მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, სრულყოფილად დაეუფლა საღვთისმეტყველო დიალექტიკას. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით,იმპერატორ ჰერაკლეს(610-641) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის მსახურება ამძიმებდა მას,ამიტომ ქრისოპოლისის სავანეს (ბოსფორის მოპირდაპირე მხარეზე) მიაშურა და ბერად აღიკვეცა. კეთილკრძალული მოღვაწეობით წმიდანმა საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა და მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა. თუნცა ამ ხარისხშიც იგი, თავისივე სიტყვებით,“უბრალო ბერად რჩებოდა“ საოცარი თავმდაბლობის გამო. 633 წელს ღვთისმეტყველის, შემდგომში იერუსალიმის პატრიარქის, სოფრონის(ხს. 11 მარტს) თხოვნით მაქსიმემ დატოვა სავანე და ალექსანდრიაში გაემგზავრა. იმ ხანებში წმიდა სოფრომმა სახელი გაითქვა მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით. მას შემდეგ რაც მე-4 მსოფლიო კრებამ(451წ.) დაგო მონოფიზიტობა, რომელიც იესო ქრისტეში მხოლოდ ერთ(ღვთაებრივ) ბუნებას აღიარებდა, მონოთელიტებმა შემოიტანეს სწავლება ერთი ღვთაებრივი ნებისა და ერთი(ღვთაებრივი) ქმედების შესახებ, რასაც უარყოფილი მონოფიზიტური ცრუსწავლების აღიარებამდე მივყავდით. მართლმადიდებლობის ბრძოლას მწვალებლურ სწავლებებთან აძნელებდა ის გარემოება, რომ აღმოსავლეთის სამი საპატრიარქო ტახტი მონოფიზიტთა ხელში აღმოჩნდა: კონსტანტინოპოლის ეკლესიას სერგი განაგებდა, ანტიოქიისას-ათანასე, ალექსანდრიისას კი-კვიროსი. კონსტანტინოპოლიდან ალექსანდრიაში მიმავალ ღირს მაქსიმეს გზად კრეტაზე უნდა გაევლო. სწორედ აქ დაიწყო მისი მქადაგებლური მოღვაწეობა. ალექსანდრიაში და მის მახლობლად ღირსმა მამამ 6 წელი დაჰყო. მაქსიმე აღმსარებელი მხურვალედ იცავდა მართლმადიდებლობას და მის ქადაგებებს, დიდი წარმატება ჰქონდა სხვადასხვა წოდებისა და ფენის ადამიანებს შორის. 638 წელს გარდაიცვალა პატრიარქი სერგი, 641 წელს კი-იმპერატორი ჰერაკლე. ქვეყანაში გამეფდა სასტიკი და მრისხანე კონსტანციუსი(642-648), მონოთელიტთა მომხრე. ღირსმა მაქსიმემ კართაგენს მიაშურა და ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ 5 წელი იქადაგა. 647 წელს მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წლის ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და აღმოსავლეთის 37 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის -მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა. როცა კონსტანციუს მე-2 კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა შეეპყროთ პაპი მარტინი და ღირსი მაქსიმე. ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში გადაიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად:სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. წმიდანი ქალაქ ცაგერში დაკრძალეს, მის საფლავზე ღამ-ღამობით 3 ლამპარი ინთებოდა და მრავალი კუნება აღესრულებოდა. |