გამოირჩეოდა. როცა გაიგებდა ამა თუ იმ მღვდლის გამორჩეული ღვაწლის შესახებ, ცდილობდა მიებაძა მისთვის. ერთხელ ღირს მაკარს ყურძნის მტევანი მიართვეს. მას ძალიან მოუნდა შეეჭამა იგი, მაგრამ თავი შეიკავა და ხილი ერთ უძლურ მონაზონს გაუგზავნა. ეს მონაზონიც, თავის მხრივ, მოერია გემოთმოყვარეობას და ყურძენი მეორეს გადასცა, მეორემ-მესამეს... ბოლოს მტევანმა ისევ მაკარიმდე მიაღწია. წმიდა მამა გააკვირვა მამების თავშეკავებამ და მადლობა შესწირა უფალს. ერთხელ წმიდანს დაეუფლა ამპარტავნული აზრი, რომ რომში წასულიყო სნეულთა საკურნებლად. ახოვანმა მოსაგრემ ტომარა ქვიშით გატენა, ზურგზე მოიგდო და მანამ დადიოდა ტვირთით უდაბნოში, სანამ სხეული სრულიად არ გათანგა და მაცდური სურვილიც არ გაუქრა. ხანგრძლივი და დაუცხრომელი ღვაწლისთვის ღმერთმა მაკარის სასწაულქმედების და ადამიანთა ფარული აზრების განჭვრეტის ნიჭი მიმადლა და მრავალი საოცარი ჩვენების ხილვის ღირსიც გახადა. წმიდა მამა გარდაიცვალა 100 წლის ასაკში. |