მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი მაქსიმე ბერძენი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მაქსიმე ბერძენი, მდიდარი და წარჩინებული ბერძენის ვაჟი, ალბანეთის ქალაქ არტში დაიბადა. სიყმაწვილეში მან ბევრი იმოგზაურა, ბევრ ენას დაეუფლა, მრავალ მეცნიერებას გაეცნო, ბოლოს კი ათონის მთას მიაშურა და ვათოპედის სავანეში ბერად აღიკვეცა. ამ დროს მოსკოვის დიდმა მთავარმა ვასილ ივანეს ძემ(1505-1533) ისურვა, თავისი დედის, სოფია პალეოლოგოსის ბერძნულ ხელნაწერებსა და წიგნებში გარკვეულიყო და კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიმართა თხოვნით, მისთვის სწავლული ბერძენი გამოეგზავნა. პატრიარქმა ასეთ ბერად მაქსიმე ჩათვალა. მოსკოვში ჩასულ წმიდანს დაევალა, სლავურად ეთარგმნა ფსალმუნებისა და „საქმე მოციქულთა“ განმარტება. აგრეთვე რამდენიმე საღვთისმსახურო წიგნი. ღირსი მაქსიმე გულმოდგინედ შეუდგა მუშაობას, მაგრამ იმის გამო, რომ სლავური მისი მშობლიური ენა არ იყო, ბუნებრივია თარგმნის პროცესში უზუსტობები ეპარებოდა. მოსკოველი მიტროპოლიტი ბარლაამი დიდად აფასებდა ღირსი მაქსიმეს შრომებს, მაგრამ მისი მემკვიდრის, დანიელის დროს მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. ახალმა მიტროპოლიტმა მოითხოვა, რომ წმიდა ბერს სლავურად ეთარგმნა თეოდორიტეს „საეკლესიო ისტორია“. მაქსიმემ უარი განაცხადა,რადგან ამ თხზულებაში მწვალებელი არიოზის ნაწერები იყო ჩართული. ამ ურჩობამ უთანხმოება ჩამოაგდო ღირს მამასა და მიტროპოლიტს შორის. მიუხედავად ამისა, წმიდანი განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. როცა დიდი მთავარი მეუღლესთან, სოლომონიასთან განშორებას აპირებდა მისი უნაყოფობის გამო, წმიდა მაქსიმემ ამხილა იგი და ამისთვის ღირსი მამა საპყრობილეში ჩააგდეს. ამ დროიდან მოყოლებული, დაიწყო სატანჯველით სავსე ეტაპი მისი ცხოვრებისა: თარგმანებში დაშვებული უზუსტობები წმიდანს შეგნებულ წიგნების დამახინჯებად ჩაუთვალეს. უჭირდა წმიდანს, მაგრამ ღვთის მოწყალებაც არ აკლდებოდა. მას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:“იყუჩე ბერო! ამ სატანჯველებით საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებ“. 6 წლის შემდეგ ღირსი მაქსიმე საპყრობილედან გაათავისუფლეს, საეკლესიო სასჯელი დაადეს და ტვერში გაგზავნეს, სადაც გულთბილი და მოსიყვარულე ეპისკოპოსის, აკაკის ზედამხედველობით იცხოვრა ოცი წლის განმავლობაში. სიცოცხლის უკანასკნელი წლები 70-ს გადაცილებულმა წმიდანმა წმიდა სერგის სამების ლავრაში გაატარა. დევნამ და მძიმე ღვაწლმა მოტეხა მისი ჯანმრთელობა, სულით კი კვლავინდებურად უდრეკი დარჩა. ცხოვრების მიმწუხრზე იგი თავის მოწაფესთან, ნილოსთან ერთად ფსალმუნების თარგმნაზე მუშაობდა. ღირსი მაქსიმე ბერძენი გარდაიცვალა 1556 წლის 21 იანვარს. დაკრძალულია სერგის სამების ლავრაში. |